არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 20

მეორე სასწაული კანაში

მეორე სასწაული კანაში

მარკოზი 1:14, 15; ლუკა 4:14, 15; იოანე 4:43—54

  • იესო ქადაგებს, რომ „მოახლოვდა ღვთის სამეფო“

  • იესო შორი მანძილიდან კურნავს მეფის მოხელის ვაჟს

იესო ორ დღეს რჩება სამარიაში და შემდეგ მშობლიური მხარისკენ, გალილეისკენ მიემართება. მართალია, იესო იუდეაში მოწაფეებთან ერთად საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე დაუღალავად მსახურობდა, მაგრამ გალილეაში დასვენების მიზნით ნამდვილად არ ბრუნდება. მეტიც, ის უფრო აფართოებს მსახურებას თავის მშობლიურ მხარეში. იესო შესაძლოა არ მოელის, რომ კარგად მიიღებენ გალილეაში, რადგან, როგორც თავად თქვა, „წინასწარმეტყველს თავის სამშობლოში პატივს არ სცემენ“ (იოანე 4:44). მისი მოწაფეები ნაცვლად იმისა, რომ მასთან დარჩნენ, სახლებში მიდიან და ძველ საქმეებს უბრუნდებიან.

რა ცნობას გადასცემს იესო იქ მცხოვრებთ? ის ეუბნება მათ: „მოახლოვდა ღვთის სამეფო. ხალხო, მოინანიეთ და ირწმუნეთ სასიხარულო ცნობა“ (მარკოზი 1:15). როგორ ეხმაურება იესოს მსმენელი? ბევრი გალილეელი კარგად იღებს მას და პატივს მიაგებს, მაგრამ არა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ცნობა აღაფრთოვანებთ; ზოგ მათგანზე იესოს იმ სასწაულებმაც მოახდინა შთაბეჭდილება, რომლებიც რამდენიმე თვის წინ იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე ყოფნის დროს საკუთარი თვალით იხილეს (იოანე 2:23).

საიდან იწყებს იესო ფართომასშტაბიან მსახურებას გალილეაში? როგორც ჩანს, კანიდან, სადაც მან ერთხელ უკვე მოახდინა სასწაული და საქორწინო ნადიმზე წყალი ღვინოდ გადააქცია. ახლა ის მეორედაა კანაში და კიდევ ერთ სასწაულს ახდენს; იქ ყოფნის დროს იესო იგებს, რომ ერთი ყმაწვილი სიკვდილის პირასაა. ამ ახალგაზრდის მამა მეფის მოხელეა; ეს მეფე ჰეროდე ანტიპაა, რომელიც მოგვიანებით იოანე ნათლისმცემელს სიკვდილით სჯის. მომაკვდავი ბიჭის მამა იგებს, რომ იესო იუდეიდან გალილეაში, კერძოდ კანაშია ჩასული. ამიტომ შვილის მდგომარეობით გულმოკლული მამა კაპერნაუმიდან, სადაც თავად ცხოვრობს, კანაში ჩადის იესოსთან შესახვედრად. როცა პოულობს, ევედრება: „უფალო, წამოდი, სანამ არ მომკვდარა ჩემი შვილი“ (იოანე 4:49).

იესოს პასუხი უეჭველად ანცვიფრებს ამ კაცს: „წადი, ცოცხალია შენი შვილი“ (იოანე 4:50). მეფის მოხელე რწმენას ავლენს იესოს მიმართ და სახლში ბრუნდება. გზად ის თავის მონებს ხვდება, რომლებსაც ერთი სული აქვთ, თავის ბატონს კარგი ამბავი შეატყობინონ — მისი ვაჟი ცოცხალია და კარგად გრძნობს თავს! ის ცდილობს, მოვლენები ერთმანეთს დაუკავშიროს და ამიტომ თავის მონებს ეკითხება, რომელ საათზე გამოკეთდა მისი ვაჟი.

ისინი პასუხობენ: „გუშინ მეშვიდე საათისთვის დაუვარდა სიცხე“ (იოანე 4:52).

ეს კაცი ხვდება, რომ სწორედ ამ დროს უთხრა იესომ ეს სიტყვები: „ცოცხალია შენი შვილი“. შედეგად, ეს მდიდარი კაცი და მთელი მისი სახლეული იესო ქრისტეს მოწაფეები ხდებიან.

როგორც ვხედავთ, კანაში იესომ ორი სასწაული მოახდინა: ერთი მაშინ, როცა წყალი ღვინოდ აქცია და მეორე, როდესაც ერთი მომაკვდავი ყმაწვილი, რომელიც მისგან საკმაოდ შორს, დაახლოებით 26 კილომეტრის მოშორებით იმყოფებოდა, განკურნა. რა თქმა უნდა, იესომ სხვა ბევრი სასწაულიც მოახდინა. მაგრამ ეს შემთხვევა საგულისხმოა, რადგან ეს იყო პირველი სასწაული, რომელიც მან ამჯერად მშობლიურ მხარეში დაბრუნების შემდეგ მოახდინა. აშკარაა, რომ იესო ღვთის მოწონებით სარგებლობს, მაგრამ საინტერესოა, რამდენად დააფასებენ ამ „წინასწარმეტყველს თავის სამშობლოში“?

ეს მალე გახდება ცხადი, რადგან იესო ამჯერად მშობლიურ ქალაქში, ნაზარეთში ბრუნდება. რა ელოდება მას იქ?