არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 106

ორი მაგალითი ვენახზე

ორი მაგალითი ვენახზე

მათე 21:28—46; მარკოზი 12:1—12; ლუკა 20:9—19

  • იესოს მაგალითი მოჰყავს ორ შვილზე

  • იესოს მაგალითი მოჰყავს მევენახეებზე

იესომ ეს-ესაა ჩიხში მოაქცია უფროსი მღვდლები და ხალხის უხუცესები, რომლებმაც საკამათოდ აქციეს ის, თუ ვისგან ჰქონდა მას ძალაუფლება მიცემული. იესოს სიტყვებმა ისინი დაადუმა. ის ახლაც ტაძარშია და მათ გასაგონად მოჰყავს მაგალითი, რათა დაანახვოს, სინამდვილეში როგორები არიან.

იგი ჰყვება ორ შვილზე, რომლებსაც მამამ სთხოვა, ვენახში ემუშავათ. ერთი თავიდან უარობდა, მაგრამ შემდეგ ინანა და მაინც წავიდა, მეორე კი თავიდან დასთანხმდა, მაგრამ არ წავიდა. მაგალითის ბოლოს იესო სვამს კითხვას: „ამ ორიდან რომელმა შეასრულა მამის ნება?“ (მათე 21:28—31). პასუხი ნათელია — სინამდვილეში მამის ნება მან შეასრულა, ვინც ჯერ უარი თქვა, მაგრამ საბოლოოდ მაინც წავიდა ვენახში სამუშაოდ.

ამიტომ იესო ეუბნება თავის მოწინააღმდეგეებს: „ჭეშმარიტებას გეუბნებით . . . გადასახადების ამკრეფები და მეძავები თქვენზე წინ მიდიან ღვთის სამეფოში“. გადასახადების ამკრეფები და მეძავები თავიდან უარს ამბობდნენ ღვთის მსახურებაზე. მაგრამ იმ შვილის მსგავსად, რომელმაც საბოლოოდ მამის ნება შეასრულა, მოგვიანებით მათაც მოინანიეს და ახლა ღმერთს ემსახურებიან. მათგან განსხვავებით, უფროსი მღვდლები და ხალხის უხუცესები იმ შვილივით იქცევიან, რომელიც დასთანხმდა მამას, და აცხადებენ, რომ ემსახურებიან ღმერთს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. იესო ამბობს: „იოანე [ნათლისმცემელი] სიმართლის გზით მოვიდა თქვენთან, მაგრამ არ ერწმუნეთ მას, ხოლო გადასახადების ამკრეფები და მეძავები ერწმუნნენ. თქვენ კი, თუმცა დაინახეთ ეს, მაინც არ ინანეთ და არ ერწმუნეთ“ (მათე 21:31, 32).

შემდეგ იესოს კიდევ ერთი მაგალითი მოჰყავს. ამჯერად მას იმის ჩვენება სურს, რომ ისინი, ვინც ვითომდა ხალხის სულიერი განმანათლებლები არიან, მხოლოდ ღვთის ნების შესრულებაზე კი არ ამბობენ უარს, არამედ კიდევ უარესი, ბოროტებიც არიან. იესო ჰყვება: „ერთმა კაცმა ვენახი გააშენა, ღობე შემოავლო, შიგნით საწნახელი ამოკვეთა, კოშკი ააგო და მევენახეებს მიაქირავა, თვითონ კი სხვა ქვეყანაში წავიდა. დანიშნულ დროს მევენახეებს მონა გაუგზავნა, რომ ვენახის ნაყოფის ნაწილი წამოეღო. მაგრამ მევენახეებმა დაიჭირეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს. სხვა მონაც გაუგზავნა, რომელსაც თავი გაუტეხეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. კიდევ გაგზავნა მონა. ის კი მოკლეს. სხვაც ბევრი გაუგზავნა, მაგრამ ზოგი სცემეს, ზოგიც მოკლეს“ (მარკოზი 12:1—5).

საინტერესოა, ხვდებიან იესოს მსმენელები, რატომ მოჰყავს მას ეს მაგალითი? ალბათ, მათ ახსოვთ ესაიას სიტყვები: „ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ვენახი ისრაელის სახლია; იუდას ხალხი ნარგავია, რომელიც მას უყვარდა. სამართალს ელოდა, მაგრამ ირღვევა კანონი“ (ესაია 5:7). იესოს მიერ მოყვანილი მაგალითიც ამავე აზრს ატარებს. ამ მაგალითის თანახმად, „ვენახის პატრონი“ იეჰოვაა, „ვენახი“ ისრაელი ერია, რომელსაც ღობესავით იცავს ღვთის კანონი. იეჰოვა თავის ხალხს წინასწარმეტყველებს უგზავნიდა, რათა მათი მეშვეობით დარიგებები მიეცა მათთვის და კარგი ნაყოფის გამოღებაში დახმარებოდა.

მაგრამ „მევენახეები“ ცუდად მოექცნენ მათთან გაგზავნილ „მონებს“ და მოკლეს ისინი. იესო განაგრძობს: „[ვენახის პატრონს] ერთიც ჰყავდა, საყვარელი ძე. ბოლოს ის გაუგზავნა, ამბობდა, ჩემს ძეს პატივისცემით მოეპყრობიანო. მაგრამ მევენახეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს, ეს მემკვიდრეა, მოდი მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო. დაიჭირეს, მოკლეს და ვენახიდან გაათრიეს“ (მარკოზი 12:6—8).

ახლა იესო ასეთ კითხვას სვამს: „რას იზამს ვენახის პატრონი?“ (მარკოზი 12:9). უფროსი მღვდლები და ფარისევლები პასუხობენ: „ამ ბოროტებს დაუნდობლად დახოცავს, ვენახს კი ისეთ მევენახეებს მიაქირავებს, რომლებიც თავის დროზე მისცემენ ნაყოფს“ (მათე 21:41).

ამგვარად ისინი, თავისდა უნებურად, მსჯავრს სდებენ საკუთარ თავს, რადგან სწორედ ისინი არიან იეჰოვას „ვენახის“, ისრაელის „მევენახეები“. იეჰოვა სამართლიანად მოელის მათგან, რომ გამოიღებენ ნაყოფს ანუ რწმენას გამოავლენენ მისი ძის მიმართ და აღიარებენ, რომ ის მესიაა. ახლა იესო თვალს თვალში უყრის უფროს მღვდლებსა და ფარისევლებს და ეუბნება: «ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ დაწერილი: „მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა მთავარ ქვაკუთხედად იქცა. ეს იეჰოვამ მოახდინა და ჩვენს თვალში საოცრებაა“» (მარკოზი 12:10, 11). შემდეგ იესო პირდაპირ ამბობს სათქმელს: „ამიტომ გეუბნებით: წაგერთმევათ ღვთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფს გამოიღებს“ (მათე 21:43).

მწიგნობრები და უფროსი მღვდლები ხვდებიან, რომ იესო „მათ გულისხმობდა ამ მაგალითში“ (ლუკა 20:19). მათ ახლა ისე უნდათ ღვთის კანონიერი „მემკვიდრის“ მოკვლა, როგორც არასდროს. მაგრამ ხალხის ეშინიათ, რომლებიც იესოს წინასწარმეტყველად მიიჩნევენ, ამიტომ მოცემულ მომენტში არაფერს აკეთებენ.