არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 5

სად და როდის იბადება იესო

სად და როდის იბადება იესო

ლუკა 2:1—20

  • იესო ბეთლემში იბადება

  • მწყემსები ახალდაბადებული იესოს სანახავად მიდიან

რომის იმპერატორის, კეისარ ავგუსტუსის ბრძანებულების თანახმად, ყველა ვალდებულია, აღსაწერად თავ-თავის ქალაქში ჩავიდეს. ამიტომ იოსები მარიამთან ერთად იმ ქალაქში მიდის, სადაც დაიბადა. ეს ქალაქი იერუსალიმის სამხრეთით მდებარეობს და ბეთლემის სახელითაა ცნობილი.

ამ მიზნით ბეთლემში ბევრი ხალხია ჩასული, რის გამოც რთულია ღამის გასათევის პოვნა. ერთადერთი თავშესაფარი, რასაც იოსები პოულობს, ბოსელია. სწორედ აქ, ვირებისა და საქონლის სადგომში, იბადება იესო. ახალდაბადებულს მარიამი ნაჭრებში ახვევს და ბაგაში აწვენს — იქ, სადაც პირუტყვს უყრიან საჭმელს.

როგორც ჩანს, სწორედ იეჰოვას ნებით მოხდა, რომ კეისარმა ავგუსტუსმა აღწერის თაობაზე ბრძანებულება გამოსცა. რის საფუძველზე შეგვიძლია ამის თქმა? სწორედ ამ ბრძანებულებამ განაპირობა ის, რომ იესო ბეთლემში, თავისი წინაპრის, მეფე დავითის მშობლიურ ქალაქში დაიბადა. წმინდა წერილებში ხომ ამ მოვლენამდე დიდი ხნით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ ამ ქალაქიდან უნდა გამოსულიყო აღთქმული მმართველი?! (მიქა 5:2).

ღამით გარეთ მწყემსები შეკრებილან; ისინი განსაკუთრებული მოვლენის მომსწრენი ხდებიან — მოულოდნელად მათ თვალს სჭრის კაშკაშა სინათლე, რომელიც არემარეს ეფინება. ეს აშკარად იეჰოვას დიდებაა! მწყემსები ღვთის ანგელოზს ხედავენ, რომელიც ამცნობს მათ: «„ნუ გეშინიათ, რადგან გახარებთ, რომ ყველას დიდი სიხარული ელის: დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მხსნელი, უფალი ქრისტე. ნიშნად ეს გექნებათ: ჩვილს იპოვით სახვევებში გახვეულსა და ბაგაში ჩაწვენილს“. უეცრად ანგელოზთან დიდძალი ზეციერი ლაშქარი გამოჩნდა და ღმერთს ადიდებდა: „დიდება ზეციერ ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს“» (ლუკა 2:10—14).

მას შემდეგ, რაც ანგელოზები ტოვებენ მწყემსებს, ისინი ერთმანეთს ეუბნებიან: „მოდი პირდაპირ ბეთლემში წავიდეთ და ვნახოთ, რაც იეჰოვამ გვამცნო“ (ლუკა 2:15). ისინი სასწრაფოდ მიდიან ახალდაბადებული იესოს სანახავად ზუსტად იმ ადგილას, რომელზეც ანგელოზმა მიუთითა. მწყემსები ანგელოზის მიერ ნათქვამ სიტყვებს იოსებსა და მარიამს აუწყებენ; მარიამი მათ თითოეულ სიტყვას იმახსოვრებს და გულში დასკვნებს აკეთებს. როგორც ჩანს, მწყემსები სხვებსაც ამცნობენ ამ ამბავს. მოსმენილით ყველა გაოცებულია.

დღეს ბევრს სჯერა, რომ იესო 25 დეკემბერს დაიბადა. მაგრამ ბეთლემში დეკემბერი საკმაოდ ცივი და წვიმიანია; დროდადრო თოვლიც კი მოდის. ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, რომ წლის ამ დროს მწყემსებს ფარა ღია ცის ქვეშ ჰყოლოდათ. ისიც დაუჯერებელია, რომ რომის იმპერატორს შუა ზამთარში იმ ხალხისგან მოეთხოვა ბეთლემში ჩასვლა, რომლებიც ისედაც მტრულად იყვნენ მის მიმართ განწყობილნი და მის წინააღმდეგ ამბოხების მოწყობას აპირებდნენ. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ იესო სადღაც ოქტომბრის თვეში დაიბადა.