არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 22

სამეფო ღვთის ნებას ასრულებს დედამიწაზე

სამეფო ღვთის ნებას ასრულებს დედამიწაზე

ამ თავიდან შევიტყობთ:

სამეფო შეასრულებს ღვთის ყველა დაპირებას, რომლებიც კაცობრიობას და დედამიწას ეხება

1, 2. ა) რატომ გვიჭირს ზოგჯერ სამოთხის რეალურად წარმოდგენა? ბ) რა დაგვეხმარება ღვთის დაპირებებისადმი რწმენის განმტკიცებაში?

 წარმოიდგინეთ, რომ მძიმე სამუშაო დღის შემდეგ კრებაზე მოდის ერთგული ძმა, რომელსაც სამსახურში უფროსი უხეშად მოექცა. ამასთან მას მძიმე ტვირთად აწევს ოჯახზე ზრუნვა და ამწუხრებს ცოლის ავადმყოფობა. პირველი სიმღერის დაწყებისთანავე ის შვებას გრძნობს და უხარია, რომ და-ძმებთან ერთად არის სამეფო დარბაზში. სიმღერა სამოთხეში ცხოვრების იმედს ეხება და აღძრავს, თავი სამოთხეში წარმოიდგინოს. ეს სიმღერა ყოველთვის მოსწონდა, ახლა კი ოჯახთან ერთად მისი მღერისას დამწუხრებული გული იმედით ევსება.

2 გიგრძნიათ თავი ოდესმე მსგავსად? ალბათ, უმეტესობას გამოგვიცდია ეს. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ძველ ქვეყნიერებაში ზოგჯერ გვიჭირს მომავალი სამოთხის რეალურად წარმოდგენა. ჩვენ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ და ქვეყნიერება საერთოდ არ ჰგავს სამოთხეს (2 ტიმ. 3:1). რა დაგვეხმარება, რომ ეს იმედი ჩვენთვის რეალური იყოს? საიდან ვიცით, რომ მალე მთელ კაცობრიობაზე ღვთის სამეფო იმმართველებს? განვიხილოთ რამდენიმე წინასწარმეტყველება, რომლებიც შორეულ წარსულში ღვთის ხალხის თვალწინ შესრულდა, შემდეგ ვისაუბროთ ამ და სხვა წინასწარმეტყველებების ბრწყინვალე შესრულებაზე ჩვენს დროში. ამ რწმენის განმამტკიცებელი განხილვის დასასრულს კი დავფიქრდეთ, როგორ ეხება ეს წინასწარმეტყველებები ჩვენს მომავალს.

როგორ შეასრულა იეჰოვამ თავისი დაპირებები შორეულ წარსულში?

3. რა დაპირება ანუგეშებდა ბაბილონში გადასახლებულ იუდეველებს?

3 წარმოიდგინეთ, როგორ ცხოვრობდნენ ბაბილონში გადასახლებული იუდეველები ძვ. წ. მეექვსე საუკუნეში. თავიანთი მშობლების მსგავსად, ბევრი გადასახლებაში დაიბადა და მძიმე ცხოვრება ჰქონდა. იმის გამო, რომ იეჰოვას მორწმუნეები იყვნენ, ბაბილონელები დასცინოდნენ მათ (ფსალმ. 137:1—3). ერთგულ იუდეველებს ათწლეულების მანძილზე აცოცხლებდა იმედი, რომ იეჰოვა დაპირებისამებრ სამშობლოში დააბრუნებდა მათ. იეჰოვას ნათქვამი ჰქონდა, რომ იქ შესანიშნავი პირობები იქნებოდა. მან ისიც კი იწინასწარმეტყველა, რომ იუდას მიწა ედემის ბაღს, სამოთხეს დაემსგავსებოდა (წაიკითხეთ ესაიას 51:3). აშკარაა, რომ ასეთი დაპირებით ღმერთს სურდა, გაემხნევებინა თავისი ხალხი და გაექარწყლებინა ეჭვები, რომლებიც შესაძლოა მოსვენებას არ აძლევდა მათ. განვიხილოთ რამდენიმე წინასწარმეტყველება და ვნახოთ, როგორ მოემსახურა ისინი ამ მიზანს.

4. როგორ დაარწმუნა იეჰოვამ იუდეველები, რომ სამშობლოში უსაფრთხოდ იცხოვრებდნენ?

