არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 19

იესო სამარიელ ქალს ჭეშმარიტებას უმჟღავნებს

იესო სამარიელ ქალს ჭეშმარიტებას უმჟღავნებს

იოანე 4:3—43

  • იესო სამარიელ ქალს და სხვებს ჭეშმარიტებას უზიარებს

  • იესო სამარიელ ქალს უხსნის, როგორ თაყვანისცემას იწონებს ღმერთი

იესო და მისი მოწაფეები იუდეიდან გალილეისკენ მიმავალ გზას ადგანან; მათ გეზი ჩრდილოეთისკენ აქვთ აღებული. შუადღისით მგზავრობისგან ქანცგაწყვეტილნი სულის მოსათქმელად სამარიის ერთ-ერთი ქალაქის, სიქარის მახლობლად, იაკობის ჭასთან ჩერდებიან. ამ ჭას დიდი ისტორია აქვს; საუკუნეების წინ ის იაკობმა ამოთხარა, თუმცა დანამდვილებით არ ვიცით, მარტომ გააკეთა ეს თუ სხვები დაიქირავა მის ამოსათხრელად. ამ ჭის ნახვა დღესაც შეგიძლიათ ისრაელის თანამედროვე ქალაქ ნაბლუსის სიახლოვეს.

სანამ იესო ჭასთან ისვენებს, მისი მოწაფეები ქალაქში მიდიან საჭმლის საყიდლად. ამ დროს ჭასთან ერთი სამარიელი ქალი მოდის წყლის ამოსაღებად. იესო ეუბნება ქალს: „წყალი დამალევინე“ (იოანე 4:7).

დიდი ხნის მანძილზე არსებული დაძაბულობის გამო იუდეველებსა და სამარიელებს, შეიძლება ითქვას, საერთოდ არა აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა. ამიტომ ქალი გაკვირვებული ეკითხება იესოს: „როგორ მთხოვ შენ, იუდეველი, სამარიელ ქალს, დამალევინეო?“. პასუხად იესო ეუბნება: „რომ იცოდე, რა არის ღვთის უსასყიდლო ძღვენი და ვინ გეუბნება, წყალი დამალევინეო, თვითონვე სთხოვდი მას და ის სიცოცხლის წყალს მოგცემდა“. „ბატონო, — მიმართავს ქალი იესოს. — წყლის ამოსაღები ჭურჭელი არა გაქვს, ჭა კი ღრმაა. საიდანა გაქვს სიცოცხლის წყალი? განა შენ ჩვენს წინაპარ იაკობზე დიდი ხარ, ვინც ეს ჭა მოგვცა და თვითონაც აქედან სვამდა, მისი ვაჟებიც და მისი საქონელიც?“ (იოანე 4:9—12).

იესო პასუხობს: „ვინც ამ წყალს დალევს, ისევ მოსწყურდება, მაგრამ, ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება, არამედ წყალი, რომელსაც მე მივცემ, მარადიული სიცოცხლის მოჩუხჩუხე წყაროდ გადაიქცევა მასში“ (იოანე 4:13, 14). ალბათ, შეამჩნიეთ, რომ დაღლილობის მიუხედავად, იესო მზად არის, სამარიელი ქალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას აზიაროს.

ამის გაგონებაზე ქალი ეუბნება მას: „ბატონო, მომეცი ეგ წყალი, რომ აღარც მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ“. ამის შემდეგ, როგორც ჩანს, იესოს სხვა კუთხით მიჰყავს საუბარი და ქალს ეუბნება: „წადი, შენს ქმარს დაუძახე და მოდი“. ქალი პასუხობს: „არა მყავს ქმარი“. სამარიელ ქალს, ალბათ, აოგნებს ის, რასაც იესო ახლა ეუბნება: „მართალი თქვი, ქმარი არა მყავსო, რადგან ხუთი ქმარი გყავდა, ის კი, ვინც ახლა გყავს, შენი ქმარი არ არის“ (იოანე 4:15—18).

ეს სრული სიმართლეა. მოსმენილით გაოცებული ქალი იესოს ეუბნება: „ბატონო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ“. ის, რასაც ქალი ამის შემდეგ ამბობს, აჩვენებს, რომ მოწყურებულია ჭეშმარიტებას: „ჩვენი წინაპრები [სამარიელები] ამ მთაზე [გერიზიმის მთა, რომელიც სიქართან ახლოს მდებარეობს] სცემდნენ თაყვანს, თქვენ [იუდეველები] კი ამბობთ, იერუსალიმშიაო თაყვანისცემის ადგილი“ (იოანე 4:19, 20).

მაგრამ იესო განუმარტავს მას, რომ თაყვანისცემის ადგილს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. ის ეუბნება ქალს: „მოდის საათი, როცა აღარც ამ მთაზე სცემთ მამას თაყვანს და აღარც იერუსალიმში“. შემდეგ იესო დასძენს: „მოდის საათი და უკვე მოვიდა კიდეც, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს, რადგან მამა სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“ (იოანე 4:21, 23, 24).

ზეციერი მამისთვის იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, თუ სად სცემენ მისი ერთგული მსახურები თაყვანს, არამედ იმას, თუ როგორ სცემენ მას თაყვანს. ქალზე იესოს ნათქვამი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ის ამბობს: „ვიცი, რომ მოდის მესია, ქრისტედ წოდებული. როცა მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს“ (იოანე 4:25).

