არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 62

იესო მოწაფეებს თავმდაბლობას ასწავლის

იესო მოწაფეებს თავმდაბლობას ასწავლის

მათე 17:22—18:5; მარკოზი 9:30—37; ლუკა 9:43—48

  • იესო შეახსენებს მოწაფეებს, რომ წამებით სიკვდილი ელის

  • იესოს მითითებისამებრ პეტრე თევზის პირში ნაპოვნი მონეტით იხდის გადასახადს

  • მოწაფეები კამათობენ, ვინ იქნება ყველაზე დიდი ზეციერ სამეფოში

მას შემდეგ, რაც ფილიპეს კესარეაში იესო სასწაულებრივად გარდაისახა და პატარა ბიჭუნა დემონის ტყვეობისგან გაათავისუფლა, გეზი კაპერნაუმისკენ აიღო. ამჯერად იესო მხოლოდ თავის მოწაფეებთან ერთად მიუყვება გზას. მას არ უნდა, რომ ხალხი გაჰყვეს (მარკოზი 9:30). თუ მარტო დარჩება მოწაფეებთან, კიდევ ერთხელ შეამზადებს თავისი სიკვდილისთვის და იმასაც ასწავლის, როგორ შეასრულონ მისი სიკვდილის შემდეგ მეტად მნიშვნელოვანი საქმე. იგი ეუბნება მათ: „კაცის ძე ადამიანებს უნდა გადაეცეს ხელში, მას მოკლავენ, მაგრამ მესამე დღეს აღდგება“ (მათე 17:22, 23).

წესით, ეს არ უნდა იყოს მათთვის სიახლე. იესომ ადრეც გაუმხილა მათ, რომ წამებით უნდა მოეკლათ, თუმცა მაშინ პეტრეს არ უნდოდა ამის დაჯერება (მათე 16:21, 22). ამასთან, იესოს სამმა მოციქულმა საკუთარი თვალით იხილა იესოს გარდასახვა და საკუთარი ყურით მოისმინა, როგორ საუბრობდა იგი თავის „წასვლაზე“ (ლუკა 9:31). ახლა კი, იესოს სიტყვების მოსმენაზე, მოწაფეები „ძალიან მწუხრდებიან“ მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე ვერ სწვდებიან მისი სიტყვების მნიშვნელობას (მათე 17:23). მაგრამ ისინი ვერ ბედავენ, მეტი რამ გამოჰკითხონ იესოს.

მოგვიანებით ისინი კაპერნაუმში ჩადიან, ქალაქში, სადაც იესო უმთავრესად ქადაგებს და რომელიც, როგორ უკვე აღვნიშნეთ, ზოგი მისი მოციქულის მშობლიური ქალაქია. იქ პეტრესთან მიდიან კაცები, რომლებიც ტაძრის გადასახადს აგროვებენ. როგორც ჩანს, მათ უნდათ, იესოს ბრალი დასდონ იმაში, რომ არ იხდის გადასახადებს და ამიტომ პეტრეს ეკითხებიან: „თქვენი მოძღვარი არ გადაიხდის ორ დრაქმას [ტაძრის გადასახადი]?“ (მათე 17:24).

პეტრე პასუხობს: „როგორ არა“. როდესაც იესო სახლში შედის, უკვე იცის, რაც მოხდა. სანამ პეტრე თავად ეტყვის ამის შესახებ, იესო ეკითხება: „როგორ ფიქრობ, სიმონ, ვისგან იღებენ მიწიერი მეფეები ბაჟს ან სულადობრივ გადასახადს, თავიანთი ვაჟებისგან თუ უცხოებისგან?“. პეტრე პასუხობს: „უცხოებისგან“. ამაზე იესო მიუგებს: „ესე იგი, ვაჟები თავისუფლები ყოფილან გადასახადებისგან“ (მათე 17:25, 26).