4 უსაფრთხოება. გადასახლებულები დაბრუნდებოდნენ არა პირდაპირი გაგებით სამოთხეში, არამედ შორეულ ქვეყანაში, რომელიც თითქმის არც ერთს არ ენახა და 70 წელს გაპარტახებული იყო. ბიბლიურ დროში იმ ტერიტორიაზე ბინადრობდნენ ლომები, მგლები, ჯიქები და სხვა მტაცებელი ცხოველები. ოჯახისთავებს, ალბათ, აფიქრებდათ, როგორ დაიცავდნენ მათგან ცოლ-შვილსა და ცხვარ-ძროხას. და ეს ბუნებრივიც იყო. მათთვის ძალიან მანუგეშებელი იქნებოდა ესაიას 11:6—9-ში ჩაწერილი ღვთის დაპირება (წაიკითხეთ). ამ ხატოვანი სიტყვებით იეჰოვამ დაარწმუნა გადასახლებულები, რომ მათაც დაიცავდა და მათ პირუტყვსაც. ლომი ბზეს იმ გაგებით შეჭამდა, რომ იუდეველთა საქონელს არ დაესხმოდა თავს. ღვთის ერთგულებს არანაირი საფრთხე არ შეექმნებოდათ მტაცებლებისგან. იეჰოვა დაჰპირდა მათ, რომ იუდას მიწაზე უსაფრთხოდ იცხოვრებდნენ და არც უდაბნოში დაემუქრებოდათ რამე და არც ტყეში (ეზეკ. 34:25).

5. რომელი წინასწარმეტყველებები არწმუნებდა გადასახლებიდან დაბრუნებულებს, რომ იეჰოვა ყველაფერს უხვად მისცემდა?

5 სიუხვე. მათ შეიძლება სხვა სადარდებელიც ჰქონოდათ. მაგალითად, შეძლებდნენ თუ არა ოჯახის რჩენას? სად იცხოვრებდნენ? ექნებოდათ სამუშაო? ან მათი საქმე ისეთივე მძიმე და მოსაწყენი ხომ არ იქნებოდა, როგორიც დამპყრობთა ქვეყანაში ჰქონდათ? ღვთივშთაგონებული წინასწარმეტყველებების მეშვეობით იეჰოვამ ამ კითხვებზეც გასცა პასუხი. მან თავის მორჩილთ აღუთქვა, რომ წვიმა დროულად მოვიდოდა და მიწა „ნოყიერ და მსუყე პურს“ მისცემდა მათ (ეს. 30:23). რაც შეეხება საცხოვრებელსა და კმაყოფილების მომგვრელ სამუშაოს, იეჰოვამ თქვა: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად“ (ეს. 65:21, 22). მართლაც, მათი ცხოვრება წარმართულ ბაბილონში ცხოვრებასთან შედარებით ბევრად უკეთესი იქნებოდა. მაგრამ როგორ მოგვარდებოდა ის სერიოზული პრობლემები, რომელთა გამოც ისინი გადასახლებაში აღმოჩნდნენ?

6. რით იტანჯებოდა ღვთის ხალხი დიდი ხნის მანძილზე და რაში არწმუნებდა იეჰოვა გადასახლებიდან დაბრუნებულებს?

6 სულიერი ჯანმრთელობა. გადასახლებამდე დიდი ხნით ადრე ღვთის ხალხი სულიერად დაკნინდა. ესაია წინასწარმეტყველის პირით იეჰოვამ თავის ხალხს უთხრა: „თავი მთლიანად დასნეულებული გაქვთ და გული — მთლიანად დაუძლურებული“ (ეს. 1:5). სულიერი გაგებით ისინი ბრმები და ყრუები იყვნენ, რადგან იეჰოვას რჩევას ყურს არ ათხოვებდნენ და იეჰოვასგან მომდინარე სულიერ სინათლეს თვალს არიდებდნენ (ეს. 6:10; იერ. 5:21; ეზეკ. 12:2). თუ სამშობლოში დაბრუნებულებს იგივე პრობლემები ექნებოდათ, მაშინ მათი უსაფრთხოება სათუო იქნებოდა და იეჰოვას კეთილგანწყობასაც დაკარგავდნენ. მათ ნამდვილად დააიმედებდა იეჰოვას დაპირება: „იმ დღეს ყრუები გაიგონებენ ამ წიგნის სიტყვებს და ბრმათა თვალები წყვდიადიდან და სიბნელიდან გამოიხედავენ“ (ეს. 29:18). იეჰოვა სულიერად გამოაჯანსაღებდა თავის განწმენდილ და მომნანიებელ ხალხს. ვიდრე მომსმენები და მორჩილები იქნებოდნენ, ღმერთი უხელმძღვანელებდა და დამოძღვრავდა მათ.

