არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 119

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე

იოანე 14:1—31

  • იესო მიდის, რომ მოწაფეებს ადგილი მოუმზადოს

  • ის თავის მიმდევრებს ჰპირდება, რომ დამხმარეს გაუგზავნის

  • „მამა ჩემზე დიდია“

იესო თავის მოციქულებთან ერთად ჯერ კიდევ ზემოთა ოთახშია, სადაც გახსენების საღამო დააწესა. ახლა იგი მოუწოდებს მათ: „გული ნუ აგიფორიაქდებათ. ირწმუნეთ ღმერთი და მირწმუნეთ მე“ (იოანე 13:36; 14:1).

იესო თავის ერთგულ მოციქულებს არწმუნებს, რომ მისი წასვლის გამო ნამდვილად არა აქვთ აფორიაქების მიზეზი: „მამაჩემის სახლში ბევრი ადგილია . . . თუ წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა თქვენც იქ იყოთ, სადაც მე ვარ“. მოციქულები ვერ ხვდებიან, რომ ის ზეცაში წასვლაზე საუბრობს. თომა ეუბნება: „უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ და გზა როგორ გვეცოდინება?!“ (იოანე 14:2—5).

იესო პასუხობს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. მისი ზეციერი მამის სახლში მხოლოდ ის დაიმკვიდრებს ადგილს, ვინც აღიარებს მას, ეთანხმება მის სწავლებებს და ჰბაძავს. იესო დასძენს: „მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6).

ფილიპე, რომელიც ყურადღებით უსმენს იესოს, ამბობს: „უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის“. როგორც ჩანს, ფილიპეს სურს, რომ ღმერთი მასაც გამოეცხადოს, როგორც ეს მოსეს, ელიასა და ესაიას შემთხვევაში მოხდა. მაგრამ სინამდვილეში მოციქულები ხილვაზე გაცილებით მეტს ხედავენ. იესო ხაზს უსვამს ამას შემდეგი სიტყვებით: „ფილიპე, ამდენი ხანია თქვენთან ვარ და აქამდე ვერ გამიცანი? ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“. იესო სრულყოფილად ჰბაძავს მამას; ამიტომ მოწაფეები, რომლებიც დღედაღამ იესოს გვერდით არიან და აკვირდებიან მას, შეიძლება ითქვას, რომ მის მამას ხედავენ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მამა იესოზე დიდია, რადგან ის თავად ამბობს: „რასაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ“ (იოანე 14:8—10). მოციქულები ხედავენ, რომ იესო მთელ დიდებას იეჰოვას მიაგებს.

მათ საკუთარი თვალით იხილეს, რა გასაოცარ საქმეებს იქმოდა იესო და როგორ აცხადებდა სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ. ახლა იგი ამბობს: „ვისაც მე ვწამვარ, ისიც გააკეთებს საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, და მეტსაც გააკეთებს“ (იოანე 14:12). იესოს იმის თქმა არ სურს, რომ მოწაფეები მასზე დიდ სასწაულებს მოახდენენ. ამით იგი ხაზს უსვამს, რომ ისინი უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე, უფრო ფართო მასშტაბით იმსახურებენ და უფრო მეტ ადამიანს გააგებინებენ სასიხარულო ცნობას.

მართალია, იესო ზეცაში წავა, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოწაფეები მიტოვებულები იქნებიან. იესო ჰპირდება მათ: „თუკი რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ“. მეტიც, ის დასძენს: „მე ვთხოვ მამას და ის მოგცემთ სხვა დამხმარეს, რათა მარადიულად თქვენთან იყოს, ჭეშმარიტების სულს“ (იოანე 14:14, 16, 17). ის არწმუნებს, რომ სხვა დამხმარეს, წმინდა სულს მიიღებენ. ეს ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოხდება.

იესო ამბობს: „ცოტაც და ქვეყნიერება ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ, რადგან მე ვცოცხლობ და თქვენც იცოცხლებთ“ (იოანე 14:19). იესო მათ მხოლოდ აღდგომის შემდეგ კი არ გამოეცხადება, არამედ დადგება დრო, როცა ზეცაში სულიერ ქმნილებებად აღადგენს.

ახლა იესო მარტივ ჭეშმარიტებას აცხადებს: „ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, მას მამაჩემიც შეიყვარებს, მეც შევიყვარებ და თავად გამოვეცხადები“. ამაზე მოციქული იუდა, რომელსაც თადეოზსაც ეძახიან, ეკითხება: „უფალო, რა მოხდა, რატომ აპირებ ჩვენ გამოგვეცხადო და არა ქვეყნიერებას?“. იესო პასუხობს: „ვისაც ვუყვარვარ, ჩემს სიტყვას დაიცავს და მამაჩემიც შეიყვარებს მას . . . ვისაც არ ვუყვარვარ, ჩემს სიტყვებს არ იცავს“ (იოანე 14:21—24). მისი მიმდევრებისგან განსხვავებით, ქვეყნიერება არ აღიარებს, რომ იესო არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.

როგორ შეძლებენ მოწაფეები იესოს წასვლის შემდეგ იმ ყველაფრის გახსენებას, რასაც იგი ასწავლიდა? იესო უხსნის: „დამხმარე, წმინდა სული, რომელსაც მამა გამოგზავნის ჩემი სახელით, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც კი თქვენთვის მითქვამს“. მოციქულებმა უკვე დაინახეს, თუ რამხელა ძალა აქვს ღვთის წმინდა სულს, ამიტომ მათთვის იესოს სიტყვები ნამდვილად მანუგეშებელია. იესო დასძენს: „მშვიდობას გიტოვებთ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ . . . გული ნუ აგიფორიაქდებათ და ნურც შიშისგან შეგეკუმშებათ“ (იოანე 14:26, 27). მოწაფეებს ნამდვილად არა აქვთ აფორიაქების მიზეზი, რადგან იესოს მამა მათ ყოველმხრივ უხელმძღვანელებს და დაიცავს.

ეს ძალიან მალე გახდება ცხადი. იესო ამბობს: „ქვეყნიერების მმართველი მოდის. მას არანაირი ძალაუფლება არა აქვს ჩემზე“ (იოანე 14:30). როგორც ვიცით, ეშმაკი იუდაში შევიდა და თავის გავლენაში მოაქცია. მაგრამ სატანა იესოს ვერასდროს აუმხედრებს ღმერთს, რადგან მას არანაირი სისუსტე არა აქვს, რითაც ეშმაკი ისარგებლებდა. ის ვერც იმას შეძლებს, რომ ღვთის ძე მარადიულად ამყოფოს სიკვდილის ტყვეობაში. იესო დარწმუნებით ამბობს: „რაც მამამ დამიდო მცნებად, იმას ვაკეთებ“. მას იოტისოდენა ეჭვიც არ ეპარება, რომ მამა გაათავისუფლებს სიკვდილის მარწუხებისგან და მკვდრეთით აღადგენს (იოანე 14:31).