არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 21

ღვთის სამეფო მოსპობს თავის მტრებს

ღვთის სამეფო მოსპობს თავის მტრებს

ამ თავიდან შევიტყობთ:

რა მოვლენები უძღვის წინ არმაგედონის ომს

1, 2. ა) რა არის იმის უტყუარი ნიშანი, რომ ჩვენი მეფე 1914 წლიდან მეფობს? ბ) რას განვიხილავთ ამ თავში?

 ჩვენ რწმენა განგვიმტკიცა იმის განხილვამ, თუ რას მიაღწია ღვთის სამეფომ „მტრებს შორის“ (ფსალმ. 110:2). ჩვენმა მეფემ მზადყოფნის სულისკვეთებით გამსჭვალულ მქადაგებელთა ლაშქარი გამოიყვანა. მან სულიერად და ზნეობრივად განწმინდა და დახვეწა თავისი მიმდევრები. სამეფოს მტრების მხრიდან ჩვენი დაქსაქსვის მცდელობის მიუხედავად, ჩვენ მთელ მსოფლიოში ერთიანობას ვინარჩუნებთ. სამეფოს ეს და სხვა მრავალი მიღწევა იმის უტყუარი ნიშანია, რომ ჩვენი მეფე 1914 წლიდან სამეფოს მტრებს შორის მეფობს.

2 უახლოეს მომავალში სამეფო კიდევ უფრო გაგვაოცებს. ის მოვა, რათა დააქციოს და ბოლო მოუღოს თავის მტრებს (მათ. 6:10; დან. 2:44). მაგრამ მანამდე სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები უნდა მოხდეს. ეს მოვლენები რამდენიმე ბიბლიურ წინასწარმეტყველებაშია მოხსენიებული. მიმოვიხილოთ ზოგიერთი მათგანი და ვნახოთ, რა გველოდება წინ.

„მოულოდნელი განადგურების“ მაუწყებელი მოვლენები

3. რა იქნება იეჰოვას დღის დაწყების მომასწავებელი მოვლენა?

3 მშვიდობის საჯაროდ გამოცხადება. თესალონიკელებისთვის მიწერილ წერილში პავლე მოციქული საუბრობს პირველ მოსალოდნელ ნიშანზე (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:2, 3). ის მოიხსენიებს „იეჰოვას დღეს“, რომელიც „დიდ ბაბილონზე“ თავდასხმით დაიწყება (გამოცხ. 17:5). მაგრამ იეჰოვას დღის დაწყებამდე ერები „მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ უნდა ალაპარაკდნენ. ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრავალჯერადი მნიშვნელოვანი განაცხადი მშვიდობის დამყარებაზე. რა პოზიციას დაიკავებენ რელიგიური ლიდერები ამ დროს? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ისინი ქვეყნიერების ნაწილი არიან, სავარაუდოდ, ისინიც შეუერთდებიან ერებს და იტყვიან „მშვიდობააო!“ (იერ. 6:14; 23:16, 17; გამოცხ. 17:1, 2). მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ განცხადება იეჰოვას დღის დაწყების მომასწავებელი იქნება, რასაც ღვთის სამეფოს მტრები „თავს ვერ დააღწევენ“.

4. რას გვარგებს მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ წინასწარმეტყველების მნიშვნელობის ცოდნა?

4 რას გვარგებს ამ წინასწარმეტყველების მნიშვნელობის ცოდნა? პავლე წერდა: „თქვენ კი, ძმებო, სიბნელეში არა ხართ, რომ იმ დღემ მოგისწროთ, როგორც ქურდებს“ (1 თეს. 5:3, 4). უმრავლესობისგან განსხვავებით, ჩვენ კარგად გვესმის საით მივყავართ მიმდინარე მოვლენებს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შესრულდება უფრო ზუსტად და კონკრეტულად მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ წინასწარმეტყველება, ჩვენთვის უცნობია. ჩვენ უნდა დაველოდოთ მსოფლიო მოვლენების განვითარებას. ამიტომ უნდა „გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“ (1 თეს. 5:6; სოფ. 3:8).

დიდი გასაჭირის დაწყება

5. რით დაიწყება „დიდი გასაჭირი“?