7. როგორ შესრულდა ღვთის დაპირებები გადასახლებიდან დაბრუნებულ იუდეველებზე და რატომ გვიმტკიცებს რწმენას მათი შესრულება?

7 შეასრულა იეჰოვამ დაპირებები? ამ კითხვაზე პასუხს იუდეველთა ისტორია სცემს. სამშობლოში დაბრუნებულები ღმერთმა უსაფრთხოებით, სიუხვითა და სულიერი კეთილდღეობით აკურთხა. მან დაიცვა ისინი გარშემო მცხოვრები უფრო ძლიერი და ხალხმრავალი ერებისგან. მტაცებლებიც არაფერს ერჩოდნენ იუდეველთა პირუტყვს. მართალია, იუდეველებმა სრულად ვერ იხილეს ესაიას, იერემიასა და ეზეკიელის მიერ ჩაწერილი საოცარი წინასწარმეტყველებების შესრულება, მაგრამ რაც ნახეს, აღმაფრთოვანებელი და დროული იყო. რწმენას გვიძლიერებს იმაზე ფიქრი, რაც იეჰოვამ მაშინ თავის ხალხს გაუკეთა. თუ ამ წინასწარმეტყველებების პირველი და ნაწილობრივი შესრულება ასეთი აღმაფრთოვანებელი იყო, მაშ, როგორი იქნება მათი ფართომასშტაბიანი შესრულება?! ვნახოთ, როგორ ასრულებს იეჰოვა ამ წინასწარმეტყველებას დღეს.

როგორ ასრულებს თანდათან იეჰოვა თავის დაპირებებს ჩვენს დროში

8. რომელ „ქვეყანაში“ ცხოვრობს დღეს ღვთის ხალხი?

8 იეჰოვას ხალხი პირდაპირი გაგებით ერთ ერს არ ქმნის და ერთ გეოგრაფიულ ადგილზე არ ცხოვრობს. სულით ცხებული ქრისტიანები სულიერ ერს, „ღვთის ისრაელს“ ქმნიან (გალ. 6:16). თავიანთ თანამსახურებთან, „სხვა ცხვართან“ ერთად ისინი სულიერ „ქვეყანაში“ გაერთიანებულად სცემენ იეჰოვა ღმერთს თაყვანს. ღვთის თაყვანისცემა მთელ მათ ცხოვრებას მოიცავს (იოან. 10:16; ეს. 66:8). მაგრამ, რა იგულისხმება იეჰოვასგან ბოძებულ „ქვეყანაში“? ამაში იგულისხმება სულიერი სამოთხე, რომელშიც სულიერი გაგებით სრულდება ედემის ბაღის მსგავსი პირობების შესახებ ღვთის დაპირება. განვიხილოთ ამის რამდენიმე მაგალითი.

9, 10. ა) როგორ სრულდება დღეს ესაიას 11:6—9-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება? ბ) რა ადასტურებს, რომ ღვთის ხალხს შორის მშვიდობა სუფევს?

9 უსაფრთხოება. ესაიას 11:6—9-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების კითხვისას თვალწინ წარმოგვიდგება შინაურ ცხოველებსა და ადამიანებთან მტაცებელი ცხოველების მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაცხოვრება. სრულდება ეს წინასწარმეტყველება სულიერი გაგებით? რა თქმა უნდა. მე-9 მუხლიდან ჩანს, რომ მტაცებლები არ მოიტანენ ზიანს და არაფერს მოსპობენ, „რადგან დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“. ცვლის იეჰოვას ცოდნა ცხოველების ქცევას? ცხადია, არა. მხოლოდ ადამიანები იცვლებიან, როცა ეცნობიან უზენაეს ღმერთს და ცდილობენ, მისი მშვიდობიანი გზებით იარონ. სწორედ ამიტომ ვხედავთ დღეს სულიერ სამოთხეში ამ წინასწარმეტყველების შესრულებას. ქრისტეს მიმდევრები, რომლებიც ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები არიან, სწავლობენ, როგორ მოიშორონ სისასტიკე და აგრესია და სულიერ და-ძმებთან ერთად მშვიდად და შეხმატკბილებულად იცხოვრონ.

