არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 16

ვინ იყო იობი?

ვინ იყო იობი?

უცის მიწაზე ცხოვრობდა ერთი კაცი, სახელად იობი, რომელსაც მთელი გულით უყვარდა იეჰოვა. ის ძალიან მდიდარი იყო და დიდი ოჯახი ჰყავდა. იობს ებრალებოდა ღარიბები და ყოველთვის ეხმარებოდა ქვრივ-ობლებს. ის ღვთის მოსაწონად ცხოვრობდა; მაგრამ ნიშნავდა ეს იმას, რომ მას ცხოვრებაში ცუდი არაფერი შეემთხვეოდა?

იობმა არ იცოდა, რომ სატანა განსაკუთრებით აკვირდებოდა მის ცხოვრებას. ერთხელ იეჰოვამ ჰკითხა სატანას: შეამჩნიე ჩემი მსახური იობი? არავინაა მისი მსგავსი დედამიწაზე. ის ყოველთვის მემორჩილება და ყოველთვის სწორად იქცევა. სატანამ მიუგო: რა თქმა უნდა, დაგემორჩილება. ყოველთვის იცავ და ეხმარები. შენი წყალობით აქვს მიწები და ჰყავს უთვალავი საქონელი. აბა, წაართვი ყველაფერი, თუ არ გიღალატოს. ამაზე იეჰოვამ უთხრა: შეგიძლია, გამოსცადო იობი, ოღონდ არ მოკლა.

იცი, რატომ მისცა იეჰოვამ იობის გამოცდის უფლება სატანას? იმიტომ, რომ დარწმუნებული იყო თავისი მსახურის ერთგულებაში. სატანამ არაერთი გამოცდა მოუწყო იობს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მან სებელები მიუგზავნა მას; მათ საქონელი და ვირები მოჰპარეს იობს. შემდეგ მას ცეცხლმა გაუნადგურა ცხვრის მთელი ფარა; ამის მერე მისი აქლემების ჯოგს ქალდეველები დაეცნენ, აქლემები გაიტაცეს და მწყემსები დახოცეს. მომდევნო განსაცდელი კი იობისთვის საშინლად მძიმე აღმოჩნდა; მას ყველა შვილი ერთად დაეხოცა. ეს მოხდა მაშინ, როცა უფროსი ვაჟის სახლში და-ძმები ერთად იყვნენ შეკრებილები და ნადიმობდნენ. მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარიშხალმა სახლი მთლიანად დაანგრია და იობის ათივე შვილი ნანგრევებში მოყვა. ასეთი საშინელი ამბის გაგებამ იობს ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა, მაგრამ მას არ მიუტოვებია იეჰოვა.

სატანას უნდოდა, კიდევ უფრო გაემწარებინა იობი. ამიტომ თავიდან ფეხებამდე წყლული შეჰყარა მას; საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა იობი. მან არ იცოდა, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც იეჰოვას ერთგული რჩებოდა. იეჰოვაც ხედავდა მის ერთგულებას და ხარობდა მისით.

შემდეგ სატანამ გამოსაცდელად სამი კაცი მიუგზავნა იობს. მათ უთხრეს: იცი, რატომ გსჯის ღმერთი? ალბათ რაღაც ცოდვა გაქვს ჩადენილი და არ აღიარებ. იობმა მიუგო: არა, ცუდი არაფერი ჩამიდენია. ამ ყველაფრის შემდეგ იობმა იფიქრა, რომ ყველა ეს უბედურება იეჰოვამ დაატეხა თავს და თქვა, რომ ღმერთი უსამართლოდ ექცეოდა.

იობისა და ამ სამი მამაკაცის საუბარს მშვიდად ისმენდა ერთი ახალგაზრდა კაცი, ელიჰუ. ბოლოს მან ასეთი რამ უთხრა მათ: ყველანი ცდებით! იეჰოვა იმაზე ბევრად დიდებული ღმერთია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ის არასოდეს აკეთებს ცუდს. ის ყველაფერს ხედავს და ეხმარება ყველას, ვინც გასაჭირშია.

შემდეგ იობს იეჰოვა დაელაპარაკა: სად იყავი, როცა ცასა და დედამიწას ვქმნიდი? რატომ ამბობ, რომ უსამართლო ვარ? ლაპარაკობ, მაგრამ არ იცი, სინამდვილეში, რა ხდება. იობმა აღიარა თავისი შეცდომა და თქვა: შევცდი. ადრე გაგონილი მქონდა შენზე, მაგრამ ახლა უკვე ნამდვილად გიცნობ. არაფერია შენთვის შეუძლებელი. მაპატიე ყველაფერი, რაც აქამდე ვთქვი.

ბოლოს დასრულდა იობის გამოცდა. იეჰოვამ გამოაჯანმრთელა ის და იმაზე ორჯერ მეტი მისცა, ვიდრე მანამდე ჰქონდა. ის დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდა. იეჰოვამ იმიტომ აკურთხა იობი, რომ ის მაშინაც ერთგული დარჩა, როცა ამის გაკეთება ძნელი იყო. მიჰბაძავ იობს და დარჩები მასავით ღვთის ერთგული, რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში?

„თქვენ გსმენიათ იობის მოთმინებაზე და გინახავთ, ბოლოს რა გააკეთა იეჰოვამ მისთვის“ (იაკობი 5:11)