5 შეტევა რელიგიაზე. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ პავლეს წინასწარმეტყველება: „როცა ილაპარაკებენ, მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელი განადგურება“. როგორც ელვას მოჰყვება ქუხილი, ისე მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ განაცხადს მოჰყვება „მოულოდნელი განადგურება“. ისმის კითხვა: რა უნდა განადგურდეს? პირველ რიგში, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელი „დიდი ბაბილონი“, ეგრეთ წოდებული მეძავი (გამოცხ. 17:5, 6, 15). ქრისტიანული სამყაროსა და სხვა ცრურელიგიური ორგანიზაციების განადგურება „დიდი გასაჭირის“ პირველ ეტაპზე მოხდება (მათ. 24:21; 2 თეს. 2:8). ბევრისთვის ეს მოვლენა მოულოდნელი იქნება. რატომ? „მეძავს“ ბოლო წუთამდე ეგონება, რომ დედოფლად ზის და გლოვას არასოდეს იხილავს, მაგრამ მალე მიხვდება, რომ თავი ნაადრევად დაიარხეინა. მისი მზე მოულოდნელად, „ერთ დღეში“ ჩაესვენება (გამოცხ. 18:7, 8).

6. ვინ განახორციელებს შეტევას „დიდ ბაბილონზე“?

6 ვინ განახორციელებს შეტევას „დიდ ბაბილონზე“? ეს იქნება „ათრქიანი ალისფერი მხეცი“. წიგნი „გამოცხადება“ იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს, რომ ეს მხეცი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაა (გაერო). ათი რქა განასახიერებს ამჟამინდელ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მხარს უჭერენ ალისფერ მხეცს (გამოცხ. 17:3, 5, 11, 12). რამდენად ძლიერი იქნება მხეცის თავდასხმა? გაეროს წევრი ქვეყნები დაიტაცებენ „მეძავის“ ქონებას, „მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ“ (წაიკითხეთ გამოცხადების 17:16). a

7. როგორ შესრულდა მათეს 24:21, 22-ში ჩაწერილი იესოს წინასწარმეტყველება პირველ საუკუნეში და როგორ შესრულდება ის მომავალში?

7 იმ დღეების შემოკლება. ჩვენმა მეფემ გაგვიმხილა, რა მოხდება დიდი გასაჭირის პირველ ეტაპზე. მან თქვა: „რჩეულთა გულისთვის შემოკლდება ის დღეები“ (წაიკითხეთ მათეს 24:21, 22). ეს წინასწარმეტყველება მცირე მასშტაბით ახ. წ. 66 წელს შესრულდა, როცა იეჰოვამ იერუსალიმზე რომაელთა თავდასხმის დრო შეამოკლა (მარ. 13:20). ამან იერუსალიმსა და იუდეაში მყოფ ქრისტიანებს გადარჩენის შანსი მისცა. როგორ შესრულდება ეს წინასწარმეტყველება ფართო მასშტაბით დიდი გასაჭირის დროს? ჩვენი მეფის მეშვეობით იეჰოვა „შეამოკლებს“ გაერთიანებული ერების თავდასხმას რელიგიაზე, რათა ცრუ რელიგიასთან ერთად ჭეშმარიტი რელიგიაც არ განადგურდეს. ასე რომ, ყველა ცრურელიგიური ორგანიზაცია განადგურდება, ჭეშმარიტი რელიგია კი — არა (ფსალმ. 96:5). ახლა განვიხილოთ, რა მოხდება დიდი გასაჭირის ამ ეტაპის შემდეგ.

არმაგედონამდე მოსახდენი მოვლენები

8, 9. რა იგულისხმა იესომ ციურ მოვლენებში და რა რეაქცია ექნება ხალხს დანახულზე?

8 ბოლო დღეებთან დაკავშირებული იესოს წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, რომ არმაგედონის ომამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენაა მოსახდენი. ამათგან პირველი ორი მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებებშია ნახსენები (წაიკითხეთ მათეს 24:29—31; მარ. 13:23—27; ლუკ. 21:25—28).

9 ციური მოვლენები. იესომ იწინასწარმეტყველა: „მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გაანათებს, ციდან ვარსკვლავები ჩამოცვივა“. ცხადია, რელიგიური ლიდერები ვეღარ „გაუნათებენ გზას“ თავიანთ მრევლს, მათ რჩევას აღარავინ სთხოვს. არ არის გამორიცხული, რომ ამ მუხლში იესოს ზებუნებრივი ციური მოვლენებიც ეგულისხმა (ეს. 13:9—11; იოელ. 2:1, 30, 31). რა რეაქცია ექნება ხალხს ამაზე? ისინი გაიტანჯებიან, რადგან „არ ეცოდინებათ გამოსავალი“ (ლუკ. 21:25; სოფ. 1:17). ღვთის სამეფოს ყველა მტერს — „მეფესა თუ მონას“ — „გული წაუვა შიშით და იმის მოლოდინით, რა დაატყდება თავს მსოფლიოს“. ისინი თავშესაფარს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ამაოდ, რადგან ვერ გაექცევიან ჩვენი მეფის რისხვას (ლუკ. 21:26; 23:30; გამოცხ. 6:15—17).