10 მაგალითად, ამ წიგნში ჩვენ ვისაუბრეთ ქრისტიანულ ნეიტრალიტეტზე — გავიგეთ, რა ბიბლიური საფუძველი აქვს ჩვენს პოზიციას და როგორ იდევნებოდა ღვთის ხალხი ნეიტრალიტეტის გამო. განა საოცარი არ არის ის ფაქტი, რომ ამ ძალადობით აღსავსე ქვეყნიერებაში არსებობს საკმაოდ დიდი „ერი“, რომელიც უარს ამბობს ნებისმიერი სახის ძალადობაზე, თუნდაც ეს მათ სიკვდილის ფასად დაუჯდეთ?! ეს მართლაც უდიდესი მტკიცებაა იმისა, რომ იესოს ქვეშევრდომები ესაიას წინასწარმეტყველებაში აღწერილი მშვიდობით ტკბებიან! იესომ თქვა, რომ მისი მიმდევრები ერთმანეთის სიყვარულით იქნებოდნენ გამორჩეულნი (იოან. 13:34, 35). ქრისტე „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით მოთმინებით ასწავლის ჭეშმარიტ ქრისტიანებს, იყვნენ მშვიდობიანები, მოსიყვარულეები და რბილები (მათ. 24:45—47).

11, 12. რა გაგებით შიმშილობს დღეს ხალხი და რით უზრუნველყოფს იეჰოვა თავის ხალხს?

11 სიუხვე. ქვეყნიერება სულიერად შიმშილობს. ბიბლიის მეშვეობით იეჰოვა გვაფრთხილებს: „აი, დადგება დრო . . . როცა შიმშილს მოვუვლენ მიწას, შიმშილს, მაგრამ არა პურისას, წყურვილს, მაგრამ არა წყლისას, არამედ იეჰოვას სიტყვების მოსმენის შიმშილს“ (ამოს. 8:11). შიმშილობენ ღვთის სამეფოს მოქალაქეებიც? იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, როგორი მდგომარეობა იქნებოდა მის ხალხსა და მის მტრებს შორის: „ჩემი მსახურები შეჭამენ, თქვენ კი მშივრები იქნებით! აი, ჩემი მსახურები დალევენ, თქვენ კი მწყურვალნი იქნებით! აი, ჩემი მსახურები გაიხარებენ, თქვენ კი შერცხვებით!“ (ეს. 65:13). ხედავთ თქვენი თვალით ამ სიტყვების შესრულებას?

12 სულიერი საზრდო მოედინება მდინარესავით, რომელიც უფრო და უფრო ფართოვდება და ღრმავდება. ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციები, მათ შორის აუდიო და ვიდეოჩანაწერები, კრების შეხვედრები, კონგრესები და ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალა, სულიერი საზრდოს უწყვეტ ნაკადს წარმოადგენს ამ სულიერად დამშეულ ქვეყნიერებაში (ეზეკ. 47:1—12; იოელ. 3:18). განა არ აღგაფრთოვანებთ იმის დანახვა, როგორ ასრულებს იეჰოვა თავის დაპირებას და ყოველდღიურად უხვად გვაძლევს სულიერ საზრდოს?! ახმართ ძალისხმევას, რომ რეგულარულად იკვებოთ იეჰოვას სუფრიდან?

კრებაში სულიერად ვიკვებებით, უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს და სულიერ ჯანმრთელობას ვინარჩუნებთ

13. როგორ სრულდება თქვენ თვალწინ იეჰოვას დაპირება, რომ ბრმებს თვალები აეხილებათ, ყრუებს კი ყურები გაეხსნებათ?

