არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 134

იესო მკვდრეთით აღდგა!

იესო მკვდრეთით აღდგა!

მათე 28:3—15; მარკოზი 16:5—8; ლუკა 24:4—12; იოანე 20:2—18

  • მოწაფეებს სამარხი ცარიელი ხვდებათ

  • იესოს სამარხთან განვითარებული მოვლენები

  • მკვდრეთით აღმდგარი იესო ქალებს ეცხადება

იესოს სამარხთან მისულ ქალებს, უეჭველად, თავზარი ეცემათ, როცა ხედავენ, რომ სამარხი ცარიელია. მარიამ მაგდალელი სიმონ-პეტრესა და იესოს საყვარელ მოწაფესთან, მოციქულ იოანესთან გარბის (იოანე 20:2). ამასობაში სამარხთან სხვა ქალებიც მიდიან, სადაც ანგელოზს ხედავენ. სამარხში რომ შედიან, იქ კიდევ ერთი ანგელოზი ხვდებათ, რომელსაც „თეთრი გრძელი სამოსელი“ მოსავს (მარკოზი 16:5).

ერთ-ერთი ანგელოზი მათ ასეთი სიტყვებით მიმართავს: „ნუ გეშინიათ, ვიცი, იესოს ეძებთ, რომელიც ბოძზე გააკრეს. ის აქ არ არის, აღდგა, როგორც ამბობდა. მოდით, აი ის ადგილი, სადაც ესვენა. სასწრაფოდ წადით და მის მოწაფეებს უთხარით, რომ ის მკვდრეთით აღდგა; ის თქვენზე ადრე წავა გალილეაში“ (მათე 28:5—7). შიშისგან აკანკალებული ქალები ახალი ამბის შესატყობინებლად მოწაფეებთან გარბიან (მარკოზი 16:8).

ამ დროისთვის მარიამი უკვე პეტრესთან და იოანესთანაა მისული. ის გულამოვარდნილი ეუბნება მათ: „უფალი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით, სად დაასვენეს“ (იოანე 20:2). პეტრე და იოანე თავქუდმოგლეჯილები გარბიან. იოანე პეტრეს ასწრებს და პირველი მიდის სამარხთან. ის შიგნით იხედება და სახვევებს ხედავს, თუმცა სამარხში არ შედის, გარეთ რჩება.

პეტრე კი მისვლისთანავე შიგნით შედის. იქ ის დაყრილ სახვევებს და იმ ნაჭერს ხედავს, რომელიც იესოს თავზე ეფარა. ახლა სამარხში იოანეც შედის და რწმუნდება, რომ მარიამმა სიმართლე თქვა. მართალია, იესომ მათ წინასწარ ამცნო, რაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ ხვდება, რომ იესო მკვდრეთით აღდგა (მათე 16:21). დაბნეული მოციქულები სახლში ბრუნდებიან. მარიამი კი, რომელიც სამარხთან დაბრუნდა, იქ რჩება.

ამასობაში სხვა ქალები გზაში არიან; ისინი მოწაფეებთან მიდიან, რომ შეატყობინონ იესოს აღდგომის ამბავი. გზად იესო ხვდებათ, რომელიც ეუბნება: „გამარჯობათ!“. ისინი მის ფეხებთან ემხობიან და მდაბლად თაყვანს სცემენ. იესო ეუბნება: „ნუ გეშინიათ, წადით და უთხარით ჩემს ძმებს, რომ გალილეაში წავიდნენ და იქ მნახავენ“ (მათე 28:9, 10).

ცოტა ხნის წინ, როცა მიწისძვრა მოხდა და ანგელოზები გუშაგებს გამოეცხადნენ, ეს უკანასკნელნი შიშისგან აცახცახებულნი მკვდრებს დაემსგავსნენ. გონს რომ მოვიდნენ, ქალაქში შევიდნენ და უფროს მღვდლებს შეატყობინეს მომხდარის შესახებ. მღვდლებმა უხუცესებთან ერთად მოითათბირეს და გადაწყვიტეს, გუშაგებისთვის ქრთამი მიეცათ, რათა არ გამჟღავნებულიყო სიმართლე და გუშაგებს ხალხისთვის ეთქვათ, ვითომ ღამით, როცა ეძინათ, იესოს მოწაფეები მივიდნენ და მოიპარეს მისი ცხედარი (მათე 28:4, 11, 13).

ჩვეულებისამებრ, თუ რომაელ ჯარისკაცს გუშაგობისას ჩაეძინებოდა, სიკვდილით სჯიდნენ, ამიტომ მღვდლები ამ გუშაგებს პირობას აძლევენ: „გამგებლის ყურამდე თუ მიაღწევს [ამბავი, თითქოს გუშაგებს ჩაეძინათ], ჩვენ დავარწმუნებთ მას და უსიამოვნებებს აგარიდებთ“ (მათე 28:14). გუშაგები ქრთამს იღებენ და მღვდლების მითითებისამებრ იქცევიან. შედეგად იესოს სხეულის გაუჩინარების შესახებ შეთითხნილი სიცრუე თითქმის ყველა იუდეველის ყურამდე აღწევს.

მარიამ მაგდალელი ჯერ კიდევ სამარხთანაა და გლოვობს. ამ დროს სამარხში იხედება და იმ ადგილას, სადაც იესო ესვენა, თეთრებში შემოსილ ორ ანგელოზს ხედავს: ერთი თავთით ზის, მეორე კი — ფერხთით. ისინი ეკითხებიან: „რატომ ტირი?“. მარიამი პასუხობს: „ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დაასვენეს“. შემდეგ უკან ბრუნდება და ერთ კაცს ხედავს, რომელიც ამავე კითხვას უსვამს: „რატომ ტირი?“. ამის მერე კი კითხულობს: „ვის ეძებ?“. მარიამს ეს კაცი მებაღე ჰგონია და ეუბნება: „ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დაასვენე და მე წამოვიღებ“ (იოანე 20:13—15).

სინამდვილეში მარიამი მკვდრეთით აღმდგარ იესოს ელაპარაკება, მაგრამ ამ მომენტში ვერ ცნობს თავის მოძღვარს. თუმცა მას შემდეგ, რაც იგი სახელით მიმართავს, ისე, როგორც სჩვეოდა, მარიამი ხვდება, რომ მის წინ იესო დგას. ის სიხარულით წამოიძახებს: „რაბუნი!“ (ნიშნავს „მოძღვარს“). იმის შიშით, რომ იესო ზეცად არ ამაღლდეს, მარიამი მაგრად სჭიდებს ხელს. ამაზე იესო ეუბნება: „გამიშვი ხელი, ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი, რომ მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან“ (იოანე 20:16, 17).

მარიამი იქ მირბის, სადაც მოციქულები და სხვა მოწაფეები შეკრებილან. ის მათ ეუბნება: „უფალი ვიხილე“; ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სხვა ქალების ნათქვამს (იოანე 20:18). თუმცა მათ „ეს სიტყვები უაზრობად“ ეჩვენებათ (ლუკა 24:11).