10. რა განაჩენს გააცხადებს იესო და როგორ შეხვდებიან ამ განაჩენს სამეფოს მხარდამჭერები და მისი მტრები?

10 განაჩენის გაცხადება. ღვთის სამეფოს მტრები ისეთი მოვლენის მომსწრენი გახდებიან, რაც მათ ტანჯვას კიდევ უფრო გაუსაძლისს გახდის. იესომ თქვა: „იხილავენ ღრუბლებში მომავალ კაცის ძეს დიდი ძლიერებითა და დიდებით“ (მარ. 13:26). ეს იქნება იესოს ზებუნებრივი ძალის გამოვლინება და ნიშანი იმისა, რომ ის განაჩენის გასაცხადებლადაა მოსული. მათეს სახარებიდან, კერძოდ, ცხვრებისა და თხების შესახებ იგავიდან, ამ განაჩენის შესახებ დამატებით დეტალებს ვიგებთ (წაიკითხეთ მათეს 25:31—33, 46). ღვთის სამეფოს ერთგული მხარდამჭერები ცხვრებად ჩაითვლებიან და თავებს ასწევენ, რადგან ეცოდინებათ, რომ ახლოვდება მათი ხსნა (ლუკ. 21:28), სამეფოს მტრები კი თხებად ჩაითვლებიან და მწუხარებისგან მკერდში დაიწყებენ ცემას, რადგან მიხვდებიან, რომ „მარადიულად მოიკვეთებიან“ (მათ. 24:30; გამოცხ. 1:7).

11. რა უნდა გავითვალისწინოთ მომავალ მოვლენებთან დაკავშირებით?

11 ხალხებისთვის განაჩენის გამოტანის შემდეგ, არმაგედონის დაწყებამდე კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენაა მოსახდენი (მათ. 25:32). ამ მოვლენებიდან მხოლოდ ორს განვიხილავთ: გოგის თავდასხმასა და ცხებულების შეკრებას. აქვე გავითვალისწინოთ, რომ ღვთის სიტყვა არ გვიმხელს მათი მოხდენის ზუსტ დროს. სავსებით შესაძლებელია, რომ ორივე მოვლენა თანადროულად მოხდეს.

12. რას მოიმოქმედებს სატანა სამეფოს წინააღმდეგ?

12 ფართომასშტაბიანი შეტევა. გოგი მაგოგის მიწიდან იერიშს მიიტანს დედამიწაზე დარჩენილ ცხებულებსა და მათ თანამსახურ სხვა ცხვარზე (წაიკითხეთ ეზეკიელის 38:2, 11). სამეფოს წინააღმდეგ მიმართული ეს შეტევა სატანის ბოლო გაბრძოლება იქნება იმ ომში, რომელიც მას დედამიწაზე გადმოგდების შემდეგ ცხებულების წინააღმდეგ აქვს გაჩაღებული (გამოცხ. 12:7—9, 17). სატანა ცხებულების სულიერ განადგურებას განსაკუთრებით მას შემდეგ ცდილობს, რაც აღდგენილ ქრისტიანულ კრებაში მათი შეგროვება დაიწყო, თუმცა ამაოდ (მათ. 13:30). როცა ყველა ცრურელიგიური ორგანიზაცია მოისპობა და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნება, რომ ღვთის ხალხი უგალავნოდ, ურდულებისა და კარების გარეშე ცხოვრობს, სატანაც დროს იხელთებს და თავის ბოროტ თანამზრახველებს სამეფოს მხარდამჭერთა წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევის განსახორციელებლად შეაგულიანებს.

13. როგორ დაიცავს იეჰოვა თავის ხალხს?

