არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 113

იგავი ტალანტებზე მოწაფეებს გულმოდგინებას ასწავლის

იგავი ტალანტებზე მოწაფეებს გულმოდგინებას ასწავლის

მათე 25:14—30

  • იესოს მოჰყავს იგავი ტალანტებზე

იესო თავის ოთხ მოციქულთან ერთად კვლავაც ზეთისხილის მთაზეა. მას კიდევ ერთი იგავი მოჰყავს მათთვის. რამდენიმე დღის წინ, როდესაც იესო იერიხონში იყო, მან მინებზე მოიყვანა იგავი, რათა ეჩვენებინა მსმენელისთვის, რომ სამეფოს დამყარებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო უნდა გასულიყო. იგავი, რომელიც იესოს ახლა მოჰყავს, საკმაოდ ჰგავს იგავს მინებზე. იესო კვლავ მოწაფეების მიერ წამოჭრილ საკითხზე მსჯელობს და ამ იგავითაც პასუხს სცემს თავისი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ მათ მიერ დასმულ კითხვას. ეს იგავი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, დავალება, რომელიც მოწაფეებს მიენდოთ, გულმოდგინედ შეასრულონ.

იესო იგავს ასე იწყებს: „ეს ისეა, კაცმა სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე მონები რომ დაიბარა და თავისი ქონება ჩააბარა“ (მათე 25:14). საგულისხმოა ის, რომ იესომ ერთხელ უკვე შეადარა საკუთარი თავი კაცს, რომელიც შორეულ ქვეყანაში ძალაუფლების მისაღებად მიდის. ამიტომ მოწაფეებს არ უნდა გაუჭირდეთ იმის დანახვა, რომ იესო „კაცში“ ახლაც საკუთარ თავს გულისხმობს (ლუკა 19:12).

სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე ეს კაცი მონებს ქონებას აბარებს. დედამიწაზე სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში მსახურების დროს იესომ მთელი ყურადღება ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას დაუთმო და მოწაფეებიც ამავე საქმის შესასრულებლად მოამზადა. მალე ის დატოვებს დედამიწას იმაში დარწმუნებული, რომ მისი მოწაფეები თავს გაართმევენ საქმეს, რომლისთვისაც თავად მოამზადა (მათე 10:7; ლუკა 10:1, 8, 9; შეადარეთ იოანეს 4:38; 14:12).

როგორ ანაწილებს ამ იგავში ბატონი თავის ქონებას? იესო განაგრძობს: „ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს — ორი, და მესამეს — ერთი, თითოეულს თავისი უნარისდა მიხედვით, და წავიდა“ (მათე 25:15). როგორ განკარგავენ მონები იმას, რაც მიენდოთ? გამოავლენენ გულმოდგინებას და ეცდებიან, ბატონს მოგება მოუტანონ?

იესო ჰყვება: „ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, ფული ბრუნვაში გაუშვა და კიდევ ხუთი მოიგო; ორის მიმღებმაც კიდევ ორი მოიგო; ის კი, რომელმაც მხოლოდ ერთი მიიღო, წავიდა, მიწა ამოთხარა და დამალა თავისი ბატონის ვერცხლის ფული“ (მათე 25:16—18). რა მოხდება, როცა ბატონი დაბრუნდება?

„კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიშსწორებას შეუდგა“ (მათე 25:19). პირველმა ორმა მონამ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, „თითოეულმა თავისი უნარისდა მიხედვით“. ორივე მონა მუყაითი და გულმოდგინე იყო და მათ მინდობილი საუკეთესოდ განკარგეს; მან, ვინც ხუთი ტალანტი მიიღო, ორმაგი მოგება მოუტანა ბატონს და იგივე გააკეთა მანაც, ვისაც ორი ტალანტი მიეცა (იმ დროს მუშას დაახლოებით 19 წელი უნდა ემუშავა, ერთი ტალანტის ოდენობის თანხა რომ გამოემუშავებინა). ბატონმა ორივე ერთნაირად შეაქო: „ყოჩაღ, კარგი და ერთგული მონა ხარ! მცირეზე ერთგული იყავი და ბევრზე დაგაყენებ. მოდი, გაიზიარე შენი ბატონის სიხარული“ (მათე 25:21).

თუმცა მესამე მონა, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო, პირველი ორისგან სრულიად განსხვავებულად მოიქცა. ის ამბობს: „ბატონო, ვიცოდი, რომ მომთხოვნი კაცი ხარ: იმკი, სადაც არ დაგითესავს, და აგროვებ, სადაც არ გაგინიავებია. ამიტომ შემეშინდა, წავედი და შენი ტალანტი მიწაში დავმალე. აჰა, შენი შენვე გქონდეს“ (მათე 25:24, 25). ამ მონამ მიღებული ფული ვაჭრებსაც კი არ მისცა, რაღაც მოგება მაინც რომ მოეტანა ბატონისთვის. ნაცვლად იმისა, რომ იგი ბატონის ინტერესებს მომსახურებოდა, შეიძლება ითქვას, სრულიად საპირისპიროდ მოიქცა.

ამიტომაც ბატონი სრულიად სამართლიანად უწოდებს მას „ბოროტ და ზარმაც მონას“, ართმევს მიბარებულ ტალანტს და იმ მონას აძლევს, რომელიც გულმოდგინედ მოეკიდება საქმეს. ბატონს ამ საკითხისადმი ასეთი მიდგომა აქვს: „ვისაც აქვს, მეტი მიეცემა და უხვად ექნება, იმას კი, ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს“ (მათე 25:26, 29).

იესოს მოწაფეები ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდნენ; ეს ერთი იგავიც კი ნამდვილად ბევრის მთქმელია მათთვის. მათ უნდა გააცნობიერონ, თუ რამხელა პატივი დასდო იესომ, რომ მოწაფეების მომზადების საქმე მიანდო. იესო მათგან მოელის, რომ გულმოდგინედ მოეკიდებიან მინდობილს. იგი არ ფიქრობს, რომ მისი ყველა მიმდევარი ერთნაირად შეასრულებს დავალებულს ანუ სამქადაგებლო საქმეს. როგორც იგავიდან გამოჩნდა, თითოეულმა „თავისი უნარისდა მიხედვით“ უნდა იმოქმედოს. რა თქმა უნდა, იესოს მოწონებას ვერ დაიმსახურებს ის, ვინც იზარმაცებს და ბოლომდე არ დაიხარჯება იმისთვის, რომ ბატონს მოგება მოუტანოს.

და მაინც, ალბათ, როგორ გაახარებდათ მოციქულებს იესოს სიტყვები: „ვისაც აქვს, მეტი მიეცემა“.