არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 2

იესოს ჯერ კიდევ დაბადებამდე განადიდებენ

იესოს ჯერ კიდევ დაბადებამდე განადიდებენ

ლუკა 1:34—56

  • მარიამი ელისაბედის მოსანახულებლად მიდის

მას შემდეგ, რაც ანგელოზი გაბრიელი მარიამს ატყობინებს, რომ დაორსულდება და ვაჟს გააჩენს, რომელსაც იესოს დაარქმევენ და რომელიც მარადიულად იმეფებს, მარიამი გაკვირვებული კითხულობს: „როგორ მოხდება ეს, როცა კაცი არ გამკარებია?“ (ლუკა 1:34).

გაბრიელი პასუხობს: „წმინდა სული გადმოვა შენზე და უზენაესის ძლიერება დაგჩრდილავს. ამიტომ მას, ვინც დაიბადება, ეწოდება წმინდა, ღვთის ძე“ (ლუკა 1:35).

ეს, ალბათ, მარიამისთვის ადვილი დასაჯერებელი არ არის, ამიტომ გაბრიელი ასეთ სიტყვებს ეუბნება: „შენს ნათესავ ელისაბედსაც ჩაესახა ვაჟი სიბერეში და უშვილოდ წოდებული ქალი უკვე მეექვსე თვეშია, რადგან შეუძლებელია, ღვთის სიტყვა არ შესრულდეს“ (ლუკა 1:36, 37).

მარიამი იჯერებს გაბრიელის ნათქვამს, რაც მისი პასუხიდან ჩანს: „იეჰოვას მხევალი ვარ! შენი სიტყვისამებრ იყოს“ (ლუკა 1:38).

გაბრიელი ტოვებს მარიამს, რის შემდეგაც ეს ყმაწვილი ქალი თავის ნათესავთან, ელისაბედთან წასასვლელად ემზადება. ელისაბედი და მისი მეუღლე, ზაქარია, იერუსალიმის ახლოს იუდეის მთიან მხარეში ცხოვრობენ. იქ ჩასასვლელად მარიამს, რომელიც ნაზარეთში ცხოვრობს, სამი-ოთხი დღე სჭირდება.

ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ მარიამი, როგორც იქნა, უახლოვდება ზაქარიასა და ელისაბედის სახლს. კარის გაღებისთანავე მარიამი თბილად ესალმება ელისაბედს, რომელიც წმინდა სულით აღძრული ეუბნება: „კურთხეული ხარ ქალებს შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი! როგორ მერგო ეს პატივი, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან? როგორც კი შენი მოსალმების ხმამ ჩემს ყურამდე მოაღწია, ჩვილი დიდი სიხარულით შემითამაშდა მუცელში“ (ლუკა 1:42—44).

მარიამი კი პასუხად მადლიერების სიტყვებს წარმოთქვამს: „ადიდებს ჩემი სული იეჰოვას და დიდად გაიხარა ჩემმა სულმა ღვთის, ჩემი მხსნელის გამო, რადგან მოხედა ღმერთმა თავის მდაბიო მხევალს. ამიერიდან კი ყველა თაობა ბედნიერს მიწოდებს, რადგან ძლიერმა დიდებული საქმე გამიკეთა“. მიუხედავად იმისა, რომ ელისაბედი მარიამს ასეთი სიტყვებით ამკობს, იგი მთელ დიდებასა და პატივს იეჰოვას მიაგებს: „წმინდაა მისი სახელი, გულმოწყალებას ავლენს თავის მოშიშთა მიმართ თაობიდან თაობაში“ (ლუკა 1:46—50).

მარიამი ღვთივშთაგონებული წინასწარმეტყველური სიტყვებით განადიდებს ღმერთს: „ძლევამოსილებით მოქმედებს თავისი მკლავით, აქეთ-იქით ფანტავს, ვისაც ამპარტავნული ზრახვები აქვს გულში. ძალამოსილთ ტახტებიდან ყრის და უბრალო ხალხს ამაღლებს. მშივრებს ყოველგვარი სიკეთით ავსებს და მდიდრებს ხელცარიელს უშვებს. მოდის ისრაელის, თავისი მსახურის დასახმარებლად, ახსოვს თავისი გულმოწყალება მარადიულად, როგორც ეუბნებოდა კიდეც ჩვენს მამა-პაპას, აბრაამსა და მის შთამომავლობას“ (ლუკა 1:51—55).

მარიამი დაახლოებით სამი თვე რჩება ელისაბედთან, როგორც ჩანს, იმ მიზნით, რომ ბოლო კვირებში დაეხმაროს მას. ამ ორი ღვთისმოშიში ქალისთვის, რომლებიც ღვთის ძალით სასწაულებრივად დაფეხმძიმდნენ, მართლაც დიდი შვება იქნებოდა ასეთ დროს ერთად ყოფნა.

ალბათ, შეამჩნიეთ, როგორ განადიდეს იესო ჯერ კიდევ დაბადებამდე. ელისაბედმა მას „ჩემი უფალი“ უწოდა და მარიამის დანახვაზე „ჩვილი დიდი სიხარულით შეუთამაშდა მუცელში“. თუმცა შემდგომში დავინახავთ, რომ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უპატივცემულოდ ექცეოდნენ მარიამსა და მის ვაჟს.