არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 21

მეათე სასჯელი

მეათე სასჯელი

მოსემ უთხრა ფარაონს, რომ აღარასოდეს ნახავდა მას, მაგრამ წასვლის წინ გააფრთხილა: შუაღამისას მოკვდება ყველა პირმშო ეგვიპტეში — ფარაონის ვაჟით დაწყებული, მსახურის ვაჟით დამთავრებული.

იეჰოვამ ისრაელებს განსაკუთრებული კერძის მომზადება დაავალა. ღმერთმა მათ უთხრა: დაკალით ერთი წლის მამალი ცხვარი ან თხა და მისი სისხლი თქვენი სახლების კარისთავებს წაუსვით. შეწვით ხორცი და ჭამეთ უფუარ პურთან ერთად. ჩაიცვით სანდლები და მზად იყავით წასასვლელად. ამაღამ გაგათავისუფლებთ მონობიდან. წარმოგიდგენია, როგორ გაუხარდებოდათ ისრაელებს ამის მოსმენა?!

იმ ღამით იეჰოვას ანგელოზმა ჩამოუარა ყველა ეგვიპტელის სახლს და მოკვდა პირმშო ყველა იმ სახლში, რომლის კარისთავსაც სისხლი არ ჰქონდა წასმული. ანგელოზმა გვერდი აუარა იმ სახლებს, რომელთა კარებსაც სისხლი ესვა. მოკვდა ეგვიპტელთა ყველა პირმშო, მდიდრისაც და ღარიბისაც, მაგრამ ისრაელების შვილებს არაფერი დაშავებიათ.

ფარაონსაც მოუკვდა ვაჟი, რამაც ის საბოლოოდ გატეხა. მან დაუყოვნებლივ მოუხმო მოსესა და აარონს და უთხრა: წადით, მოშორდით აქედან! ემსახურეთ თქვენს ღმერთს, წაიყვანეთ თქვენი ცხვარ-ძროხა და გაეცალეთ აქაურობას!

იმ ღამით სავსე მთვარე იყო. დაიძრნენ ისრაელები ეგვიპტიდან და გამოვიდნენ თავიანთი ოჯახებისა და საგვარეულოების მიხედვით. მხოლოდ კაცების რიცხვი ექვსასი ათასი იყო; ქალები და ბავშვებიც ძალიან ბევრნი იყვნენ. მათ თან გაჰყვა მრავალი უცხო ხალხიც, იეჰოვასთვის რომ ეცათ თაყვანი. როგორც იქნა, ისრაელები მონობიდან გათავისუფლდნენ!

ისრაელებს რომ არ დავიწყებოდათ, თუ როგორ იხსნა იეჰოვამ ისინი, ყოველ წელს უნდა მოემზადებინათ ეს განსაკუთრებული ვახშამი. ამას პასექი ეწოდა.

„იმისთვის დაგტოვე, რომ შენზე ვაჩვენო ჩემი ძალა და ჩემი სახელი მთელ დედამიწას ეუწყოს“ (რომაელები 9:17)