შემდეგ იესო მას კიდევ ერთ საგულისხმო ფაქტს უმჟღავნებს: „ეს მე ვარ, ვინც გელაპარაკები“ (იოანე 4:26). უბრალოდ დაფიქრდით: ჭასთან წყლის ამოსაღებად მისულ ერთ უბრალო ქალს იესო იმას უმჟღავნებს, რაც ასე აშკარად ჯერ არავისთვის გაუმჟღავნებია — ის ხმამაღლა პირველად ამბობს, რომ აღთქმული მესიაა! რამხელა პატივი დასდო იესომ ამ სამარიელ ქალს!

ბევრი სამარიელი იესოსადმი რწმენას ავლენს

იესოს მოწაფეები სიქარიდან უკან ბრუნდებიან; ისინი ხედავენ, რომ თავიანთი მოძღვარი, რომელიც იაკობის ჭასთან დატოვეს, მარტო არ არის — იგი სამარიელ ქალს ესაუბრება. მოწაფეების მოსვლის შემდეგ ქალი ჭასთან ტოვებს თავის წყლის ჭურჭელს და ქალაქში მიდის.

ქალაქში მისვლისთანავე ქალი ხალხს იესოს ნათქვამს უყვება. ის ეუბნება მათ: „წამოდით, ნახეთ ის კაცი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი გამიკეთებია“. შემდეგ კი, როგორც ჩანს, ცნობისმოყვარეობა რომ აღუძრას, ეკითხება: „ის ხომ არ არის ქრისტე?“ (იოანე 4:29). ეს სწორედ ის კითხვაა, რომელიც ჯერ კიდევ მოსეს დროიდან აწუხებთ ისრაელებს (კანონი 18:18). სამარიელი ქალის სიტყვების მოსმენის შემდეგ ხალხი იაკობის ჭისკენ მიდის, რათა საკუთარი თვალით ნახონ იესო.

ამასობაში მოწაფეები სთხოვენ იესოს, რამე მაინც ჭამოს. მაგრამ ის ასეთ სიტყვებს ეუბნება: „მე მაქვს საჭმელი, რაც თქვენ არ იცით“. მოწაფეები გაკვირვებულები ეკითხებიან ერთმანეთს: „ვინმემ ხომ არ მოუტანა საჭმელი?“ იესო თავაზიანად უხსნის მათ თავის ნათქვამს და ისეთ სიტყვებს ეუბნება, რომლებსაც დღემდე დიდი მნიშვნელობა აქვს იესოს ყველა მიმდევრისთვის: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო და მისი საქმე დავასრულო“ (იოანე 4:32—34).

რა საქმეს გულისხმობს იესო? ის ამბობს: „ასწიეთ თავი და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან მოსამკელად. უკვე იღებს მომკელი გასამრჯელოს და აგროვებს ნაყოფს მარადიული სიცოცხლისთვის, რათა მთესველმა და მომკელმა ერთად გაიხარონ“ (იოანე 4:35, 36). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ იესო არ გულისხმობს პირდაპირი გაგებით მკას, რადგან მკამდე ჯერ კიდევ ოთხი თვეა დარჩენილი. ის სინამდვილეში სულიერ მკაზე საუბრობს.

იესო, ალბათ, ხვდება, რომ სამარიელ ქალთან საუბარი უკვალოდ არ ჩაივლის. მართლაც, ბევრი სიქარელი ამ ქალის სიტყვების მოსმენის შემდეგ რწმენას ავლენს იესოს მიმართ, რადგან ქალმა მათ უთხრა: „ყველაფერი მითხრა, რაც კი გამიკეთებია“ (იოანე 4:39). ამიტომ, როდესაც სიქარელები იესოსთან მიდიან, სთხოვენ, დარჩეს მათთან და უფრო მეტი გაუმჟღავნოს. იესო თანხმდება და ორი დღე რჩება სამარიაში.

იესოს სიტყვების მოსმენის შემდეგ უფრო და უფრო მეტი სამარიელი რწმუნდება, რომ ის მესიაა. ისინი ეუბნებიან ამ ქალს: „უკვე შენი ნათქვამის გამო კი აღარა გვწამს, არამედ ჩვენ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ეს კაცი ნამდვილად ქვეყნიერების მხსნელია“ (იოანე 4:42). სამარიელმა ქალმა მართლაც საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა, თუ როგორ დავამოწმოთ ქრისტეზე და როგორ აღვუძრათ მსმენელს მეტის გაგების სურვილი.

ალბათ, გახსოვთ, რომ მკამდე, რაშიც, როგორც ჩანს, ქერის მკა იგულისხმება და რომელიც ამ მხარეში გაზაფხულზე უწევს, ჯერ კიდევ ოთხი თვეა დარჩენილი. აქედან გამომდინარე, ახლა, სავარაუდოდ, ნოემბრის ან დეკემბრის თვეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახ. წ. 30 წელს პასექის აღნიშვნის შემდეგ იესომ და მისმა მოწაფეებმა დაახლოებით რვა თვე დაჰყვეს იუდეაში, სადაც ხალხს ასწავლიდნენ და ნათლავდნენ. ახლა კი ისინი გეზს მშობლიური გალილეისკენ იღებენ. რა ელით მათ წინ?