არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 19

პირველი სამი სასჯელი

პირველი სამი სასჯელი

ეგვიპტეში ისრაელებს მონებად ამუშავებდნენ. იეჰოვამ მოსე და აარონი გაგზავნა ფარაონთან, რომ მისთვის ეთქვათ: გაათავისუფლე ჩემი ხალხი, რომ წავიდნენ და თაყვანი მცენ უდაბნოში! ფარაონმა ამაყად უპასუხა მათ: არ მაინტერესებს, რას ამბობს იეჰოვა და არც ისრაელებს გავათავისუფლებ! ამის შემდეგ ფარაონმა უფრო გაურთულა სამუშაო ისრაელებს. დადგა დრო, იეჰოვას ჭკუა ესწავლებინა ჯიუტი ფარაონისთვის. იცი, რა გააკეთა მან? ეგვიპტეს ათი სასჯელი დაატეხა. იეჰოვამ ასეთი რამ უთხრა მოსეს: ფარაონი ჩემს სიტყვებს არაფრად აგდებს. ხვალ დილით ის ნილოსის ნაპირზე გამოვა. მიდი და უთხარი, ჩემი ხალხი რომ არ გაათავისუფლე, მდინარე ნილოსი მთლიანად სისხლად გადაიქცევა. მოსე ისე მოიქცა, როგორც ღმერთმა უთხრა. ფარაონმა საკუთარი თვალით ნახა, როგორ დაჰკრა აარონმა თავისი ჯოხი ნილოსს და როგორ გადაიქცა მდინარე სისხლად. მთელი ნილოსი აყროლდა, თევზები დაიხოცნენ, ნილოსიდან წყალს ვეღარავინ სვამდა. მაგრამ ფარაონმა მაინც არ გაათავისუფლა ისრაელები მონობიდან.

შვიდი დღის შემდეგ იეჰოვამ ისევ გაგზავნა მოსე ფარაონთან და შეუთვალა: თუ არ გაათავისუფლებ ისრაელებს, მთელი ეგვიპტე ბაყაყებით აივსება. ფარაონი კვლავ გაჯიუტდა. აარონმა ჯოხი მაღლა აღმართა და დაიწყო ბაყაყების შემოსევა. ბაყაყები იყო ყველგან: სახლებში, ლოგინებში, ჭურჭელში. ფარაონი შეეხვეწა მოსეს: სთხოვე იეჰოვას, მოგვაშოროს ბაყაყები და გავუშვებ ისრაელებს. იეჰოვამ შეაჩერა მათი შემოსევა. ეგვიპტელებმა მკვდარი ბაყაყები გროვებად დაახვავეს. მთელი ქვეყანა აყროლდა, მაგრამ ფარაონმა მაინც არ გაათავისუფლა ებრაელები.

იეჰოვამ მოსეს უთხრა: დაჰკრას აარონმა მიწას ჯოხი და მტვერი ქინქლად, პატარა მკბენარა მწერებად გადაიქცევა. მაშინვე მთელ არემარეს ქინქლა მოედო. ამის დანახვაზე ფარაონს თავისმა მსახურებმა უთხრეს: ეს სასჯელი ნამდვილად ღვთისგან არის. მაგრამ ფარაონმა მაინც არ გაუშვა ისრაელები.

„გავაგებინებ მათ, ერთხელ და სამუდამოდ დავანახვებ მათ ჩემს ხელსა და ჩემს ძლევამოსილებას და გაიგებენ, რომ იეჰოვაა ჩემი სახელი“ (იერემია 16:21)