13 ეზეკიელი შემდგომ მოვლენებსაც აღგვიწერს. გოგის შესახებ წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „გამოხვალ შენი ადგილიდან, ჩრდილოეთის კიდეებიდან, ცხენებზე ამხედრებულ მრავალ ხალხთან ერთად — დიდ კრებულთან, დიდძალ ჯართან ერთად. ღრუბელივით გამოხვალ ჩემი ხალხის, ისრაელის წინააღმდეგ, რათა დაფარო მიწა“ (ეზეკ. 38:15, 16). რას გააკეთებს იეჰოვა ამ ერთი შეხედვით უძლეველი ჯარის შესაჩერებლად? „რისხვა აღიგზნება ჩემს ნესტოებში, — ამბობს იეჰოვა. — მახვილს მოვუხმობ“ (ეზეკ. 38:18, 21; წაიკითხეთ ზაქარიას 2:8). იეჰოვა გამოექომაგება დედამიწაზე თავის მსახურებს და ასე დაიწყება არმაგედონის ომი.

14, 15. რა უნდა მოხდეს სატანის ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებიდან არმაგედონის დაწყებამდე?

14 ვიდრე განვიხილავთ, როგორ დაიცავს იეჰოვა თავის ხალხს არმაგედონში, ჯერ სხვა მნიშვნელოვან მოვლენაზე ვიმსჯელოთ, რომელიც სატანის ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყებიდან არმაგედონის დაწყებამდე უნდა მოხდეს. როგორც მე-11 აბზაცში აღვნიშნეთ, ეს მოვლენა დედამიწაზე მცხოვრები ცხებულების შეკრებას ეხება.

15 ცხებულების შეკრება. მათეცა და მარკოზიც იესოს წინასწარმეტყველებას რჩეულებზე ანუ სულითცხებულ ქრისტიანებზე იმ წინასწარმეტყველებებს შორის მოიხსენიებენ, რომლებიც არმაგედონის დაწყებამდე უნდა შესრულდეს (იხ. აბზაცი 7). იესომ იწინასწარმეტყველა, თუ რას გააკეთებდა, როგორც მეფე: „მაშინ გაგზავნის თავის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულებს ქარის ოთხივე მიმართულებიდან, დედამიწის კიდიდან ცის კიდემდე“ (მარ. 13:27; მათ. 24:31). რა შეკრებას გულისხმობდა იესო? ის არ გულისხმობდა ცხებულ ქრისტიანთა საბოლოო ბეჭედდასმას, რაც უშუალოდ დიდი გასაჭირის დაწყებამდე უნდა მოხდეს (გამოცხ. 7:1—3). მას მხედველობაში ჰქონდა ის მოვლენა, რომელიც დიდი გასაჭირის დროს მოხდება. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ღვთის ხალხზე სატანის ფართომასშტაბიანი თავდასხმის დაწყებიდან რაღაც დროის შემდეგ დედამიწაზე მცხოვრები ცხებულები ზეცაში შეგროვდებიან.

16. რა როლს შეასრულებენ ზეცაში შეკრებილი ცხებულები არმაგედონის ომში?

16 რა კავშირია ცხებულების შეკრებასა და არმაგედონს შორის? როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, არმაგედონის ომის დაწყებამდე ყველა ცხებული უკვე ზეცაში იქნება. ზეცაში შეკრებილ ქრისტეს 144 000 თანამმართველს მიეცემა ძალაუფლება, რომ ქრისტესთან ერთად „რკინის კვერთხით“ გაანადგუროს ღვთის სამეფოს მტრები (გამოცხ. 2:26, 27). შემდეგ ცხებულები ძლევამოსილ ანგელოზებთან ერთად გაჰყვებიან თავიანთ მებრძოლ მეფეს, ქრისტეს, იმ „დიდძალი ჯარის“ დასამარცხებლად, რომელიც იეჰოვას ხალხზე მიიტანს იერიშს (ეზეკ. 38:15). მათი შეტაკებით დაიწყება არმაგედონის ომი (გამოცხ. 16:16).

დიდი გასაჭირის დიდებული დასასრული

იწყება არმაგედონის ომი

17. რა ელით თხებად შერაცხილებს არმაგედონში?

17 განაჩენის აღსრულება. არმაგედონი დიდი გასაჭირის ბოლო ეტაპი იქნება. იესო კიდევ ერთ დავალებას შეასრულებს. გარდა იმისა, რომ „ყველა ხალხის“ მოსამართლეა, ის განაჩენის აღმსრულებელიც გახდება, რადგან სასჯელს აღასრულებს მათზე, ვინც გასამართლებისას „თხების“ კატეგორიას მიაკუთვნა (მათ. 25:32, 33). ჩვენი მეფე „დიდ ბასრ მახვილს“ დაჰკრავს ხალხებს და ყველა თხად შერაცხილი, „მეფე“ იქნება თუ „მონა“, მარადიულად მოიკვეთება (გამოცხ. 19:15, 18; მათ. 25:46).

