არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 89

გზად იუდეისკენ იესო პერეაში ქადაგებს

გზად იუდეისკენ იესო პერეაში ქადაგებს

ლუკა 17:1—10; იოანე 11:1—16

  • იესო მოუწოდებს მოწაფეებს, არავის ექცნენ დაბრკოლების ლოდად

  • იესო პატიებასა და რწმენაზე საუბრობს

რამდენიმე ხანია, რაც იესო იორდანეს გაღმა, პერეაში იმყოფება (იოანე 10:40). ახლა ის სამხრეთით იღებს გეზს, იმ მიმართულებით, სადაც იერუსალიმი მდებარეობს.

იესო მარტო არ არის; მასთან ერთად მისი მოწაფეები და „დიდძალი ხალხია“, მათ შორის „გადასახადების ამკრეფები და ცოდვილები“ (ლუკა 14:25; 15:1). იქ ფარისევლები და მწიგნობრებიც არიან, რომლებიც იესოს მისი სიტყვებისა და საქმეების გამო განსჯიან. ახლა მათ ბევრ რამეზე მართებთ დაფიქრება, რადგან მოისმინეს იესოს მიერ მოყვანილი მაგალითები დაკარგულ ცხვარზე, გზასაცდენილ შვილზე და მდიდარსა და ლაზარეზე (ლუკა 15:2; 16:14).

იესოს, ალბათ, ჯერ კიდევ კარგად ახსოვს, როგორ დასცინეს და განსაჯეს მტრულად განწყობილმა ფარისევლებმა; მას ახლა თავისი ყურადღება მოწაფეებზე გადააქვს. ის ზოგ იმ საკითხს ეხება, რაზეც გალილეაში ყოფნის დროს ისაუბრა.

იესო ამბობს: „დაბრკოლების მიზეზები აუცილებლად იქნება, მაგრამ ვაი მას, ვისგანაც იქნება! . . დაუკვირდით საკუთარ თავს. თუ შენი ძმა შესცოდავს, გაუწყერი, და თუ მოინანიებს, აპატიე. დღეში შვიდჯერაც რომ შესცოდოს შენ წინააღმდეგ და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას, ვინანიებო, აპატიე“ (ლუკა 17:1—4). ეს ბოლო სიტყვები, ალბათ, პეტრეს იმ მომენტს ახსენებს, როცა თავის მოძღვარს ჰკითხა, საკმარისი იქნებოდა თუ არა, რომ შვიდჯერ ეპატიებინა მწყენინებლისთვის (მათე 18:21).

მოიქცევიან იესოს მოწაფეები მისი სიტყვების თანახმად? როცა ისინი იესოს რწმენის განმტკიცებას სთხოვენ, იგი არწმუნებს მათ: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ, ეტყოდით ამ შავი თუთის ხეს, ამოიძირკვე და ზღვაში გადაირგეო, და დაგემორჩილებოდათ“ (ლუკა 17:5, 6). დიახ, ასე ვთქვათ, მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც კი საკმარისია იმისთვის, რომ, ერთი შეხედვით, შეუძლებელი შევძლოთ.

ახლა იესო იმაზე იწყებს საუბარს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ადამიანი თავმდაბალი იყოს და საკუთარ თავზე გაწონასწორებული თვალსაზრისი ჰქონდეს. იგი ეუბნება მოციქულებს: «რომელიმე თქვენგანს რომ მონა ჰყავდეს, მხვნელი ან მწყემსი, განა ეტყვის მას მინდვრიდან დაბრუნებისას, დროზე მოდი სუფრასთანო? განა არ ეტყვის, მომიმზადე ვახშამი, შემოირტყი სარტყელი და მემსახურე, სანამ ვჭამ და ვსვამ, შენ კი მერე ჭამე და სვიო? განა გადაუხდის მადლობას მონას დავალების შესრულებისთვის? ასევე თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც გევალებათ, თქვით: „უსარგებლო მონები ვართ. ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა“» (ლუკა 17:7—10).

ღვთის ნების შესრულებას მისი თითოეული მსახურის ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი უნდა ეკავოს და ეს მათ კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული. გარდა ამისა, არ უნდა დაავიწყდეთ, რამხელა პატივია, ემსახურონ ღმერთს, როგორც მისმა სახლეულობამ.

როგორც ჩანს, ამის შემდეგ მალე იესოსთან მარიამისა და მართას მიერ გაგზავნილი კაცი მიდის. როგორც ვიცით, მარიამი და მართა ლაზარეს დები არიან. ისინი იუდეის მხარეში, ბეთანიაში ცხოვრობენ. მათ მიერ გაგზავნილი კაცი იესოს ეუბნება: „უფალო, ის, ვინც გიყვარს, ავად არის“ (იოანე 11:1—3).

მართალია, იესო იგებს, რომ ლაზარე ძალიან ცუდადაა, მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ ვარდება. ის ამბობს: „ეს ავადმყოფობა სასიკვდილოდ არ არის, არამედ ღვთის სადიდებლად, რათა ამით განდიდდეს ღვთის ძე“. იგი ორ დღეს რჩება იქ, სადაც ამჟამად იმყოფება. შემდეგ მოწაფეებს ეუბნება: „მოდი ისევ იუდეაში წავიდეთ“. ისინი ეწინააღმდეგებიან: „რაბი, იუდეველები ახლახან ჩაქოლვას გიპირებდნენ და ისევ იქ მიდიხარ?“ (იოანე 11:4, 7, 8).

იესო პასუხობს: „თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არაფერს ეჯახება, რადგან ხედავს ამ ქვეყნიერების სინათლეს, მაგრამ ვინც ღამით დადის, ისე ვერ გაივლის, თუ არაფერს დაეჯახა, რადგან სინათლე არ არის მასში“ (იოანე 11:9, 10). ის, როგორც ჩანს, იმას გულისხმობს, რომ ჯერ კიდევ არ ამოწურულა დრო, რომელიც ღვთის ნების თანახმად, იესომ დედამიწაზე მსახურებას უნდა დაუთმოს. იესოს სურს, მსახურებისთვის დარჩენილი ეს მცირე დრო საუკეთესოდ გამოიყენოს.

იგი დასძენს: „ჩვენმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა, მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“. მოწაფეები, ალბათ, ფიქრობენ, რომ ლაზარე უბრალოდ ისვენებს, რის შედეგადაც ძალებს აღიდგენს, ამიტომ ეუბნებიან: „უფალო, თუ დაიძინა, გამოჯანმრთელდება“. იესო მათ პირდაპირ ეუბნება: „ლაზარე მოკვდა . . . წავიდეთ მასთან“ (იოანე 11:11—15).

თომამ იცის, რომ იესო შეიძლება იუდეაში მოკლან, მაგრამ მაინც სურს, მხარში დაუდგეს მას; იგი სხვა მოწაფეებს მოუწოდებს: „ჩვენც წავიდეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ“ (იოანე 11:16).