არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 18

ცეცხლმოკიდებული ბუჩქი

ცეცხლმოკიდებული ბუჩქი

მოსე 40 წელი ცხოვრობდა მიდიანში. იქ დაქორწინდა და შვილები შეეძინა. ერთხელ, როცა სინას მთასთან ახლოს ცხვარს მწყემსავდა, უცნაური რამ შენიშნა: ეკლიან ბუჩქს ცეცხლი ეკიდა, მაგრამ არ იწვოდა! მიუახლოვდა, რომ გაეგო, რა ხდებოდა. ბუჩქიდან ხმა შემოესმა: მოსე, ახლოს არ მოხვიდე! გაიხადე სანდლები, შენ წმინდა მიწაზე დგახარ! მოსეს იეჰოვა ელაპარაკებოდა ანგელოზის მეშვეობით.

მოსეს ისე შეეშინდა, რომ სახე დაიფარა. ბუჩქიდან კვლავ შემოესმა ხმა: ვიხილე ჩემი ხალხის ტანჯვა ეგვიპტეში. გავათავისუფლებ მათ და კარგ ადგილას წავიყვან. შენ გამოიყვან ჩემს ხალხს ეგვიპტიდან. წარმოგიდგენია, როგორ გაოცდებოდა მოსე ამის მოსმენაზე?!

მოსემ ჰკითხა ღმერთს: როცა მკითხავენ, ვინ გამოგგზავნაო, რა ვუპასუხო? ღმერთმა მიუგო: უთხარი, იეჰოვამ, აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა და იაკობის ღმერთმა გამომგზავნა-თქო. შემდეგ მოსემ ჰკითხა: როგორ მოვიქცე, თუ არ დამიჯერებენ? იეჰოვამ უთხრა მოსეს, თავისი ჯოხი მიწაზე დაეგდო. როგორც კი მან ჯოხი ძირს დააგდო, ის მაშინვე გველად გადაიქცა. შემდეგ მოსემ გველს კუდზე მოჰკიდა ხელი და ის ისევ ჯოხად იქცა. ღმერთმა უთხრა მას: როცა მათ თვალწინ ამას გააკეთებ, მიხვდებიან რომ ჩემი გაგზავნილი ხარ. ასე დაარწმუნა იეჰოვამ მოსე, რომ მის გვერდით იქნებოდა.

ბოლოს მოსემ უთხრა ღმერთს: კარგად ვერ ვლაპარაკობ, მეტყველება მიჭირს. ამაზე იეჰოვამ მიუგო: მე გეტყვი, რაც უნდა ილაპარაკო და თან შენს ძმას აარონს გამოგაყოლებ, რომ დაგეხმაროს. მოსე დარწმუნდა, რომ იეჰოვა იქნებოდა მასთან, ამიტომ მოჰკიდა თავის ცოლ-შვილს ხელი და ეგვიპტეში დაბრუნდა.

„ნუ შეგაწუხებთ იმაზე ფიქრი, რა თქვათ ან როგორ თქვათ, რადგან მაშინ მოგეცემათ ის, რაც უნდა თქვათ“ (მათე 10:19)