არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 21

ქადაგება ნაზარეთის სინაგოგაში

ქადაგება ნაზარეთის სინაგოგაში

ლუკა 4:16—31

  • იესო ესაია წინასწარმეტყველის გრაგნილს კითხულობს

  • ნაზარეთელებს იესოს მოკვლა სურთ

ნაზარეთში დიდი მღელვარებაა. წელიწადზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც იესომ ნაზარეთი იმ მიზნით დატოვა, რომ მონათლულიყო. იმ დროს ის თავის ქალაქში ყველასთვის ერთი უბრალო დურგალი იყო, მაგრამ ახლა მასზე, როგორც სასწაულმოქმედზე, ისე საუბრობენ. ნაზარეთელებს ერთი სული აქვთ, საკუთარი თვალით იხილონ მისი სასწაულები.

მღელვარება კიდევ უფრო მატულობს, როდესაც იესო, ჩვეულებისამებრ, ადგილობრივ სინაგოგაში მიდის. შაბათი დღეა და სინაგოგაში ყოველკვირეული მსახურება სრულდება, რომლის დროსაც საჯაროდ წარმოითქმება ლოცვა და ხმამაღლა იკითხება მონაკვეთები მოსეს წიგნიდან და სხვა ღვთივშთაგონებული, წინასწარმეტყველური წიგნებიდან (საქმეები 15:21). იესო ფეხზე დგება და ალბათ, იქ შეკრებილთ, რომელთა უმეტესობაც, უეჭველია, მის ნაცნობთა რიგებს განეკუთვნება, თვალს მოავლებს; მას ხომ წლების მანძილზე სწორედ ამ სინაგოგაში უწევდა ყოველ შაბათს სიარული. იესოს ესაია წინასწარმეტყველის გრაგნილს აწვდიან. ის შლის მას და იმ ადგილის კითხვას იწყებს, სადაც ესაია იეჰოვას ცხებულის შესახებ წინასწარმეტყველებს (ესაია 61:1, 2).

იესო კითხულობს, როგორ გაათავისუფლებს ღვთის ცხებული ხალხს ტყვეობიდან, როგორ დაუბრუნებს უსინათლოებს თვალისჩინს და როგორ გააცხადებს იეჰოვას კეთილგანწყობის წელიწადის შესახებ. კითხვის დასრულების შემდეგ იესო უკან აბრუნებს გრაგნილს და ჯდება. ყველას მისკენ აქვს მიპყრობილი მზერა. ამ დროს ის ყველასთვის ყურადსაღებ სიტყვებს წარმოთქვამს: „დღეს შესრულდა წმინდა წერილების ეს ადგილი, რაც ახლა მოისმინეთ“ (ლუკა 4:21).

ხალხი აღტაცებულია, თუ რა „მადლიანი სიტყვებით“ საუბრობს იესო; ისინი ერთმანეთს ეკითხებიან: „განა ეს იოსების ვაჟი არ არის?“. იესო ხვდება, რომ ეს ხალხი მისგან იმ სასწაულებს ელის, რომელთა შესახებაც ესაიას წიგნიდან ამოიკითხა, ამიტომ ამბობს: «თქვენ უეჭველად ამ ანდაზას მომისადაგებთ: „მკურნალო, საკუთარი თავი განკურნეო. შენს მშობლიურ მხარეშიც მოახდინე ის, რაც კაპერნაუმში მოგიხდენიაო“» (ლუკა 4:22, 23). როგორც ჩანს, ამ ხალხის აზრით, რომელთა შორისაც ბევრი იესოს მეზობელი იყო, მას სხვების განკურნება მშობლიური ქალაქიდან უნდა დაეწყო და თავდაპირველად თავის ხალხზე უნდა ეზრუნა; ამიტომ შესაძლოა ფიქრობენ, რომ იესო არაფრად აგდებს მათ.

იესო ხვდება, თუ რა ფიქრები უტრიალებთ გონებაში და მათი ყურადღება ძველ დროში მომხდარ ყველასთვის კარგად ნაცნობ ზოგიერთ შემთხვევაზე გადააქვს. ის საუბარს ელია წინასწარმეტყველის შემთხვევით იწყებს. ელიას მსახურების დროს ისრაელში ბევრი ქვრივი ცხოვრობდა, მაგრამ იეჰოვას არც ერთ მათგანთან არ წარუგზავნია ელია; მან ეს წინასწარმეტყველი არაისრაელ ქალთან, სიდონის მახლობლად პატარა ქალაქ სარეფთაში მცხოვრებ ერთ ქვრივთან გაგზავნა; სწორედ ამ ქალის სახლში მოახდინა მან სასწაული, რითაც ეს ქალიც და მისი ვაჟიც სიკვდილისგან იხსნა (1 მეფეები 17:8—16). შემდეგ იესომ მათ სხვა წინასწარმეტყველის, ელისეს მაგალითიც მოუყვანა, რომელმაც ისრაელში მცხოვრები კეთროვნები კი არა, სირიელი კეთროვანი კაცი, ნაამანი განკურნა (2 მეფეები 5:1, 8—14).

საინტერესოა, როგორ რეაგირებენ სინაგოგაში შეკრებილები იესოს სიტყვებზე. როგორც ჩანს, მის მიერ მოყვანილი მაგალითები აღაშფოთებს ხალხს, რადგან მათ ეგოიზმსა და ურწმუნოებას ხდის ფარდას; განრისხებულებს სასწრაფოდ ქალაქიდან გაჰყავთ ის და სურთ, იმ მთის თხემიდან გადააგდონ, რომელზეც მათი ქალაქი, ნაზარეთია გაშენებული. მაგრამ იგი როგორღაც ხელიდან უსხლტება გახელებულ ბრბოს და თავს აღწევს მათ. ახლა ის კაპერნაუმისკენ იღებს გეზს, რომელიც გალილეის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.