არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 57

იესო კურნავს დასნეულებულ გოგონას და ყრუ კაცს

იესო კურნავს დასნეულებულ გოგონას და ყრუ კაცს

მათე 15:21—31; მარკოზი 7:24—37

  • იესო ერთი ფინიკიელი ქალის გოგონას კურნავს

  • იესო ერთ ყრუ და ენაბლუ კაცს კურნავს

მას შემდეგ, რაც იესომ ფარისევლები ამხილა, რომლებმაც ისეთი ადათ-წესები შემოიღეს, საიდანაც ჩანდა, რომ ღმერთზე კი არა, საკუთარ თავზე ფიქრობდნენ, თავის მოწაფეებთან ერთად დატოვა იქაურობა და ფინიკიისკენ, კერძოდ ტვიროსისა და სიდონისკენ, აიღო გეზი. ეს ქალაქები იმ ადგილიდან, სადაც ახლა იმყოფებიან, მრავალი კილომეტრის დაშორებით, ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.

იქ ჩასული იესო ღამის გასათევს პოულობს. მას არ სურს, ხალხმა მისი იქ ყოფნის შესახებ გაიგოს. მაგრამ აქაც ყურადღების ცენტრში ექცევა. ერთი ქალი, რომელიც ამ მხარეშია დაბადებული და რომელიც წარმოშობით ბერძენია, პოულობს იესოს და ევედრება: „შემიწყალე, უფალო, დავითის ძეო! ჩემს ქალიშვილს საშინლად ტანჯავენ დემონები“ (მათე 15:22; მარკოზი 7:26).

მოწაფეები სთხოვენ თავიანთ მოძღვარს: „გაუშვი ეს ქალი, თორემ მოგვდევს და მოგვყვირის“. საპასუხოდ იესო უხსნის, რატომ არ აქცევს ამ ქალს ყურადღებას: „მე მხოლოდ ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან ვარ გამოგზავნილი“. მაგრამ ქალი არ ეშვება მას. იგი უახლოვდება იესოს, მის ფეხებთან ეცემა და ემუდარება: „უფალო, დამეხმარე!“ (მათე 15:23—25).

შესაძლოა იესოს აინტერესებს, რამდენად ძლიერი რწმენა აქვს ამ ქალს და თავისი სიტყვებით იმაზე მიანიშნებს, რომ იუდეველები სხვა ეროვნების ხალხისადმი უარყოფითად არიან განწყობილი: „არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ფინიებს გადაუგდო“ (მათე 15:26). იესო ამ ხალხს „ფინიებს“ ანუ პატარა ძაღლებს ადარებს, საიდანაც ჩანს, რომ თბილი გრძნობები ამოძრავებს არაიუდეველების მიმართ. ეს მისი სახის გამომეტყველებიდან და ხმის ტემბრიდანაც გამოსჭვივის.

ეს თავმდაბალი ქალი არ ნაწყენდება იესოს სიტყვებზე, პირიქით, ეთანხმება მას და ამბობს: „ჰო, უფალო, მაგრამ ფინიებიც ხომ ჭამენ თავიანთი პატრონების სუფრიდან ჩამოცვენილ ნამცეცებს“. იესო ხვდება, რომ ამ ქალს სუფთა გული აქვს და ეუბნება: „დიდი რწმენა გქონია, შეგისრულდეს სურვილი!“ (მათე 15:27, 28). იესო კურნავს მის გოგონას მიუხედავად იმისა, რომ ის იქ არ არის. როცა ქალი სახლში ბრუნდება, ხედავს, რომ გოგონა საწოლზე წევს და სრულიად გამოჯანმრთელებულია — მისგან დემონი გამოვიდა (მარკოზი 7:30).

ფინიკიიდან იესო თავის მოწაფეებთან ერთად გეზს დეკაპოლისისკენ იღებს. მათ წინ გრძელი გზა უდევთ, რადგან დეკაპოლისი მდინარე იორდანის გადაღმა მდებარეობს. ისინი, როგორც ჩანს, მდინარე იორდანეს გალილეის ზღვის ჩრდილოეთით კვეთენ. დეკაპოლისის მხარეში ისინი მთაზე ადიან, მაგრამ ხალხი იქაც პოულობს მათ. ამ ხალხს იესოსთან მიჰყავთ კოჭლები, ხეიბრები, ბრმები და მუნჯები. ისინი იესოს ფერხთით აწვენენ სნეულთ და ის კურნავს მათ. ნანახით აღფრთოვანებული ხალხი განადიდებს ისრაელის ღმერთს.

იესო განსაკუთრებით ერთ ყრუ და ენაბლუ კაცს აქცევს ყურადღებას. ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რას გრძნობს ეს კაცი ამდენი ხალხის გარემოცვაში. როგორც ჩანს, იესო ამჩნევს, როგორი აღელვებულია იგი; იესო მასთან მიდის და ცალკე გაჰყავს. ის ცდილობს, მიახვედროს, რის გაკეთებას აპირებს — თითებით უცობს ყურებს და დაფურთხების მერე ენაზე ეხება. შემდეგ ზეცისკენ აღაპყრობს თვალებს და ამბობს: „ეფფათა“, რაც სემიტური გამოთქმაა და ნიშნავს „გაიხსენ“. ამის თქმაზე მამაკაცს სმენა უბრუნდება და გამართულად ლაპარაკს იწყებს. იესოს არ უნდა, რომ ეს ამბავი ხალხში გავრცელდეს, რადგან სურს, მათ საკუთარი თვალით ნანახისა და საკუთარი ყურით მოსმენილის საფუძველზე ირწმუნონ იგი (მარკოზი 7:32—36).

ხალხზე წარუშლელ კვალს ტოვებს ნანახი; იესოს მიერ მოხდენილი სასწაულებით მეტისმეტად განცვიფრებულნი ამბობენ: „ყველაფერს კარგად აკეთებს. ყრუებს სმენას უბრუნებს და მუნჯებს ამეტყველებს“ (მარკოზი 7:37).