13 სულიერი ჯანმრთელობა. დღეს ადამიანთა უმეტესობა სულიერი გაგებით ბრმა და ყრუა (2 კორ. 4:4). თუმცა ქრისტე უკვე კურნავს ასეთ ადამიანებს. გინახავთ, ბრმას თვალები აეხილოს და ყრუს ყურები გაეხსნას? თუ გინახავთ ადამიანები, რომლებმაც ღვთის სიტყვის ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღეს და უკუაგდეს რელიგიური სიცრუე, რომელიც ერთ დროს მათ ჭეშმარიტების გაგებასა და დანახვაში ხელს უშლიდა, მაშინ თქვენი თვალით გიხილავთ შემდეგი დაპირების შესრულება: „იმ დღეს ყრუები გაიგონებენ ამ წიგნის სიტყვებს და ბრმათა თვალები წყვდიადიდან და სიბნელიდან გამოიხედავენ“ (ეს. 29:18). მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი სულიერად იკურნება. თითოეული, ვინც ზურგს აქცევს დიდ ბაბილონს და სულიერ სამოთხეში ჩვენთან ერთად სცემს ღმერთს თაყვანს, იმის ცოცხალი მტკიცებაა, რომ იეჰოვას დაპირებები სრულდება!

14. რაზე ფიქრი განგვიმტკიცებს რწმენას?

14 ამ წიგნის ყოველი თავი ნათლად ადასტურებს, რომ ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში ქრისტემ თავისი მიმდევრები ნამდვილ სულიერ სამოთხეში მიიყვანა. ყოველთვის ვიფიქროთ იმ უამრავ კურთხევაზე, რომელთაც სულიერ სამოთხეში ვიღებთ. ეს განგვიმტკიცებს რწმენას, რომ იეჰოვა აუცილებლად შეასრულებს სხვა დაპირებებსაც.

„მოვიდეს შენი სამეფო“

15. რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა?

15 იეჰოვას თავიდანვე ჰქონდა განზრახული დედამიწის სამოთხედ გადაქცევა. მან ადამი და ევა დაასახლა სამოთხის ბაღში და დაავალა, მთელი დედამიწა თავიანთი შთამომავლებით აევსოთ და ეზრუნათ მიწიერ ქმნილებებზე (დაბ. 1:28). მაგრამ ადამმა და ევამ სატანას აუბეს მხარი, ეურჩნენ ღმერთს და თავიანთი შთამომავლობა არასრულყოფილებას, ცოდვასა და სიკვდილს დაუქვემდებარეს. ამის მიუხედავად, ღვთის განზრახვა არ შეცვლილა. მისი პირიდან გამოსული სიტყვა ყოველთვის ბოლომდე სრულდება (წაიკითხეთ ესაიას 55:10, 11). შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ადამისა და ევას შთამომავლები აავსებენ დედამიწას, დაეპატრონებიან მას და სიყვარულით იზრუნებენ იეჰოვას ქმნილებებზე სამოთხედქცეულ დედამიწაზე. მაშინ საბოლოოდ შესრულდება გადასახლებული იუდეველებისთვის ნათქვამი წინასწარმეტყველება, რომელიც სამოთხისებრ პირობებში ცხოვრებას ეხებოდა! განვიხილოთ ამის ზოგიერთი მაგალითი.

16. როგორ აღწერს ბიბლია უსაფრთხო ცხოვრებას სამოთხეში?

16 უსაფრთხოება. მოვა დრო და ჩვენ თვალწინ საბოლოოდ შესრულდება ესაიას 11:6—9-ში ჩაწერილი შესანიშნავი წინასწარმეტყველება როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით. კაცები, ქალები და ბავშვები დედამიწის ნებისმიერ კუთხეში უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობენ თავს. ადამიანებისა თუ ცხოველებისგან მათ არავითარი საფრთხე არ დაემუქრებათ. წარმოიდგინეთ ის დრო, როცა მთელი პლანეტა თქვენი სახლი იქნება, სადაც სრულიად უსაფრთხოდ შეგეძლებათ მდინარეებში, ტბებსა თუ ზღვებში ცურვა და მთასა თუ ბარში მოგზაურობა. შებინდებისას აღარ შეგეშინდებათ. მაშინ შესრულდება ეზეკიელის 34:25-ში ჩაწერილი სიტყვები, რომ ღვთის მსახურები „უსაფრთხოდ იცხოვრებენ უდაბნოში და იძინებენ ტყეებში“.

17. რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ უხვად გვექნება ყველაფერი, როცა ღვთის სამეფო მთელ დედამიწაზე იმმართველებს?

