არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 15

იეჰოვას არასდროს დავიწყებია იოსები

იეჰოვას არასდროს დავიწყებია იოსები

იოსების ციხეში ყოფნის დროს ფარაონმა, ეგვიპტის მეფემ, სიზმრები ნახა, რომელთა ახსნაც ვერავინ შეძლო. ერთმა მსახურმა უთხრა ფარაონს, რომ მისი სიზმრების ახსნა იოსებს შეეძლო. ფარაონმაც მაშინვე გაგზავნა მსახურები მის მოსაყვანად.

მან ჰკითხა იოსებს: შეგიძლია ჩემი სიზმრების ახსნა? იოსებმა აუხსნა სიზმრები: შვიდი წლის მანძილზე ეგვიპტეში უხვი მოსავალი მოვა, მომდევნო შვიდი წელი კი შიმშილობა ჩამოვარდება. მოძებნე ბრძენი კაცი, რომ შეაგროვოს საკვები და ხალხმა არ იშიმშილოს. ამაზე ფარაონმა მიუგო: ამ საქმეს შენ გაბარებ! მთელ ეგვიპტეში მეორე კაცი იქნები. როგორ შეძლო იოსებმა ფარაონის სიზმრების ახსნა? მას იეჰოვა დაეხმარა.

მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში იოსები საკვებს აგროვებდა. ამის შემდეგ მთელ დედამიწაზე შიმშილობა ჩამოვარდა, როგორც იოსებს ჰქონდა ნათქვამი. ხალხი დედამიწის ყველა კუთხიდან მიდიოდა მასთან საკვების საყიდლად. იოსების მამამ, იაკობმაც შეიტყო, რომ ეგვიპტეში ბევრი საკვები იყო, ამიტომ იქ თავისი ათი ვაჟი გაგზავნა.

იაკობის ვაჟები საკვების საყიდლად იოსებთან მივიდნენ. მათ არ იცოდნენ, ვის წინაშე იდგნენ; იოსებმა კი მაშინვე იცნო ისინი. ძმებმა მას მდაბლად თაყვანი სცეს, როგორც ეს ბავშვობაში ჰქონდა სიზმარში ნანახი იოსებს. მას აინტერესებდა, კვლავ შურიანები იყვნენ თუ არა მისი ძმები, ამიტომ უთხრა მათ: თქვენ მზვერავები ხართ! ამ მიწის დაუცველი ადგილების სანახავად მოხვედით! მათ მიუგეს: არა ბატონო, ქანაანში ვცხოვრობთ. თორმეტი ძმა ვიყავით; ერთი ძმა მკვდარი გვყავს, უმცროსი კი მამასთან დარჩა. ამაზე იოსებმა მიუგო: წადით, თქვენი უმცროსი ძმა ჩამომიყვანეთ და დაგიჯერებთ. ისინიც უკან გაბრუნდნენ.

საკვების მარაგი ისევ რომ გამოელიათ, კვლავ გაგზავნა იაკობმა შვილები ეგვიპტეში. ამჯერად თავიანთი უმცროსი ძმა, ბენიამინიც წაიყვანეს თან. იოსებმა გადაწყვიტა, ძმები გამოეცადა. მან ბენიამინის ტომარაში ჩუმად ჩადო თავისი ვერცხლის სასმისი და მას მისი მოპარვა დააბრალა. როცა იოსების მსახურებმა ბენიამინის ჩანთაში სასმისი იპოვეს, ძმები ძალიან გაოცდნენ. მათ ხვეწნა დაუწყეს იოსებს, რომ ბენიამინის მაგივრად ისინი დაესაჯა.

იოსები მიხვდა, რომ მისი ძმები შეცვლილიყვნენ. მან თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. მე იოსები ვარ, თქვენი ძმა, — უთხრა მან ძმებს, — ცოცხალია მამაჩემი? ძმები გაოგნდნენ. იოსებმა დაამშვიდა ისინი: არ ინერვიულოთ იმაზე, რაც ადრე გამიკეთეთ. ღმერთმა გამომგზავნა აქ თქვენ გადასარჩენად. სასწრაფოდ წადით და მამაჩემი ჩამომიყვანეთ.

ისინიც წავიდნენ და სასიხარულო ამბავი ჩაუტანეს მამას. მრავალი წლის შემდეგ იოსები და მამამისი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს.

„თუ თქვენ არ პატიობთ სხვებს მათ შეცოდებებს, არც თქვენ გაპატიებთ თქვენსას ზეციერი მამა“ (მათე 6:15)