არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 59

ვინ არის კაცის ძე

ვინ არის კაცის ძე

მათე 16:13—27; მარკოზი 8:22—38; ლუკა 9:18—26

  • იესო მხედველობას უბრუნებს ერთ უსინათლო კაცს

  • იესო პეტრეს სამეფოს გასაღებებს აძლევს

  • იესო მოწაფეებს ეუბნება, რომ ჯერ უნდა მოკვდეს, შემდეგ კი აღდგეს

იესო თავის მოწაფეებთან ერთად ბეთსაიდაში ჩადის. ხალხს მასთან ერთი უსინათლო კაცი მიჰყავს; ისინი ეხვეწებიან იესოს, რომ შეეხოს მას და განკურნოს.

იესო ხელს ჰკიდებს ამ კაცს და სოფლიდან გაჰყავს; შემდეგ კი თვალებზე აფურთხებს და ეკითხება: „ხედავ რამეს?“. ამაზე კაცი პასუხობს: „ადამიანებს ვხედავ, თითქოს ხეებივით არიან და აქეთ-იქით დადიან“ (მარკოზი 8:23, 24). იგი კვლავ ხელებს ადებს თვალებზე და კაცს მხედველობა უბრუნდება. განკურნებულს, რომელიც ახლა კარგად ხედავს, იესო სახლში უშვებს და აფრთხილებს, რომ სოფელში არ შევიდეს.

შემდეგ იესო და მისი მოწაფეები გეზს ჩრდილოეთისკენ, ფილიპეს კესარეისკენ იღებენ. ისინი აღმართ-აღმართ მიდიან; მთლიანობაში სადღაც 40 კილომეტრს გადიან. სოფელი, სადაც ისინი მიდიან, ზღვის დონიდან 350 მეტრზე მდებარეობს; მას ჩრდილო-აღმოსავლეთით გოროზად წამომართული დათოვლილი ხერმონის მთა დაჰყურებს. მგზავრობას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღე სჭირდება.

გზად იესო მოწაფეებისგან განცალკევებით გადის და ლოცულობს. სადღაც ათი თვეა დარჩენილი მის სიკვდილამდე; იესო ღელავს თავის მოწაფეებზე. ცოტა ხნის წინ ბევრმა უარი თქვა მის მიმდევრობაზე; სხვებიც აშკარად დაბნეულები და გულგატეხილები არიან. მათ შესაძლოა მოსვენებას არ აძლევს იმაზე ფიქრი, თუ რატომ არ დართო იესომ ხალხს იმის ნება, რომ გაემეფებინათ ან რატომ არ მისცა ნიშანი, რაც სხვებს იმაში დაარწმუნებდა, თუ ვინ იყო ის სინამდვილეში.

როცა მოწაფეები იესოსთან მიდიან, რომელიც განმარტოებით ლოცულობს, ის ეკითხება: „რას ამბობს ხალხი, ვინ არისო კაცის ძე?“. ისინი პასუხობენ: „ზოგი ამბობს, იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგი — ელიააო, ზოგი კი — იერემია ან ერთ-ერთი წინასწარმეტყველიაო“. დიახ, ხალხი ფიქრობს, რომ იესო მკვდრეთით აღმდგარი ერთ-ერთი წინასწარმეტყველია. მოწაფეების აზრის გასაგებად იესო ასეთ კითხვას სვამს: „თქვენ რას იტყვით, ვინა ვარ?“. სიმონ-პეტრე პასუხობს: „შენა ხარ ქრისტე, ცოცხალი ღვთის ძე“ (მათე 16:13—16).

იესო პეტრეს ეუბნება, რომ ბედნიერია, რადგან ეს მას ღმერთმა გაუმჟღავნა, შემდეგ კი დასძენს: „გეუბნები: შენა ხარ პეტრე, და მე ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს კრებას, რომელსაც ვერ სძლევს სამარის ჭიშკრები“. ამ სიტყვებით იესოს იმის თქმა სურს, რომ თავად ააშენებს კრებას და რომ ამ კრების წევრებს, თუ დედამიწაზე სიცოცხლის ბოლომდე ღვთის ერთგულები იქნებიან, თვით სამარეც კი ვერ დაატყვევებს. იესო აღუთქვამს პეტრეს: „მოგცემ ზეციერი სამეფოს გასაღებებს“ (მათე 16:18, 19).

ეს იმას არ ნიშნავს, რომ იესო პეტრეს სხვა მოციქულებზე წინ აყენებს და არც იმას, რომ ის იქნება კრების საძირკველი. სინამდვილეში თავად იესოა საძირკველი, რომელზეც კრება აშენდება (1 კორინთელები 3:11; ეფესოელები 2:20). იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ პეტრე სამ გასაღებს მიიღებს. მას წილად ხვდება პატივი, სხვადასხვა წარმოშობის ადამიანებს ზეციერი სამეფოსკენ გაუხსნას გზა.

პეტრე პირველ გასაღებს იმისთვის გამოიყენებს, რომ ახ. წ. 33 წელს, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე სამეფოსკენ გზა გაეხსნათ იმ იუდეველებსა და პროზელიტებს, რომლებიც მოინანიებენ; მეორე გასაღებით ღვთის სამეფოში შესასვლელ კარს მორწმუნე სამარიელებს გაუხსნის. ახ. წ. 36 წელს კი პეტრე მესამე გასაღებს გამოიყენებს, რისი მეშვეობითაც წინადაუცვეთელ უცხოტომელებს, კორნელიუსსა და სხვებს გაეხსნებათ გზა სამეფოსკენ (საქმეები 2:37, 38; 8:14—17; 10:44—48).

იესო აგრეთვე წინასწარმეტყველებს, რომ მას მალე ტანჯვით სიკვდილი მოუწევს იერუსალიმში. მისი სიტყვები მოწაფეებს ძალიან ამწუხრებს. ისინი ვერ ხვდებიან, რომ იესო აღდგება და კვლავ დაუბრუნდება ზეციერ ცხოვრებას, ამიტომ პეტრეს გვერდზე გაჰყავს ის და კიცხავს: „შეიწყალე თავი, უფალო! ნუ დამართებ თავს ამას“. იესო ზურგს აქცევს მას და ეუბნება: „მომცილდი, სატანა! დაბრკოლება ხარ ჩემთვის, რადგან ღვთიურზე კი არა, ადამიანურზე ფიქრობ“ (მათე 16:22, 23).

ახლა იესო მოწაფეების გარდა სხვებსაც უხმობს თავისთან და უხსნის, რომ მისი მიმდევრობა ნამდვილად არ იქნება ადვილი: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ბოძი და გამომყვეს, რადგან ვისაც სურს თავისი სულის ხსნა, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემი და სასიხარულო ცნობის გულისთვის დაკარგავს სულს, იხსნის მას“ (მარკოზი 8:34, 35).

როგორც დავინახეთ, თუ გვინდა, რომ იესომ წყალობის თვალით გადმოგვხედოს, შეუდრეკელნი უნდა ვიყოთ და თავგანწირულ სულისკვეთებას ვავლენდეთ. იესო დასძენს: „ვისაც შერცხვება ჩემ გამო და ჩემი სიტყვების გამო ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმაში, კაცის ძესაც შერცხვება მის გამო, როცა თავისი მამის დიდებით წმინდა ანგელოზებთან ერთად მოვა“ (მარკოზი 8:38). დიახ, როდესაც იესო მოვა, „ყველას თავისი ნამოქმედარის მიხედვით მიუზღავს“ (მათე 16:27).