არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 101

ვახშმად სიმონთან ბეთანიაში

ვახშმად სიმონთან ბეთანიაში

მათე 26:6—13; მარკოზი 14:3—9; იოანე 11:55—12:11

  • იესო ბეთანიაში ბრუნდება

  • მარიამი სურნელოვან ნელსაცხებელს სცხებს იესოს

იესო ტოვებს იერიხონს და ბეთანიისკენ იღებს გეზს. მას და მასთან მყოფთ წინ საკმაოდ რთული გზა ელით, რადგან მთაში დაახლოებით 20 კილომეტრი აღმართ-აღმართ მოუწევთ სიარული. იერიხონი ზღვის დონიდან დაახლოებით 250 მეტრით დაბლა მდებარეობს, ხოლო ბეთანია — დაახლოებით 600 მეტრის სიმაღლეზე. ის იერუსალიმიდან დაახლოებით 3 კილომეტრითაა დაშორებული. ზეთისხილის მთის აღმოსავლეთ ფერდობზე შეფენილ სწორედ ამ პატარა სოფელში, ბეთანიაში, ცხოვრობს ლაზარე თავის ორ დასთან ერთად.

ბევრი იუდეველი უკვე იერუსალიმშია, პასექის დღესასწაული რომ აღნიშნონ. ისინი ადრე იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ „განწმენდილიყვნენ ჩვეულების თანახმად“, რადგან შესაძლოა ზოგი მათგანი მკვდართან შეხებით ან სხვა რამით გაუწმინდურებულიყო (იოანე 11:55; რიცხვები 9:6—10). მათგან ზოგიერთები ტაძართან იკრიბებიან. მათ აინტერესებთ, იქნება თუ არა იესო პასექის დღესასწაულზე (იოანე 11:56).

იერუსალიმში იესოს შესახებ დიდი დავაა ატეხილი. ზოგ უფროს მღვდელსა და ფარისეველს იესოს შეპყრობა და მისი მოკვლა სურთ. მათ ბრძანებაც კი გასცეს, რომ თუ ვინმე იესოს ადგილსამყოფელს გაიგებდა, მათთვის ეცნობებინათ (იოანე 11:57). მათ მანამდე უკვე სცადეს იესოს მოკვლა. ეს მაშინ იყო, როდესაც მან ლაზარე აღადგინა (იოანე 11:49—53). ამიტომ ზოგს აეჭვებს, საერთოდ თუ გამოჩნდება იესო ხალხში.

იესო ბეთანიაში პარასკევს, „პასექამდე ექვსი დღით ადრე“ ჩადის (იოანე 12:1). ახალი დღე (შაბათი, 8 ნისანი) მზის ჩასვლის შემდეგ იწყება. ასე რომ, იესო ბეთანიაში შაბათის დადგომამდე ჩავიდა. ის ვერ დატოვებდა იერიხონს შაბათს (პარასკევს მზის ჩასვლიდან შაბათს მზის ჩასვლამდე), რადგან ამ დროს მგზავრობა კანონის თანახმად იკრძალებოდა. როგორც ჩანს, იესო ახლაც ლაზარეს სახლში მიდის სტუმრად.

სიმონი, რომელიც ასევე ბეთანიაში ცხოვრობს, იესოს და მასთან ერთად მყოფთ, მათ შორის ლაზარეს, შაბათს ვახშამზე ეპატიჟება. სიმონი მოიხსენიება, როგორც კეთროვანი, როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ის ადრე ამ სენით იყო დაავადებული და იესომ განკურნა. მართა, რომლისთვისაც ჩვეულია სამზარეულოში ფუსფუსი, ამჯერადაც ემსახურება სტუმრებს. მარიამი კი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს იესოს მიმართ, რაც სტუმრების აღშფოთებას იწვევს.

მარიამი ხსნის სუფთა ნარდის ნელსაცხებლით სავსე ალაბასტრონის პატარა ჭურჭელს, რომელსაც ვიწრო ყელი აქვს (იოანე 12:3). ეს ძალიან ძვირფასი ზეთია, რომლის ღირებულებაც 300 დინარია, რაც მუშის თითქმის მთელი წლის გასამრჯელოს უტოლდება! მარიამი ზეთს იესოს თავზე და ფეხებზე სცხებს, შემდეგ კი თმებით უმშრალებს. ნელსაცხებლის სურნელი მთელ სახლში იფრქვევა.

ამის დანახვაზე მოწაფეები აღშფოთებას ვერ მალავენ: „ასე უაზროდ რატომ დაიხარჯა ნელსაცხებელი?“ (მარკოზი 14:4). იუდა ისკარიოტელი კი ამბობს: „რატომ არ გაიყიდა ეს ნელსაცხებელი სამას დინარად და ფული ღარიბებს არ დაურიგდა?“ (იოანე 12:5). სინამდვილეში იუდას სულაც არ ადარდებს ღარიბები. ის სიხარბითაა შეპყრობილი და საერთო ყულაბიდან ფულს იპარავს.

იესო მარიამის დასაცავად ამბობს: „რას ერჩით ამ ქალს? მან ხომ კარგი საქმე გამიკეთა. ღარიბები ყოველთვის თქვენთან არიან, მე კი ყოველთვის არ გეყოლებით. მან ნელსაცხებელი მცხო და დასაკრძალავად მომამზადა. ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ ქვეყნიერებაზე, სადაც კი სასიხარულო ცნობას იქადაგებენ, იმასაც იტყვიან, რაც ამ ქალმა გააკეთა, მისივე გასახსენებლად“ (მათე 26:10—13).

ერთ დღეზე მეტია გასული, რაც იესო ბეთანიაშია და ამის შესახებ ყველა იგებს. ბევრი იუდეველი იესოს სანახავად სიმონის სახლთან იკრიბება; მათ ლაზარეს ნახვაც სურთ, „რომელიც მან [იესომ] მკვდრეთით აღადგინა“ (იოანე 12:9). უფროსი მღვდლები მოითათბირებენ, რომ იესოსთან ერთად ლაზარეც მოკლან. ისინი ფიქრობენ, რომ სწორედ ლაზარეს აღდგომის გამო ირწმუნა ბევრმა იესო. რა ავისმზრახველები არიან ეს რელიგიური წინამძღოლები!