17 სიუხვე. წარმოიდგინეთ თქვენი თავი იმ დროს, როცა აღარ იქნება სიღატაკე, საკვების უკმარისობა, შიმშილი და არც სოციალური შემწეობის პროგრამები იქნება საჭირო. დღეს ღვთის ხალხის სულიერი საკვების სიუხვე იმის გარანტიაა, რომ მესიანური მეფე იზრუნებს თავისი ქვეშევრდომების სულიერ თუ ფიზიკურ დაპურებაზე. დედამიწაზე მსახურების დროს იესომ ათასობით მშიერი ადამიანი რამდენიმე პურითა და თევზით დააპურა, რითაც მცირე მასშტაბით ცხადყო, რომ მას შეუძლია ამ დაპირების შესრულება (მათ. 14:17, 18; 15:34—36; მარ. 8:19, 20). წინასწარმეტყველება, „ის მისცემს წვიმას შენს თესლს, რომელსაც თესავ, და მიწის ნაყოფად მოგცემს ნოყიერ და მსუყე პურს. იმ დღეს შენი ცხვარ-ძროხა ვრცელ საძოვარზე მოძოვს“, და სხვა მსგავსი წინასწარმეტყველებები პირდაპირი გაგებით შესრულდება, როცა ღვთის სამეფო მთელ დედამიწაზე იმმართველებს (ეს. 30:23).

18, 19. ა)რას ნიშნავს პირადად თქვენთვის ესაიას 65:20—22-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება? ბ) რა გაგებით იქნება ჩვენი დღეები „ხის დღეებივით“?

18 დღეს ბევრისთვის წარმოუდგენელია კომფორტული სახლის ან კმაყოფილების მომგვრელი და სასიამოვნო სამუშაოს ქონა. ამ უსამართლო ქვეყნიერებაში ბევრი მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ მრავალ საათს ატარებს სამუშაოზე და მძიმედ შრომობს, მაშინ როცა მთელ მათ ნაშრომს მდიდრები და ხარბები ითვისებენ. წარმოიდგინეთ ის დრო, როცა მთელ დედამიწაზე შესრულდება წინასწარმეტყველება: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად. ჩემი ხალხის დღეები ხის დღეებივით იქნება და სრულად მოიხმარენ თავიანთ ნახელავს ჩემი რჩეულები“ (ეს. 65:20—22).

19 რა გაგებით იქნება ჩვენი დღეები „ხის დღეებივით“? როცა უზარმაზარი ხის ძირში დგახარ, განა მოწიწებას არ გინერგავს იმაზე ფიქრი, რომ ის შეიძლება შენი დიდი ბებია-ბაბუის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე უკვე იდგა?! შეიძლება ისიც კი გაიფიქრო, რომ, თუ არასრულყოფილი ქვეყნიერება გაგრძელდება, ეს ხე შენ შემდეგ კიდევ მრავალი თაობის მანძილზე იდგება. თავისი სიკეთიდან გამომდინარე იეჰოვა გვარწმუნებს, რომ სამოთხეში დღეგრძელი და მშვიდი ცხოვრება გვექნება (ფსალმ. 37:11, 29). დადგება დრო, როცა ყველაზე ასაკოვანი ხე ჩვენთვის ბალახივით წარმავალი იქნება, ჩვენ კი მარადიულად ვიქნებით!

20. როგორ მოხდება სამეფოს ერთგული ქვეშევრდომების გაჯანსაღება?

20 სრულყოფილი ჯანმრთელობა. დღეს არც ერთი ადამიანი არ არის დაცული ავადმყოფობისა და სიკვდილისგან. შეიძლება ითქვას, რომ ცოდვის გამო ყველანი სასიკვდილოდ დაავადებულები ვართ. ცოდვის სენისგან მხოლოდ ქრისტეს გამოსასყიდი დაგვიხსნის (რომ. 3:23; 6:23). ათასწლიანი მმართველობის დროს ქრისტე თანამმართველებთან ერთად გამოსასყიდის მეშვეობით თანდათანობით გაათავისუფლებს ერთგულ ადამიანებს ცოდვის შედეგებისგან. ბოლომდე შესრულდება ესაიას წინასწარმეტყველება: „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო. იმ მიწის მკვიდრთ ეპატიებათ დანაშაული“ (ეს. 33:24). წარმოიდგინეთ ის დრო, როცა არავინ იქნება ბრმა, ყრუ ან ხეიბარი (წაიკითხეთ ესაიას 35:5, 6). იესოს შესწევს ძალა, განკურნოს ნებისმიერი ავადმყოფობა, იქნება ეს ფიზიკური, ფსიქიკური თუ ემოციური. სამეფოს ერთგულ ქვეშევრდომებს სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნებათ!

