არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 17

მოსემ იეჰოვას თაყვანისცემა არჩია

მოსემ იეჰოვას თაყვანისცემა არჩია

როგორც უკვე გავიგეთ, იაკობის ოჯახი ეგვიპტეში გადავიდა საცხოვრებლად. იქ ისინი ისრაელების სახელით გახდნენ ცნობილი. იაკობისა და იოსების სიკვდილის შემდეგ ეგვიპტეში სხვა ფარაონმა დაიწყო მმართველობა. მას ეშინოდა, რომ ისრაელები ეგვიპტელებზე მეტად არ გაძლიერებულიყვნენ და ამიტომ ისინი მონებად აქცია. ფარაონი მათ აიძულებდა, აგურები დაემზადებინათ და ძალიან ბევრი ემუშავათ. მაგრამ, რაც უფრო ჩაგრავდნენ ეგვიპტელები ისრაელებს, მით უფრო მრავლდებოდნენ ისინი. ეს ამბავი ფარაონს ძალიან არ მოსწონდა. ამიტომ ბრძანა, ყველა ახალდაბადებული ისრაელი ბიჭი მოეკლათ. წარმოგიდგენია, როგორ შეეშინდებოდათ ისრაელებს, როცა ამ ბრძანების შესახებ გაიგებდნენ?!

იმ პერიოდში ერთ ისრაელ ქალს, სახელად იოქებედს, მშვენიერი პატარა ბიჭი შეეძინა. ჩვილი რომ არ მოეკლათ, დედამ ის კალათაში ჩააწვინა და მდინარე ნილოსის პირას ლერწმებში დამალა. ბავშვის უფროსი და მირიამი კი იქვე ახლოს დარჩა, რომ გაეგო, რა მოუვიდოდა თავის ძმას.

ცოტა ხანში მდინარეზე ფარაონის ქალიშვილი მივიდა საბანაოდ. უცებ მან მდინარეში კალათა შენიშნა, რომელშიც ბავშვი იწვა და ტიროდა. ქალს ბავშვი ძალიან შეებრალა. ამ დროს მასთან მირიამმა მიირბინა და ჰკითხა: გინდათ, წავიდე და ბავშვისთვის მომვლელი მოგიყვანოთ? კარგი, წადი და მომიყვანე, — მიუგო ფარაონის ასულმა. მირიამიც გაიქცა და დედამისი მიუყვანა. ფარაონის ქალიშვილმა ბავშვის დედას, იოქებედს, უთხრა, წაიყვანე ჩვილი, მოუარე და გასამრჯელოს გადაგიხდიო.

ბავშვი რომ წამოიზარდა, იოქებედმა ის ფარაონის ასულს მიუყვანა. მან იშვილა იგი და მოსე დაარქვა. მოსე უფლისწულივით იზრდებოდა და ყველაფერი შეეძლო ჰქონოდა, რასაც კი მოისურვებდა. მაგრამ მას ახსოვდა, რომ სინამდვილეში ებრაელი იყო და არა ეგვიპტელი. მას არასდროს დავიწყებია იეჰოვა. საბოლოოდ, მოსემ იეჰოვას მსახურება არჩია.

ორმოცი წლის ასაკში მოსემ გადაწყვიტა, თავის ხალხს დახმარებოდა. ერთხელ დაინახა, რომ ეგვიპტელი ისრაელ მონას სცემდა. მან ვეღარ მოითმინა, მივიდა და ეგვიპტელს ისეთი ძალით დაარტყა, რომ იქვე მოკლა. შემდეგ კი ქვიშაში ჩამალა. ამის შესახებ ფარაონმა შეიტყო და მოსეს მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ მოსე გაიქცა ეგვიპტიდან და მიდიანის ქვეყანას შეაფარა თავი. იქ იეჰოვა ყველაფერში ეხმარებოდა მას.

„რწმენით მოსემ . . . უარი თქვა, რომ ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო, და არჩია, ღვთის ხალხთან ერთად მასაც სასტიკად მოპყრობოდნენ, ვიდრე დროებითი ცოდვიანი განცხრომა ჰქონოდა (ებრაელები 11:24, 25)