არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 26

„გეპატია ცოდვები“

„გეპატია ცოდვები“

მათე 9:1—8; მარკოზი 2:1—12; ლუკა 5:17—26

  • იესო ერთ დამბლადაცემულს პატიობს ცოდვებს და კურნავს მას

იესოს შესახებ ხმამ უკვე ბევრის ყურამდე მიაღწია. ხალხი საკმაოდ შორი მანძილიდან მოდის, საკუთარი თვალით რომ იხილოს იესოს სასწაულები და მოუსმინოს მის ქადაგებას. მაგრამ რამდენიმე დღეში იესო კაპერნაუმში ბრუნდება. ეს ის ქალაქია, სადაც იგი დედამიწაზე მსახურების დროს ყველაზე ხშირად ქადაგებდა. მისი დაბრუნების ამბავი მალე მთელ ამ ზღვისპირა ქალაქში ვრცელდება. ამიტომ იმ სახლთან, სადაც იესოა გაჩერებული, უამრავი ხალხი იყრის თავს. მათ შორის ფარისევლები და კანონის მასწავლებლებიც არიან, რომლებიც გალილეისა და იუდეის სხვადასხვა მხარიდან ჩამოვიდნენ, მათ შორის იერუსალიმიდანაც.

„იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კართანაც კი აღარ არის ადგილი. ის მათ სასიხარულო ცნობას გადასცემს“ (მარკოზი 2:2). ცოტა ხანში ისეთი რამ ხდება, რაც გვარწმუნებს, რომ იესოს შესწევს ძალა, აღმოფხვრას ადამიანთა ტანჯვის გამომწვევი მიზეზი და ჯანმრთელობა დაუბრუნოს ყველას, ვისაც მოისურვებს.

სანამ იესო იქ შეკრებილთ ასწავლის, ოთხი კაცი ცდილობს, მასთან საკაცით დამბლადაცემული მიიყვანონ. მათ სურთ, რომ იესომ მათი მეგობარი განკურნოს, მაგრამ ხალხმრავლობის გამო „პირდაპირ იესოსთან ვერ მიჰყავთ“ იგი (მარკოზი 2:4). ნუთუ ვერაფერს იღონებენ?! ნახეთ, რას აკეთებენ ისინი — სახლის სახურავზე ადიან და ჭერიდან უშვებენ დამბლადაცემულს საკაცით!

ხომ არ ბრაზდება ამაზე იესო? რასაკვირველია, არა. პირიქით, ის გაოცებას ვერ მალავს, როცა ხედავს, რამხელა რწმენას ავლენენ ისინი და დამბლადაცემულს ეუბნება: „გეპატია ცოდვები“ (მათე 9:2). ნამდვილად შეუძლია იესოს სხვებისთვის ცოდვების პატიება? იქვე რამდენიმე მწიგნობარი და ფარისეველი ზის, რომელთაც აშკარად არ მოსწონთ იესოს ნათქვამი და თავისთვის ფიქრობენ: „ასე რატომ ლაპარაკობს? ღმერთს გმობს. ღვთის გარდა ვის შეუძლია ცოდვების პატიება?“ (მარკოზი 2:7).

იესომ იცის, რაზე ფიქრობენ ისინი და ეუბნება: „ასე რატომ მსჯელობთ გულში? რის თქმა უფრო ადვილია დამბლადაცემულისთვის: გეპატია ცოდვები, თუ — ადექი, აიღე საკაცე და იარე?“ (მარკოზი 2:8, 9). დიახ, იმ მსხვერპლის საფუძველზე, რომელსაც მალე გაიღებს კაცობრიობისთვის, იესოს ნამდვილად შეუძლია მიუტევოს ადამიანებს ცოდვები.

შემდეგ იესო ყველა იქ შეკრებილთ, მათ შორის კრიტიკის სულით შეპყრობილ ფარისევლებსა და მწიგნობრებს, ნათლად აჩვენებს, რომ მას ნამდვილად აქვს უფლებამოსილება, ცოდვები მიუტევოს ადამიანებს. იგი დამბლადაცემულს მიმართავს: „შენ გეუბნები, ადექი, აიღე საკაცე და წადი სახლში“. ეს მამაკაცი მაშინვე დგება, იღებს საკაცეს და ყველას წინაშე გამოდის. აღფრთოვანებული ხალხი ღმერთს ადიდებს და ამბობს: „მსგავსი არაფერი გვინახავს“ (მარკოზი 2:11, 12).

ყურადღება მიაქციეთ, რომ იესო ცოდვების პატიებას გამოჯანმრთელებას უკავშირებს. ბიბლიიდან ვხედავთ, რომ ჩვენმა პირველმა მშობელმა, ადამმა შესცოდა და მთელ თავის შთამომავლობას მემკვიდრეობით ავადმყოფობა და სიკვდილი უანდერძა, რაც ცოდვის შედეგი იყო. მაგრამ ღვთის სამეფოს მმართველობის დროს იესო ცოდვებს მიუტევებს ყველას, ვისაც უყვარს ღმერთი და ემსახურება მას. იმ დროს ავადმყოფობის ყველანაირი კვალი გაქრება (რომაელები 5:12, 18, 19).