18. ა) როგორ შეიცვლება ცხვრებად შერაცხილთა მდგომარეობა? ბ) რით დააგვირგვინებს იესო თავის გამარჯვებას?

18 ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება მათთვის, ვინც გასამართლებისას იესომ „ცხვრების“ კატეგორიას მიაკუთვნა. ერთი შეხედვით დაუცველი „უამრავი ხალხი“, რომელიც სატანის მომხრეთა დიდ ლაშქარს ის-ის იყო უნდა გაეთელა, გადაურჩება თავდასხმას და თავს დააღწევს „დიდ გასაჭირს“ (გამოცხ. 7:9, 14). მას შემდეგ, რაც ღვთის სამეფოს მიწიერ მტრებს გაუსწორდება, იესო უფსკრულში ჩაყრის სატანასა და მის დემონებს. ისინი ათასი წლის განმავლობაში მკვდრებივით უმოქმედონი იქნებიან (წაიკითხეთ გამოცხადების 6:2; 20:1—3).

როგორ მოვემზადოთ მომავალი მოვლენებისთვის

19, 20. რას ვსწავლობთ ესაიას 26:20-სა და 30:21-ში ჩაწერილი სიტყვებიდან?

19 როგორ უნდა მოვემზადოთ მომავალი თავზარდამცემი მოვლენებისთვის? რამდენიმე წლის წინ „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „გადარჩენა ჩვენს მორჩილებაზე იქნება დამოკიდებული“. რატომ? პასუხს ვპოულობთ იმ გაფრთხილებაში, რომელიც იეჰოვამ ძველ ბაბილონში გადასახლებულ ებრაელებს მისცა. იეჰოვას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ ბაბილონს დაიპყრობდნენ. მაგრამ რა უნდა გაეკეთებინა ღვთის ხალხს? იეჰოვამ უთხრა მათ: „წადი, ჩემო ხალხო, შედი შენს შიდა ოთახებში და ჩაიკეტე კარები! ცოტა ხნით დაიმალეთ, სანამ რისხვა არ გადაივლის“ (ეს. 26:20). „წადი“, „შედი“, „ჩაიკეტე“, „დაიმალეთ“ ბრძანება იყო. ვინც ამ ბრძანებას დაემორჩილებოდა და შინ დარჩებოდა, ქუჩაში მოთარეშე ჯარისკაცებს არ გადაეყრებოდა. ასე რომ, მათი გადარჩენა იეჰოვას მითითების დაცვაზე იყო დამოკიდებული. b

20 ჩვენ რას ვსწავლობთ აქედან? ძველ დროში მცხოვრებ ღვთის მსახურთა მსგავსად, ჩვენი გადარჩენაც იეჰოვას მითითებების შესრულებაზეა დამოკიდებული (ეს. 30:21). ამ მითითებებს კრების მეშვეობით ვიღებთ. ამიტომ დღესვე უნდა ვისწავლოთ მათი გათვალისწინება (1 იოან. 5:3). თუ დღეს არ გვიჭირს მორჩილება, არც მომავალში გაგვიჭირდება, რაც იმის გარანტიაა, რომ ჩვენი მამა იეჰოვა და ჩვენი მეფე იესო დაგვიცავენ (სოფ. 2:3). ღვთის მფარველობის ქვეშ მყოფნი კი ჩვენი თვალით ვიხილავთ, როგორ მოსპობს ღვთის სამეფო თავის მტრებს, რაც უთუოდ დაუვიწყარი მოვლენა იქნება.

a გონივრულია დავასკვნათ, რომ „დიდი ბაბილონის“ განადგურება გულისხმობს რელიგიური ორგანიზაციების და არა ზოგადად მორწმუნეთა მასობრივ განადგურებას. ასე რომ, „დიდი ბაბილონის“, ცრუ რელიგიების მიმდევართა უმეტესობა მისი განადგურების დროს გადარჩება. ისინი, როგორც ჩანს, საჯაროდ უარყოფენ რელიგიასთან რაიმე კავშირს, რაზეც ზაქარიას 13:4—6 მიანიშნებს.

b დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I“, გვ. 282, 283.