არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 107

მეფე საქორწილო ნადიმზე უხმობს მიწვეულებს

მეფე საქორწილო ნადიმზე უხმობს მიწვეულებს

მათე 22:1—14

  • იესოს მაგალითი მოჰყავს საქორწილო ნადიმზე

იესო სულ რამდენიმე დღეში დაასრულებს თავის მსახურებას დედამიწაზე. მას ისევ მოჰყავს მაგალითები, რათა გამოააშკარაოს, სინამდვილეში როგორები არიან მწიგნობრები და უფროსი მღვდლები. ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ სურთ მათ მისი მოკვლა (ლუკა 20:19). მაგრამ იესოს ჯერ ბოლომდე არ უთქვამს თავისი სათქმელი; ის კვლავაც ამხელს მათ და კიდევ ერთ მაგალითს ჰყვება:

„ზეციერი სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გადაუხადა. დაგზავნა მონები ქორწილში მიწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ მათ არ ისურვეს მისვლა“ (მათე 22:2, 3). იესო დასაწყისში „ზეციერ სამეფოს“ ახსენებს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ „მეფე“ იეჰოვაა. მაგრამ ვინ არის მეფის „ძე“, ვისი ქორწილიც უნდა გაიმართოს? პასუხი ამ კითხვაზეც ნათელია — იგი იეჰოვას ძეა, სწორედ ის, ვისაც ახლა ეს მაგალითი მოჰყავს, ხოლო „მიწვეულები“ ისინი არიან, ვინც მასთან ერთად ზეციერ სამეფოში იქნებიან.

ვინ იყვნენ მიწვეულთაგან პირველები? დაფიქრდით, ვის უქადაგებდნენ იესო და მისი მოციქულები სამეფოს შესახებ? ესენი იუდეველები იყვნენ (მათე 10:6, 7; 15:24). ძვ. წ. 1513 წელს ღმერთმა ისრაელ ერთან კანონის შეთანხმება დადო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი პირველები იყვნენ, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ, „მღვდლების სამეფოდ“ ქცეულიყვნენ (გამოსვლა 19:5—8). მაგრამ უშუალოდ ქორწილში როდის მიიწვიეს ისინი? ლოგიკურია, ეს მაშინ მოხდა, როცა იესომ ქადაგება დაიწყო ზეციერი სამეფოს შესახებ ანუ ახ. წ. 29 წელს.

როგორ გამოეხმაურა ისრაელთა უმეტესობა ამ მოწვევას? იესოს სიტყვების თანახმად, მათ „არ ისურვეს მისვლა“. უმეტესობამ, მათ შორის მათ, ვისაც ხალხის დამოძღვრა ევალებოდა, მაგალითად, ფარისევლებმა, მწიგნობრებმა, უფროსმა მღვდლებმა და სხვებმა არ აღიარეს იესო მესიად და ღვთის მიერ არჩეულ მეფედ.

თუმცა იესომ აქვე იმასაც გაუსვა ხაზი, რომ იუდეველებს კიდევ ერთი შესაძლებლობა მიეცემოდათ: «კვლავ დაგზავნა [მეფემ] სხვა მონები და უთხრა: „უთხარით მოწვეულებს, სადილი გავამზადე, ხარები და ნასუქი საქონელი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, მობრძანდით-თქო ქორწილში“. მათ ყური არ ათხოვეს; ერთი თავის მინდორში წავიდა, მეორე — სავაჭრო საქმეზე, დანარჩენებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს» (მათე 22:4—6). ეს ზუსტად შეესაბამება იმას, რაც ქრისტიანული კრების ჩამოყალიბების შემდეგ მოხდა. იმ დროს იუდეველებს ჯერ კიდევ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ მხოლოდ მათ დაემკვიდრებინათ ზეცაში ღვთის სამეფო, მაგრამ მათმა უმეტესობამ არ მიიღო მოწვევა და „მეფის მონებს“ დაცინვაც კი დაუწყო (საქმეები 4:13—18; 7:54, 58).

რა შედეგით დასრულდა ეს ისრაელი ერისთვის? იესო განაგრძობს: „მეფე განრისხდა, გაგზავნა თავისი ჯარი და გაჟლიტა ის მკვლელები, მათი ქალაქი კი გადაწვა“ (მათე 22:7). იუდეველები ამ სიტყვების შესრულების მოწმენი ახ. წ. 70 წელს გახდნენ, როცა რომაელებმა „მათ ქალაქი“, იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს.

რას ნიშნავს ის, რომ მათ არ მიიღეს მეფის მოწვევა? იმას ხომ არა, რომ სხვა ვერავინ იქნება მიწვეული ამ ნადიმზე? როგორც იესოს მაგალითიდან იკვეთება, ეს ასე არ მოხდება. ის ამბობს: «მაშინ [მეფემ] უთხრა მონებს: „საქორწილო სუფრა მზად არის, მაგრამ მოწვეულები არ აღმოჩნდნენ ღირსნი. ამიტომ გადით ქალაქიდან გამავალ გზებზე და ვისაც შეხვდებით, მოიწვიეთ ქორწილში“. გავიდნენ მონები გზებზე და ვინც შეხვდათ, ყველა შეკრიბეს, ბოროტიც და კეთილიც. საქორწილო დარბაზი სტუმრებით აივსო» (მათე 22:8—10).

საგულისხმოა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ პეტრე მოციქული უცხოტომელებს ანუ მათ, რომლებიც არც იუდეველებად იყვნენ დაბადებული და არც პროზელიტები იყვნენ, დაეხმარა, ჭეშმარიტი ქრისტიანები გამხდარიყვნენ. ახ. წ. 36 წელს რომაელ ასისთავზე, კორნელიუსსა და მის სახლეულობაზე წმინდა სული გადავიდა და მათაც გაეხსნათ გზა ზეციერი სამეფოსკენ, რომელიც იესომ მოიხსენია (საქმეები 10:1, 34—48).

იესო აღნიშნავს, რომ ყველა, ვინც ნადიმზე მოვა, არ იქნება „მეფისთვის“ მოსაწონი: «როცა მეფე სტუმრების სანახავად შევიდა, თვალი მოჰკრა ერთ კაცს, რომელსაც საქორწილო ტანსაცმელი არ ეცვა და უთხრა: „მეგობარო, როგორ შემოხვედი საქორწილო ტანსაცმლის გარეშე?“ ის ხმას არ იღებდა. მაშინ მეფემ მსახურებს უთხრა: „შეუკარით ხელ-ფეხი და გადააგდეთ გარეთ, სიბნელეში. იქ იქნება მისი ტირილი და კბილთა ღრჭენა“. მოწვეული ბევრია, რჩეული კი — ცოტა» (მათე 22:11—14).

მწიგნობრები, უფროსი მღვდლები თუ ფარისევლები, რომლებიც იესოს უსმენენ, შესაძლოა ბოლომდე ვერ ხვდებიან, რის თქმა სურს მას და რატომ ღირს მის სიტყვებზე დაფიქრება, მაგრამ მათ არ მოსწონთ ის, რასაც იგი ამბობს და კიდევ უფრო უმძაფრდებათ იმის სურვილი, რომ თავიდან მოიშორონ ის, ვინც ასე ამხელს მათ.