არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 50

დევნამ არ უნდა შეაჩეროს ქადაგების საქმე

დევნამ არ უნდა შეაჩეროს ქადაგების საქმე

მათე 10:16—11:1; მარკოზი 6:12, 13; ლუკა 9:6

  • იესო ამზადებს და საქადაგებლად გზავნის თავის მოციქულებს

იესო თავის მოციქულებს, როცა საქადაგებლად წყვილ-წყვილად გზავნის, მეტად პრაქტიკულ რჩევა-დარიგებებს აძლევს, თუ როგორ უნდა შეასრულონ თავიანთი მსახურება. თუმცა მხოლოდ ამით როდი შემოიფარგლება. იესო აფრთხილებს მათ მოსალოდნელი წინააღმდეგობის შესახებ: „აი, გგზავნით, როგორც ცხვრებს მგლებში . . . ადამიანებს უფრთხილდით, რადგან ისინი სასამართლოებს გადაგცემენ და სინაგოგებში გაგშოლტავენ. წაგიყვანენ გამგებლებთან და მეფეებთან ჩემ გამო“ (მათე 10:16—18).

დიახ, შესაძლოა იესოს მიმდევრები სასტიკ წინააღმდეგობას შეხვდნენ, მაგრამ იგი ანუგეშებს მათ და ჰპირდება: „როცა გადაგცემენ, ნუ შეგაწუხებთ იმაზე ფიქრი, რა თქვათ ან როგორ თქვათ, რადგან მაშინ მოგეცემათ ის, რაც უნდა თქვათ. მარტო თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენი მეშვეობით“. იესო დასძენს: „ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა — შვილს. შვილები მშობლებს აუმხედრდებიან და დახოცავენ. ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო, ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება“ (მათე 10:19—22).

ვინაიდან ქადაგება უმნიშვნელოვანესი საქმეა, იესო თავის მიმდევრებს უხსნის, თუ რამდენად აუცილებელია, გამჭრიახები იყვნენ, რათა თავისუფლება არ დაკარგონ და კვლავაც შეძლონ მსახურება. ის ეუბნება: „როცა ერთ ქალაქში დაგიწყებენ დევნას, მეორეში გაიქეცით. ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას კაცის ძის მოსვლამდე“ (მათე 10:23).

მართლაც რა კარგ და პრაქტიკულ მითითებებს აძლევს იესო თავის 12 მოციქულს და როგორ ანუგეშებს და აფრთხილებს მოსალოდნელი საშიშროებების შესახებ! ალბათ, თქვენთვისაც არანაკლებ მანუგეშებელია იესოს ეს სიტყვები; ისინი ხომ მათზეც შესრულდებოდა, ვინც იესოს სიკვდილის და აღდგომის შემდეგ იქადაგებდა. ამას იესოს შემდეგი ნათქვამიდანაც ვხედავთ: „ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო“. აქედან კარგად ჩანს, რომ იესო მხოლოდ მათზე არ საუბრობდა, ვისთანაც მოციქულები გაგზავნა საქადაგებლად. ამასთან, ჩვენ ვერსად ვნახავთ ცნობებს იმის შესახებ, რომ გალილეაში ქადაგების დროს მოციქულები გამგებლებთან და მეფეებთან წაეყვანათ ან ოჯახის წევრებს სასიკვდილოდ გადაეცათ.

აშკარაა, მოციქულებისთვის ნათქვამ ამ სიტყვებში იესო იმ მოვლენებს გულისხმობდა, რომლებიც მომავალში უნდა განვითარებულიყო. საგულისხმოა ის, რაც იესომ მოწაფეების შესახებ აღნიშნა, რომ ისინი „ვერ მოასწრებდნენ ისრაელის ქალაქების შემოვლას კაცის ძის მოსვლამდე“. ამ სიტყვებით იესომ ცხადყო, რომ ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება მოწაფეებს იმ დროსაც კი არ ექნებოდათ დასრულებული, როცა თავად, როგორც დიდებით მოსილი მეფე, ღვთის ნების თანახმად მოსამართლის როლსაც შეასრულებდა.

მოციქულებს არ უნდა გაუკვირდეთ, თუ ქადაგების დროს წინააღმდეგობებს შეხვდებიან, რადგან იესო ეუბნება მათ: „მოწაფე მასწავლებელზე მეტი არ არის, არც მონაა თავის ბატონზე მეტი“. იესოს ეს სიტყვები არანაირ ორაზროვნებას არ იწვევს. იგი ნამდვილად ხვდება წინააღმდეგობებს, მას დევნიან და შეურაცხყოფენ იმის გამო, რომ ღვთის სამეფოზე ქადაგებს, და შესაბამისად, მის მოწაფეებსაც იგივე ელით. ამიტომ იესო მოუწოდებს მათ: „ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია. იმისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც“ (მათე 10:24, 28).

იესომ ამ მხრივაც საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა. ის უშიშრად შეხვდა სიკვდილს — არ დათმო ერთგულება და არ უღალატა იეჰოვას, ყოვლადძლიერ ღმერთს. სინამდვილეში მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია „სულის დაღუპვა“ (ამ შემთხვევაში ადამიანისთვის აღარ იარსებებს მომავლის იმედი) და მხოლოდ მას შესწევს ძალა, მკვდრეთით აღადგინოს კაცი და მარადიული სიცოცხლით დააჯილდოოს. როგორი მანუგეშებელი იქნებოდა ამის მოსმენა მოციქულებისთვის!

იესოს შემდეგი სიტყვებიდან კარგად ჩანს, თუ როგორ უყვარს ღმერთს თავისი ერთგულები და როგორ ზრუნავს მათზე: „განა ორ ბეღურას ერთ მონეტად არ ყიდიან? მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე ისე, რომ მამათქვენმა არ იცოდეს . . . ამიტომ, ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“ (მათე 10:29, 31).

ცნობა, რომელსაც იესოს მოწაფეები აუწყებენ, ბევრ ოჯახში განხეთქილებას შეიტანდა, რადგან ზოგი გამოეხმაურებოდა მას, ზოგი კი — არა. „არ იფიქროთ, რომ დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი“, — უხსნის მათ იესო. ამიტომ ღვთის მსახურები შეუპოვრები უნდა იყვნენ, ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, სწორი გზიდან რომ არ გადაუხვიონ. იესო აგრძელებს: „ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, ჩემი ღირსი არ არის, და ვისაც ვაჟი ან ასული უყვარს ჩემზე მეტად, არც ის არის ჩემი ღირსი“ (მათე 10:34, 37).

თუმცა იქნებოდნენ ისეთებიც, ვინც მის მოწაფეებს კარგად მიიღებდა. იესო აღნიშნავს: „ვინც ერთ ამ მცირეთაგანს თუნდაც ერთ სასმის ცივ წყალს დაალევინებს იმიტომ, რომ ის მოწაფეა, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მას არ დაეკარგება თავისი საზღაური“ (მათე 10:42).

ახლა იესოს მოწაფეები, რომელთაც უბადლო დასწავლება მიიღეს თავიანთი მოძღვრისგან, განახლებული ძალებით მიემართებიან თავიანთი დავალების შესასრულებლად. სახარებაში მათზე ვკითხულობთ: „ისინიც წავიდნენ, იმ მიდამოებში მდებარე სოფლები მოიარეს და ყველგან აუწყებდნენ სასიხარულო ცნობას და კურნავდნენ ავადმყოფებს“ (ლუკა 9:6).