არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 12

იესო ინათლება

იესო ინათლება

მათე 3:13—17; მარკოზი 1:9—11; ლუკა 3:21, 22; იოანე 1:32—34

  • იესო ინათლება და ცხებული ხდება

  • იეჰოვა აცხადებს, რომ იესო მისი ძეა

სადღაც ექვსი თვეა გასული მას შემდეგ, რაც იოანე ნათლისმცემელმა ქადაგება დაიწყო. იესო, რომელიც ამ დროისთვის დაახლოებით 30 წლისაა, იოანესთან მიდის, რომელიც მდინარე იორდანის ნაპირთანაა. რა მიზნით მიდის იესო იოანესთან? ის უბრალოდ იოანეს მოსანახულებლად არ არის მისული და არც მხოლოდ იმის გაგება სურს, თუ როგორ ასრულებს ის თავის საქმეს. სინამდვილეში იესოს უნდა, რომ იოანემ მონათლოს.

იოანე თავდაპირველად მას წინააღმდეგობას უწევს და ეს გასაგებიცაა. ის ეუბნება იესოს: „მე ვსაჭიროებ შენგან მონათვლას და შენ ჩემთან მოდიხარ?“ (მათე 3:14). იოანემ იცის, რომ იესო ღვთის ძეა და განსაკუთრებული როლი აკისრია. ალბათ, გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ დედის მუცელში მყოფი იოანე სიხარულისგან შეთამაშდა, როდესაც დედამისმა, ელისაბედმა ფეხმძიმე მარიამი დაინახა. ელისაბედი მას ამის შესახებ უეჭველად მოუყვებოდა. იოანეს იმ სიტყვების შესახებაც ეცოდინებოდა, ანგელოზმა რომ უთხრა მარიამს და ის ამბავიც მოსმენილი ექნებოდა, რომელიც იესოს დაბადების ღამეს მოხდა, როდესაც მწყემსებს ანგელოზები გამოეცხადნენ.

იოანემ იცის, რომ ის ხალხს ცოდვების მონანიების ნიშნად ნათლავს. იესო კი უცოდველია. წინააღმდეგობის მიუხედავად, იესო იოანეს ეუბნება: „ამჯერად ასე იყოს, რადგან ასე გვმართებს მთელი სიმართლის შესრულება“ (მათე 3:15).

რატომ უნდა მოინათლოს იესო? ფაქტია, რომ ცოდვების მონანიების ნიშნად არა; მის ნათლობას სხვა დატვირთვა აქვს — მას სურს, ზეციერ მამას მისი ნების შესასრულებლად წარუდგინოს თავი (ებრაელები 10:5—7). ამ დრომდე იესო დურგალი იყო, მაგრამ ახლა დგება დრო, როცა მან თავი იმ საქმეს უნდა მიუძღვნას, რომლის შესასრულებლადაც ზეციერმა მამამ დედამიწაზე გამოგზავნა. როგორ ფიქრობთ, მოელის იოანე, რომ იესოს ნათლობის დროს რაღაც უჩვეულო მოხდება?

იოანე მოგვიანებით ამბობს: «ვინც ხალხის წყალში მოსანათლავად გამომგზავნა, მითხრა: „ვისზედაც დაინახავ, რომ სული დაეშვება და დარჩება, ის მონათლავს წმინდა სულით“» (იოანე 1:33). აქედან გამომდინარე, იოანემ იცის, რომ ერთ-ერთ მათგანზე, ვისაც ის მონათლავს, წმინდა სული გადმოვა. ამიტომ იოანეს, ალბათ, არ უკვირს, როცა ხედავს, რომ წყლიდან ამოსულ „იესოზე მტრედის სახით ეშვება ღვთის სული“ (მათე 3:16).

იესოს ნათლობის დროს სხვა უჩვეულო მოვლენაც ხდება. ამ დროს „იხსნება ცა“! რას უნდა ნიშნავდეს ეს? როგორც ჩანს, ნათლობის დროს იესოს მთელი თავისი ზეციერი ცხოვრება წარმოუდგება თვალწინ; მას ახსენდება ზეციერი მამის გვერდით გატარებული დრო და ყველაფერი, რაც, როგორც სულიერმა ქმნილებამ, ზეცაში მამისგან ისწავლა.

ნათლობის დროს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ხდება; ზეციდან გაისმის ხმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათე 3:17). ვისი ხმაა ეს? ეს ვერ იქნება თავად იესოს ხმა, რადგან ის ამ დროს იოანეს გვერდითაა. ეს ღმერთის ხმაა, რაც აშკარად ამტკიცებს, რომ იესო ნამდვილად ღვთის ძეა. აქედან კარგად ჩანს, რომ იესო ღმერთი არ არის.

აღსანიშნავია, რომ იესო პირველი ადამიანის, ადამის მსგავსად, ღვთის მიწიერი ძეა. მოწაფე ლუკა, მას შემდეგ რაც თავის სახარებაში იესოს ნათლობის შესახებ მოგვითხრობს, წერს: „დაახლოებით ოცდაათი წლისა იყო იესო, როცა დაიწყო თავისი საქმე, და, როგორც თვლიდნენ, იგი იყო იოსების ძე, ელის ძე . . . დავითის ძე . . . აბრაამის ძე . . . ნოეს ძე . . . ადამის ძე, ღვთის ძე“ (ლუკა 3:23—38).

როგორც ადამი იყო ღვთის მიწიერი ძე, ისე იესოც. ნათლობის შემდეგ იესომ ღმერთთან სრულიად ახალი სახის ურთიერთობა დაიწყო — ის მისი სულიერი ძე გახდა. ასე რომ, იესოს ახლა შეუძლია ხალხს ჭეშმარიტება ასწავლოს და სიცოცხლისკენ მიმავალი გზა უჩვენოს. იესოს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება; მალე მან, როგორც სრულყოფილმა ადამიანმა, საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად უნდა გაიღოს ცოდვილი კაცობრიობისთვის.