არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 23

იესო სასწაულებს ახდენს კაპერნაუმში

იესო სასწაულებს ახდენს კაპერნაუმში

მათე 8:14—17; მარკოზი 1:21—34; ლუკა 4:31—41

  • იესო ერთ კაცს დემონის ტყვეობისგან ათავისუფლებს

  • იესო პეტრეს სიდედრს კურნავს

იესო თავის ოთხ მოწაფეს — პეტრეს, ანდრიას, იაკობსა და იოანეს დაჰპირდა, რომ „ადამიანთა მებადურებად“ აქცევდა. ახლა შაბათია, ამიტომ ისინი ერთად მიდიან კაპერნაუმის სინაგოგაში. იესო ბევრ რამეს უხსნის იქ შეკრებილთ; ხალხი აქაც გაოცებულია იმით, თუ „როგორ ასწავლის [იესო], რადგან ასწავლის როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მწიგნობარი“.

სინაგოგაში ერთი მამაკაცი შემოდის, რომელიც დემონითაა შეპყრობილი. ის ყვირილს იწყებს: „რა გვაქვს შენთან საერთო, იესო ნაზარეთელო? ჩვენ მოსასპობად მოხვედი? ზუსტად ვიცი ვინცა ხარ — ღვთის წმინდა“. იესო შერისხავს დემონს, რომელსაც შეპყრობილი ჰყავს ეს კაცი, და ეუბნება: „გაჩუმდი და გამოდი მისგან!“ (მარკოზი 1:24, 25).

ამის მოსმენაზე ბოროტი სული კრუნჩხვებში აგდებს ამ კაცს, რომელიც ძირს ვარდება და მთელი ხმით ყვირის. თუმცა მისგან ისე გამოდის, რომ არანაირ „ზიანს არ აყენებს“ (ლუკა 4:35). სინაგოგაში მყოფი ხალხი გაოცებულია. ისინი კითხულობენ: „ეს რა არის? . . არაწმინდა სულებსაც კი ისე უბრძანებს, როგორც ძალაუფლების მქონე, და ისინიც ემორჩილებიან“ (მარკოზი 1:27). ეს ამბავი მალე მთელ გალილეაში ვრცელდება.

სინაგოგიდან გამოსვლის შემდეგ იესო მოწაფეებთან ერთად სიმონის, იგივე პეტრეს სახლში მიდის. პეტრეს სიდედრს მაღალი სიცხე აქვს და ძალიან ცუდადაა. ოჯახის წევრები სთხოვენ იესოს, რამე იღონოს. იესო ქალთან მიდის, ხელს ჰკიდებს და ფეხზე აყენებს. გამოჯანმრთელებული ქალი მაშინვე იესოსა და მისი მოწაფეების მომსახურებას იწყებს და, როგორც ჩანს, მათთვის საჭმელსაც ამზადებს.

შებინდებისას პეტრეს სახლს ბევრი ხალხი აწყდება; მათ ავადმყოფები მოჰყავთ. ცოტა ხანში თითქმის მთელი ქალაქი პეტრეს სახლის კართან იყრის თავს. რამ მოიყვანა ისინი აქ? მათ იესოსთან „სხვადასხვა სენით დაავადებულები მიჰყავთ . . . ის [კი] ხელების დადებით კურნავს მათ“ (ლუკა 4:40). იესოსთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს სხვადასხვა სენით დაავადებული ადამიანების განკურნება, როგორც იყო კიდეც ნაწინასწარმეტყველები (ესაია 53:4). ჩვენ დავინახეთ, რომ იესო დემონებით შეპყრობილებსაც ათავისუფლებს. ბოროტი სულები, რომლებსაც იესო ამ ხალხისგან დევნის, ყვირიან: „შენა ხარ ღვთის ძე“ (ლუკა 4:41). დემონებმა იციან, რომ იესო მართლაც ქრისტეა. მაგრამ იესო განსჯის მათ და უკრძალავს ლაპარაკს. მას არ სურს, რომ დემონებმა თავიანთი განაცხადით ხალხს ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნან, თითქოს ისინი ჭეშმარიტი ღვთის მსახურები არიან.