არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 9

იესო ნაზარეთში იზრდება

იესო ნაზარეთში იზრდება

მათე 13:55, 56; მარკოზი 6:3

  • მარიამს კიდევ უჩნდება შვილები

  • იესო ხელობას ეუფლება

იესო არაფრით გამორჩეულ, ერთ პატარა ქალაქ ნაზარეთში იზრდება. ეს ქალაქი მდებარეობს იუდეის ჩრდილოეთით, გალილეად წოდებულ მთაგორიან მხარეში, კერძოდ, გალილეის ტბის დასავლეთ ნაწილში; ეს ტბა სიდიდის გამო გალილეის ზღვის სახელითაცაა ცნობილი.

ალბათ, იესო სადღაც ორი წლისაა, როცა იოსებს და მარიამს ეგვიპტიდან ნაზარეთში ჩაჰყავთ. როგორც ჩანს, ამ დროისთვის მათ მხოლოდ ერთი შვილი ჰყავთ. მოგვიანებით მარიამს იაკობი, იოსები, სიმონი და იუდა უჩნდება. ბიბლიიდან ისიც ჩანს, რომ იოსებს და მარიამს გოგონებიც შეეძინათ. ასე რომ, იესოს, სულ მცირე, ექვსი უმცროსი და-ძმა ჰყავს.

რასაკვირველია, იესოს სხვა ნათესავებიც ჰყავს. ჩვენ უკვე მოვიხსენიეთ ელისაბედი და მისი ვაჟი იოანე, რომელიც ნაზარეთიდან სამხრეთით, მრავალი კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს იუდეაში. იესოს კიდევ ერთი ახლო ნათესავია სალომე, რომელიც მის ოჯახთან ახლოს, გალილეაში ცხოვრობს. როგორც ჩანს, ის მარიამის დაა და იესოს დეიდად ეკუთვნის. სალომეს მეუღლეს ზებედე ჰქვია. მათი ორი ვაჟი, იაკობი და იოანე კი იესოს დეიდაშვილები გამოდიან. ჩვენთვის უცნობია, მათთან ერთად იზრდებოდა თუ არა იესო, მაგრამ ის კი ვიცით, რომ საბოლოოდ ისინი მისი თანამსახურები და მოციქულებიც კი გახდნენ.

იოსებს მძიმედ უწევს შრომა თავისი დიდი ოჯახის სარჩენად. ის დურგალია; იგი ღვიძლი შვილივით ზრდის იესოს და ამიტომ მას „დურგლის ვაჟს“ უწოდებენ (მათე 13:55). იოსები იესოს თავის ხელობას ასწავლის და იესოსგან იმდენად კარგი დურგალი დგება, რომ მასზე მოგვიანებით ხალხი ამბობს: „განა ეს დურგალი არ არის?“ (მარკოზი 6:3).

ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ იოსებისა და მისი ოჯახის წევრების ცხოვრებაში მთავარი ადგილი იეჰოვას თაყვანისცემას ეკავა. იოსები და მარიამი ზედმიწევნით მიჰყვებოდნენ ღვთის კანონს და შვილებს ჩააგონებდნენ „სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (კანონი 6:6—9). ეჭვი არ გვეპარება, რომ იოსები ოჯახთან ერთად ღვთის თაყვანსაცემად ყოველთვის დადიოდა ნაზარეთის სინაგოგაში. მოგვიანებით იესოზე ასეთი სიტყვებიც კი ჩაიწერა ბიბლიაში: „ჩვეულებისამებრ, შაბათს სინაგოგაში შევიდა“ (ლუკა 4:16). ამ ოჯახს აგრეთვე ჩვევად ჰქონდა იერუსალიმის ტაძარში სიარული, სადაც თაყვანს სცემდნენ იეჰოვას და ეს მათ უდიდეს სიხარულს ანიჭებდა.