არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნაწილი 6

როგორ ცვლის ცოლ-ქმრის ცხოვრებას ბავშვი

როგორ ცვლის ცოლ-ქმრის ცხოვრებას ბავშვი

„შვილები მემკვიდრეობაა იეჰოვასგან“ (ფსალმუნი 127:3).

ბავშვის დაბადებას სიხარულთან ერთად სირთულეებიც ახლავს. ახალბედა მშობლებო, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდით, რომ ბავშვზე ზრუნვას ამდენი დრო და ენერგია დასჭირდებოდა. უძილობისა და ემოციური არასტაბილურობის გამო შეიძლება ერთმანეთთან ურთიერთობაც დაგეძაბოთ. თქვენ და თქვენს მეუღლეს მოგიწევთ მოერგოთ ახალ რეალობას, რათა ბავშვზეც იზრუნოთ და ერთმანეთისთვისაც გამონახოთ დრო. როგორ დაგეხმარებათ ბიბლიური რჩევები, თავი გაართვათ ამ სირთულეებს?

1. რას ცვლის ოჯახში ბავშვის დაბადება

ბიბლიის თვალსაზრისი: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია . . . მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს, არ ღიზიანდება“ (1 კორინთელები 13:4, 5). ბუნებრივია, როგორც ახალბედა დედა, მთელ ყურადღებას ბავშვს უთმობთ. ამიტომ თქვენმა ქმარმა თავი მიტოვებულად რომ არ იგრძნოს, მასაც დაუთმეთ დრო. თუ მოთმინებასა და სიყვარულს გამოავლენთ, თქვენი მეუღლე იგრძნობს, რომ მასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბავშვის აღზრდაში.

„თქვენც, ქმრებო, მიღებული ცოდნის თანახმად განაგრძეთ ცოლებთან ცხოვრება“ (1 პეტრე 3:7). ქმრებო, ერთი რამ კარგად უნდა გესმოდეთ: თქვენი ცოლი მთელ თავის ენერგიას ბავშვის მოვლას ახმარს. როგორც წესი, ახალბედა დედისთვის ეს საკმაოდ სტრესული და შრომატევადი საქმეა, რამაც ის შეიძლება დეპრესიაშიც კი ჩააგდოს. ხანდახან შეიძლება ის უხეშადაც კი დაგელაპარაკოთ, მაგრამ ეცადეთ, სიმშვიდე არ დაკარგოთ, რადგან „მშვიდი კაცი ძლიერს სჯობია“ (იგავები 16:32). გამოავლინეთ გამჭრიახობა და შეეშველეთ საქმეში (იგავები 14:29).

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • მამებო: დაეხმარეთ თქვენს ცოლებს ბავშვებზე ზრუნვაში, რის გამოც შესაძლოა ღამის გატეხვაც მოგიწიოთ. სხვა საქმეების ხარჯზე ცოლ-შვილს უფრო მეტი დრო გამოუყავით.

  • დედებო: თქვენს ქმარსაც მიეცით საშუალება, მოგეხმაროთ ბავშვის მოვლაში. თუ თქვენს მეუღლეს ეს საქმე იდეალურად არ გამოუვა, ნუ გააკრიტიკებთ; პირიქით, თბილად აუხსენით, რა როგორ გააკეთოს.

2. განამტკიცეთ ოჯახური კვანძები

ბიბლიის თვალსაზრისი: „ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბადება 2:24). მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ახალი წევრი შეგემატათ, გახსოვდეთ, რომ თქვენ და თქვენი მეუღლე „ერთი ხორცი“ ხართ. ძალ-ღონეს ნუ დაიშურებთ ოჯახური კვანძების განსამტკიცებლად.

ცოლი მადლიერი უნდა იყოს, რომ ქმარი ეხმარება და მხარს უჭერს. ბიბლიაში მადლიერების სიტყვები მკურნალს არის შედარებული (იგავები 12:18). ქმარმა უნდა დაანახვოს ცოლს, როგორი ძვირფასია მისთვის და რა ძლიერ უყვარს. ამავე დროს უნდა შეაქოს, რომ ოჯახისთვის ბევრს შრომობს (იგავები 31:10, 28).

„თითოეულმა ის კი არ აკეთოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24). ყოველთვის ეცადეთ, მეუღლის ინტერესები საკუთარზე წინ დააყენოთ. დრო გამოყავით სასაუბროდ, შეაქეთ ერთმანეთი და მოუსმინეთ ერთმანეთს. სქესობრივი ურთიერთობისას მხოლოდ საკუთარ თავზე ნუ იფიქრებთ. გაითვალისწინეთ თქვენი მეუღლის მოთხოვნილებები. ბიბლიაში წერია: „ნუ მოაკლებთ ერთმანეთს ამას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეთანხმდებით“ (1 კორინთელები 7:3—5). ასე რომ, გულახდილად ისაუბრეთ ამ საკითხზე. შეეცადეთ, გაუგოთ მეუღლეს და მოთმინება გამოავლინოთ, რაც თქვენს ურთიერთობას უფრო განამტკიცებს.

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • ყოველთვის გამონახეთ დრო ერთმანეთისთვის.

  • ზოგჯერ რაიმე განსაკუთრებულის გაკეთება სულაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ მეუღლე თქვენს სიყვარულში დაარწმუნოთ. შეგიძლიათ მას ღია ბარათი დაუტოვოთ ან პატარა საჩუქარი გაუკეთოთ.

3. აღზარდეთ შვილი

ბიბლიის თვალსაზრისი: „ჩვილობიდანვე იცი წმინდა წერილები, რომლებსაც . . . რწმენით შეუძლია შენი დაბრძენება გადასარჩენად“ (2 ტიმოთე 3:15). წინასწარ მოიფიქრეთ, რას და როგორ ასწავლით თქვენს შვილს. ბავშვს ათვისების საოცარი უნარი აქვს; ის დაბადებამდეც კი ითვისებს მოსმენილს. თქვენი პატარა მუცლადყოფნის პერიოდში ცნობს თქვენს ხმას და რეაგირებს თქვენს ემოციებზე. ჩვილობიდანვე უკითხეთ ბავშვს. შეიძლება ის წაკითხულის მნიშვნელობას ვერ მიხვდეს, მაგრამ ამით მას კითხვას შეაყვარებთ.

პატარაობიდანვე ესაუბრეთ თქვენს შვილს ღმერთზე. მისი თანდასწრებით მიმართეთ იეჰოვას ლოცვით (კანონი 11:19). თამაშის დროსაც ესაუბრეთ თქვენს შვილს ღვთის შემოქმედებაზე (ფსალმუნი 78:3, 4). როცა თქვენი პატარა წამოიზრდება, დაინახავს, როგორ გიყვართ ღმერთი და თავადაც შეიყვარებს მას.

როგორ უნდა მოიქცეთ:

  • შვილის აღსაზრდელად ღმერთს სიბრძნე სთხოვეთ.

  • ხშირად გაუმეორეთ შვილს ის სიტყვები თუ აზრები, რომლებიც გინდათ, რომ პატარაობიდანვე ისწავლოს.