იესოს მამა ხომ სამყაროს უზენაესი მმართველია და სწორედ მას სცემენ ტაძარში თაყვანს. ამიტომ ღვთის ძე ვალდებული არ არის, გადაიხადოს გადასახადი. მაგრამ იესო პეტრეს ეუბნება: „ისინი რომ არ დავაბრკოლოთ, მიდი ზღვასთან, ისროლე ანკესი და ამოიყვანე პირველივე თევზი, რომელსაც დაიჭერ. გაუღე პირი და იპოვი მონეტას, სტატერს [ტეტრადრაქმა]. წამოიღე და მიეცი მათ ჩემთვისაც და შენთვისაც“ (მათე 17:27).

მალე ყველა მოწაფე ერთად იკრიბება; მათ აინტერესებთ, იესოსგან გაიგონ, ვინ იქნება სამეფოში ყველაზე დიდი. ცოტა ხნის წინ მათ ვერ გაბედეს, ჩასძიებოდნენ იესოს და უფრო მეტი გაეგოთ მის სიკვდილზე, მაგრამ ახლა არ ერიდებათ, თავიანთ მომავალზე ჰკითხონ მას. იესო ხვდება, რაზე ფიქრობენ ისინი. ეს ის თემაა, რაზეც მაშინ კამათობდნენ, როცა კაპერნაუმისკენ მიმავალ გზაზე იესოს უკან მიჰყვებოდნენ. ამიტომ იგი ასეთ კითხვას უსვამს: „რაზე კამათობდით გზაში?“ (მარკოზი 9:33). მოწაფეები უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან და ვერაფერს ამბობენ, რადგან გზაში იმაზე კამათობდნენ, თუ ვინ იყო მათ შორის ყველაზე დიდი. საბოლოოდ მოწაფეები უსვამენ იესოს იმ კითხვას, რაზეც კამათობდნენ: „მაინც ვინ იქნება ყველაზე დიდი ზეციერ სამეფოში?“ (მათე 18:1).

ეს ცოტა არ იყოს დაუჯერებელი ჩანს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ისინი უკვე თითქმის სამი წელია იესოს სიტყვებს ისმენენ და მის საქმეებს აკვირდებიან. მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის, რომ მოწაფეები არასრულყოფილები არიან და თანაც ისეთ რელიგიურ გარემოში აღზრდილები, სადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება მდგომარეობას და ტიტულს. შეიძლება ეს იმითაცაა განპირობებული, თუ რას დაჰპირდა ცოტა ხნის წინ იესო პეტრეს; მისი სიტყვებისამებრ, პეტრე სამეფოს გასაღებებს მიიღებდა. იქნებ ამის გამო თვლის პეტრე, რომ სხვებზე აღმატებულია? შესაძლოა იაკობსაც და იოანესაც მსგავსი ფიქრები უტრიალებთ გონებაში, რადგან სწორედ ისინი გახდნენ იესოს გარდასახვის მოწმენი.

რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, იესო ცდილობს, შეუსწოროს მათ თვალსაზრისი. იგი უხმობს ბავშვს, შუაში აყენებს და მოწაფეებს მიმართავს: „თუ არ მობრუნდებით და ბავშვებივით არ გახდებით, ვერ შეხვალთ ზეციერ სამეფოში. ამიტომ, ვინც ამ ბავშვივით დაიმდაბლებს თავს, ის იქნება ყველაზე დიდი ზეციერ სამეფოში, და ვინც იღებს ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მეც მიღებს“ (მათე 18:3—5).

რა კარგ მეთოდს მიმართავს იესო მათი თვალსაზრისის შესაცვლელად! იესო არ ბრაზდება მოწაფეებზე და არც სიხარბესა და ამბიციურობაში სდებს ბრალს. ნაცვლად ამისა, ცოცხალი მაგალითით უჩვენებს, თუ როგორები უნდა იყვნენ სინამდვილეში. ბავშვებს არანაირი განსაკუთრებული მდგომარეობა და სტატუსი არა აქვთ. ამ მაგალითით იესო მოწაფეებს უხსნის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, მსგავსი თვალსაზრისი ჰქონდეთ საკუთარ თავზე. ბოლოს იესო ასეთი სიტყვებით ასრულებს სათქმელს: „ვინც თქვენ შორის ისე მოიქცევა, როგორც უმცირესი, ის იქნება დიდი“ (ლუკა 9:48).