21. რა დაემართება სიკვდილს და რატომ არის ეს დაპირება თქვენთვის მანუგეშებელი?

21 რის თქმა შეიძლება სიკვდილზე, ცოდვის გარდაუვალ შედეგზე? ის არის „უკანასკნელი მტერი“, რომლის წინაშეც ადრე თუ გვიან ყველა არასრულყოფილი ადამიანი მარცხდება (1 კორ. 15:26). მაგრამ იეჰოვასთვისაც საშიში მტერია სიკვდილი? ყურადღება მიაქციეთ, რა იწინასწარმეტყველა ესაიამ: „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს და ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს უზენაესი უფალი იეჰოვა“ (ეს. 25:8). შეგიძლიათ წარმოიდგინოთ დრო, როცა აღარ იქნება დაკრძალვები, სასაფლაოები და მწუხარების ცრემლები? იქნება მხოლოდ სიხარულის ცრემლები, როცა იეჰოვა შეასრულებს თავის ბრწყინვალე დაპირებას და მკვდრებს გააცოცხლებს! (წაიკითხეთ ესაიას 26:19). საბოლოოდ, სიკვდილით გამოწვეული უამრავი ჭრილობა მოშუშდება!

22. რა მოხდება მას შემდეგ, რაც მესიანური სამეფო დედამიწაზე ღვთის ნებას შეასრულებს?

22 ათასწლიანი მმართველობის დასასრულს სამეფოს მეშვეობით დედამიწაზე ბოლომდე შესრულდება ღვთის ნება, რის შემდეგაც ქრისტე მმართველობას გადასცემს მამას (1 კორ. 15:25—28). გასრულყოფილებული კაცობრიობა მზად იქნება საბოლოო გამოცდისთვის, როცა სატანა უფსკრულიდან ანუ უმოქმედო მდგომარეობიდან გათავისუფლდება. ამის შემდეგ ქრისტე გაანადგურებს ამ ბოროტ გველსა და ყველა მის მხარდამჭერს (დაბ. 3:15; გამოცხ. 20:3, 7—10), იეჰოვას მოყვარულთ კი ნათელი მომავალი ელით. იმ დროს არსებულ მდგომარეობას, ალბათ, ყველაზე კარგად აღგვიწერს ბიბლიის ღვთივშთაგონებული სიტყვები, რომელთა თანახმადაც ერთგული ადამიანები „ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ მიიღებენ (რომ. 8:21).

სამეფო შეასრულებს იეჰოვას ყველა დაპირებას, რომლებიც კაცობრიობას და დედამიწას ეხება

23, 24. ა) საიდან ვიცით, რომ ღვთის დაპირებები აუცილებლად შესრულდება? ბ) რა გაქვთ გადაწყვეტილი?

23 ეს დაპირებები არარეალური იმედების, სურვილებისა თუ ოცნებების ნაყოფი არ არის. იეჰოვას დაპირებები აუცილებლად შესრულდება! ამაში გვარწმუნებს იესოს სიტყვები, რომლებიც ამ წიგნის პირველ თავში განვიხილეთ. მან თავის მიმდევრებს ასწავლა, ასე ელოცათ: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათ. 6:9, 10). ღვთის სამეფო ვინმეს წარმოსახვის ნაყოფი არ არის. ის რეალური ხელისუფლებაა, რომელიც ამჟამად ზეცაში მმართველობს. ეს სამეფო უკვე ასი წელია ღვთის დაპირებებს ასრულებს და ამის აშკარა მტკიცებას ქრისტიანულ კრებაში ვხედავთ. ამიტომ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვას ყველა დაპირება შესრულდება, როცა ღვთის სამეფოს ძალაუფლება სრულად განივრცობა დედამიწაზე!

24 ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ღვთის სამეფო მოვა და იეჰოვას ყველა სიტყვა შესრულდება. ამაში გვარწმუნებს ის, რომ ღვთის სამეფო მმართველობს! მაგრამ თითოეულმა საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: ჩემზეც მმართველობს ღვთის სამეფო? მოდი ყველაფერი გავაკეთოთ, რომ უკვე დღეს ვიყოთ ამ სამეფოს ერთგული ქვეშევრდომები, მომავალში კი მარადიულად გავიხაროთ მისი სრულყოფილი და სამართლიანი მმართველობით!