არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 58

იესო ათასობით კაცს აპურებს და მოწაფეებს აფრთხილებს

იესო ათასობით კაცს აპურებს და მოწაფეებს აფრთხილებს

მათე 15:32—16:12; მარკოზი 8:1—21

  • იესო რამდენიმე პურით 4000 კაცს აპურებს

  • იესო აფრთხილებს მოწაფეებს, ერიდონ ფარისეველთა საფუარს

დეკაპოლისში, რომელიც გალილეის ზღვის აღმოსავლეთით მდებარეობს, იესოსთან უამრავ ხალხს მოუყრია თავი. მათ უნდათ, მოისმინონ მისი სიტყვები და განიკურნონ; როგორც ჩანს, თან საჭმლით სავსე დიდი კალათები და გოდრები აქვთ წამოღებული.

თუმცა რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ იესო ეუბნება თავის მოწაფეებს: „გული მეწვის ამ ხალხის გამო, უკვე სამი დღეა ჩემთან არიან და საჭმელი არაფერი აქვთ. სახლებში უჭმელად რომ გავუშვა, გზაში დასუსტდებიან. ზოგი მათგანი შორიდან არის მოსული“. მოწაფეები ეკითხებიან: „ვინ დააპურებს ამდენ ხალხს ამ მიყრუებულ ადგილას?“ (მარკოზი 8:2—4).

იესო ეკითხება მათ: „რამდენი პური გაქვთ?“. პასუხად ეუბნებიან: „შვიდი და რამდენიმე პატარა თევზი“ (მათე 15:34). მაშინ ხალხს მიუბრუნდება და ეუბნება, მიწაზე დასხდნენ. იგი იღებს პურს და თევზს, ლოცვით მიმართავს ღმერთს და მოწაფეებს აძლევს, რომ ხალხს ჩამოურიგონ. ყველა კარგად ნაყრდება. მიუხედავად იმისა, რომ იქ დაახლოებით 4 000 კაცის გარდა ქალები და ბავშვებიც არიან, დარჩენილი ნატეხებით შვიდ გოდორს ავსებენ. ეს მართლაც გასაოცარია!

მას შემდეგ, რაც იესო ხალხს ემშვიდობება, ის და მისი მოწაფეები ნავში სხდებიან და გალილეის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე მაგდალისკენ იღებენ გეზს. იქ ის ფარისევლებს და სადუკეველთა სექტის ზოგ წევრს ხვდება, რომლებსაც იესოს გამოცდა სურთ; ისინი სთხოვენ მას, ზეციდან ნიშანი აჩვენოს.

იესო ხედავს, რა ამოძრავებთ მათ; ამიტომ ეუბნება: „საღამოობით ამბობთ ხოლმე, ცა წითელია, მზიანი ამინდი იქნებაო, ხოლო დილით, დღეს გაავდრდება, რადგან ცა, თუმცა წითელია, მოქუფრულიაო. ცის ფერის ახსნა შეგიძლიათ, დროის ნიშნების კი — არა“ (მათე 16:2, 3). შემდეგ კი დასძენს, რომ იონას ნიშნის გარდა სხვა ნიშანი არ მიეცემათ.

ამის მერე იესო და მისი მოწაფეები ნავზე ადიან და ბეთსაიდისკენ, გალილეის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსკენ, იღებენ გეზს. გზად მოწაფეები ხედავენ, რომ პურის წამოღება დავიწყებიათ; მათ მხოლოდ ერთი პურიღა აქვთ. იესო მოწაფეებს აფრთხილებს: „იფხიზლეთ და უფრთხილდით ფარისევლებისა და ჰეროდეს საფუარს“. მას მხედველობაში აქვს ის, თუ რა საუბარი შედგა მასსა და ჰეროდეს მომხრე სადუკეველებსა და ფარისევლებს შორის. მოწაფეები შეცდომით ასკვნიან, რომ იესო მათ პურზე ელაპარაკება, რადგან წამოღება დაავიწყდათ. იესო ხვდება, რომ ვერ ჩასწვდნენ მისი ნათქვამის მნიშვნელობას და ამიტომ ეკითხება: „რატომ კამათობთ იმაზე, რომ პური არა გაქვთ?“ (მარკოზი 8:15—17).

იესომ ხომ ცოტა ხნის წინ რამდენიმე პურით ათასობით კაცი დააპურა?! წესით, მოწაფეები უნდა ხვდებოდნენ, რომ იესოსთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, კვლავაც დააპუროს ისინი. იგი ეუბნება მათ: „ნუთუ არ გახსოვთ, ხუთი პური რომ დავამტვრიე ხუთი ათასი კაცისთვის, რამდენი კალათი აავსეთ დარჩენილი ნატეხებით?“. ისინი პასუხობენ: „თორმეტი“. „შვიდი პური რომ დავამტვრიე ოთხი ათასი კაცისთვის, რამდენი გოდორი გაავსეთ დარჩენილი ნატეხებით?“ „შვიდი“, — პასუხობენ ისინი (მარკოზი 8:18—20).

იესო უმარტავს: „როგორ ვერ ხვდებით, რომ პურზე არ მითქვამს, არამედ იმაზე, რომ ერიდოთ ფარისევლებისა და სადუკეველების საფუარს“ (მათე 16:11).

როგორც იქნა, მოწაფეები ხვდებიან, რის თქმა სურს იესოს მათთვის. ჩვეულებრივ, საფუარს პურის ცომის მოზელვის დროს იყენებენ — ის დუღილს იწვევს და ცომს აფუებს. იესო ამ შემთხვევაში საფუარს გახრწნილების სიმბოლოდ იყენებს. იგი აფრთხილებს მოწაფეებს, ერიდონ „ფარისევლებისა და სადუკეველების სწავლებას“, რამაც შეიძლება გახრწნას მათი აზროვნება (მათე 16:12).