არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 25

თანაგრძნობით განმსჭვალული იესო კეთროვანს კურნავს

თანაგრძნობით განმსჭვალული იესო კეთროვანს კურნავს

მათე 8:1—4; მარკოზი 1:40—45; ლუკა 5:12—16

  • იესო კურნავს კეთროვანს

იესო და მისი ოთხი მოწაფე „მთელი გალილეის სინაგოგებში ქადაგებენ“, რის შედეგადაც იესოს გასაოცარი საქმეების შესახებ ყველგან იგებენ (მარკოზი 1:39). ერთ-ერთ ქალაქში ყოფნის დროს მისი ამბავი ერთი კეთროვნის ყურამდეც აღწევს. იესოს მოწაფე ლუკამ, რომელიც ექიმი იყო, ამ კეთროვანი კაცის შესახებ თავის სახარებაში ასეთი რამ დაწერა: „მთელ სხეულზე კეთრი მოსდებოდა“ (ლუკა 5:12). კეთრი ისეთი სნეულებაა, რომელიც ნელ-ნელა ედება მთელ სხეულს და ამახინჯებს მის თითოეულ ნაწილს.

როგორც ჩანს, ამ კაცის მდგომარეობა უკვე საკმაოდ მძიმეა, რის გამოც განცალკევებით უწევს ცხოვრება. უფრო მეტიც, გარეთ ყოფნის დროს, სხვები რომ არ მიუახლოვდნენ და დაავადება არ გადაედოთ, უნდა იყვიროს: „უწმინდური, უწმინდური!“ (ლევიანები 13:45, 46). მაგრამ საინტერესოა, როგორ იქცევა ეს კეთროვანი, როცა იესოს ხედავს? ის უახლოვდება მას, მდაბლად თაყვანს სცემს და ევედრება: „უფალო, თუკი გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“ (მათე 8:2).

რამხელა რწმენა გამოავლინა მან! კეთრისგან დასახიჩრებული ეს საბრალო კაცი, ალბათ, ძალიან საცოდავად გამოიყურება. როგორ რეაგირებს იესო მის დანახვაზე? თქვენ როგორ მოიქცეოდით, იქ რომ ყოფილიყავით? იესო თანაგრძნობით აღიძვრება ამ საბრალო კაცის მიმართ და ხელს იწვდის მისკენ; მეტიც, ეხება მას და ეუბნება: „მსურს, განიწმინდე!“ (მათე 8:3). რაოდენ რთული დასაჯერებელიც არ უნდა იყოს, ეს კაცი მაშინვე იკურნება ამ საშინელი სენისგან.

ისურვებდით, იესოსნაირი თანამგრძნობი და ძალამოსილი მეფე გყოლოდათ? ეს შემთხვევა გვარწმუნებს, რომ მაშინ, როდესაც იესო მთელ დედამიწაზე გამეფდება, აუცილებლად შესრულდება შემდეგი ბიბლიური წინასწარმეტყველება: „ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს, იხსნის ღარიბთა სულებს“ (ფსალმუნი 72:13). დიახ, იოტისოდენა ეჭვიც კი არ უნდა შეგვეპაროს, რომ იესო ყველას სატკივარს გულთან ახლოს მიიტანს და დახმარების ხელს გაუწვდის მათ.

ალბათ, გახსოვთ, რომ კეთროვნის განკურნებამდეც კი იესოს სიტყვები და საქმეები ხალხში დიდ აღტაცებას იწვევდა. ახლა ისინი ამ სასწაულის შესახებაც იგებენ. თუმცა, იესოს არ უნდა, რომ მისადმი რწმენას მხოლოდ იმის გამო ავლენდნენ, რასაც მის შესახებ სხვებისგან ისმენენ. იესომ კარგად იცის, რომ მასზე წარმოთქმული წინასწარმეტყველური სიტყვების თანახმად, „ქუჩაში ვერ გაიგონებდნენ მის ხმას“. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი არასდროს ეცდებოდა, სენსაცია გამოეწვია ხალხში (ესაია 42:1, 2). ამიტომ იესო კეთროვანს აფრთხილებს: „იცოდე, არავის მოუყვე. წადი, მღვდელს ეჩვენე და შესწირე ის ძღვენი, რაც მოსემ დააწესა, მათთვის დასამოწმებლად“ (მათე 8:4).

ეს კაცი იმდენად გახარებულია, რომ თავს ვერ იკავებს და ყველას უყვება მომხდარის შესახებ. ეს ხალხში დიდ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას იწვევს. საქმე იქამდეც კი მიდის, რომ იესო თავისუფლად ვეღარ შედის ქალაქში; ამიტომ გარკვეული დროით უკაცრიელ ადგილებში რჩება. მიუხედავად ამისა, ხალხი ყოველი მხრიდან მაინც მიდის მასთან, რომ ისწავლონ და განიკურნონ.