არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 20

შემდეგი ექვსი სასჯელი

შემდეგი ექვსი სასჯელი

მოსე და აარონი მივიდნენ ფარაონთან და ღვთის სიტყვა გადასცეს: გაათავისუფლე ჩემი ხალხი, თორემ მთელ შენს ქვეყანას ბუზანკალს დავასევ. მთელ ეგვიპტეს ბუზანკალი მოედო. ბუზანკალი იყო ყველგან — მდიდრის სახლშიც და ღარიბის სახლშიც. მაგრამ გოშენის მხარეში, სადაც ისრაელები ცხოვრობდნენ, ერთი ბუზანკალიც კი არ დაფრინავდა. ამ მეოთხე სასჯელიდან დაწყებული დანარჩენი სასჯელები მხოლოდ ეგვიპტელებს დაატყდათ თავს. ფარაონმა სთხოვა მოსეს: შეევედრე იეჰოვას, მოგვაშოროს ბუზანკალი და გავუშვებ შენს ხალხს. მაგრამ, როცა იეჰოვამ ეგვიპტეში ბუზანკალი მოსპო, ფარაონმა აზრი შეიცვალა. ისწავლიდა ფარაონი ოდესმე ჭკუას?

იეჰოვამ თქვა: თუ ფარაონი არ გაუშვებს ჩემს ხალხს, მთელ ეგვიპტეში ცხოველებს ჭირი შეეყრება და დაიხოცებიან. მართლაც, მეორე დღიდანვე ეგვიპტელებს ცხოველები ეხოცებოდათ, მაგრამ ებრაელების ცხოველებს არაფერი დამართვიათ. ფარაონი ისევ გაჯიუტდა და უარი თქვა ებრაელი მონების გათავისუფლებაზე.

შემდეგ იეჰოვამ უთხრა მოსეს, დაბრუნებულიყო ფარაონთან და მის თვალწინ ნაცარი ჰაერში აეფრქვია. ნაცარი მტვრად გადაიქცა და მთელ ეგვიპტეს მოეფინა. ამის გამო ეგვიპტელებსა და მათ ცხოველებს სხეულზე მტკივნეული მუწუკები გამოაყარა. ამ ყველაფრის შემდეგაც კი არ გაუშვა ფარაონმა ისრაელები.

კვლავ გაგზავნა იეჰოვამ მოსე ფარაონთან, რომ ეთქვა: კიდევ არ უშვებ ჩემს ხალხს? ხვალ სეტყვა წამოვა ეგვიპტეში. მეორე დღეს მართლაც სეტყვა, ძლიერი ჭექა-ქუხილი და ცეცხლი დაატეხა ღმერთმა ეგვიპტეს. ასეთი საშინელი სეტყვა მანამდე იქ არასდროს ყოფილა. განადგურდა მთელი მოსავალი და ყველანაირი მცენარე. მაგრამ გოშენის მიწაზე სეტყვის ერთი მარცვალიც კი არ ჩამოვარდნილა. ფარაონმა უთხრა მოსეს: შეეხვეწე იეჰოვას, შეწყვიტოს სეტყვა, მერე კი გაგიშვებთ. მაგრამ შეწყდა თუ არა სეტყვა, ფარაონმა ისევ შეიცვალა აზრი.

მოსემ უთხრა ფარაონს: კალიები შემოგესევათ და გადაჭამენ ყველა მცენარეს, რაც სეტყვას გადაურჩა. მილიონობით კალია მოედო ეგვიპტის მიწას და გადაჭამა ყველაფერი, რაც კი დარჩენილი იყო მინდვრებსა თუ ხეებზე. ფარაონი კიდევ ერთხელ შეეხვეწა მოსეს: სთხოვე იეჰოვას მოგვაშოროს კალიები. იეჰოვამ მოაშორა კალიები, მაგრამ ფარაონმა მაინც არ შეასრულა თავისი სიტყვა.

იეჰოვამ კვლავ უთხრა მოსეს: ასწიე ხელი ცისკენ. მაშინვე სრული სიბნელე ჩამოწვა ეგვიპტეში. სამი დღე ეგვიპტელები ვერაფერს ხედავდნენ. ისრაელებს ეს სასჯელიც არ შეხებიათ.

ფარაონმა უთხრა მოსეს: შენ და შენს ხალხს გაგიშვებთ, ოღონდ ცხვარ-ძროხა აქ დატოვეთ. მოსემ მიუგო: ცხვარ-ძროხაც უნდა წავიყვანოთ, რადგან შესაწირავი მათგან უნდა ამოვარჩიოთ ჩვენი ღვთისთვის. გაბრაზებულმა ფარაონმა მოსეს დაუყვირა: გაეთრიე აქედან! იცოდე, ერთხელ კიდევ რომ გნახო, მოგკლავ!

„კვლავ დაინახავთ განსხვავებას მართალსა და ბოროტს შორის, ღვთის მსახურსა და იმას შორის, ვინც არ ემსახურება მას“ (მალაქია 3:18)