არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 22

სასწაული წითელ ზღვასთან

სასწაული წითელ ზღვასთან

მას შემდეგ, რაც ფარაონმა გაიგო, რომ ისრაელებმა დატოვეს ეგვიპტე, ინანა, რომ გაუშვა ისინი და გადაწყვიტა, უკან დასდევნებოდა; უბრძანა თავის ჯარისკაცებს: მოამზადეთ ყველა საბრძოლო ეტლი! არსად არ უნდა გავუშვათ ისინი! ფარაონი და მისი ჯარი ებრაელებს უკან დაედევნენ.

იეჰოვა თავის ხალხს მიუძღოდა დღისით ღრუბლით და ღამით — ცეცხლით. მან ისინი წითელ ზღვასთან მიიყვანა და უთხრა, კარვები გაეშალათ.

ცოტა ხანში ისრაელებმა შორს ფარაონი და მისი ჯარი დაინახეს. ისინი წითელ ზღვასა და ეგვიპტის ჯარს შორის მოექცნენ. ხალხმა მოსეს შესჩივლა: ყველანი დავიხოცებით! რატომ გამოგვიყვანე ეგვიპტიდან? მოსემ დაამშვიდა ისინი და უთხრა: ნუ გეშინიათ! დაელოდეთ და ნახავთ, როგორ გვიხსნის იეჰოვა! ხედავ, როგორ ენდობოდა მოსე ღმერთს?!

ამის შემდეგ იეჰოვამ ისრაელებს უთხრა, აეშალათ კარვები. იმ ღამით ღმერთმა ღრუბელი ჩააყენა ისრაელებსა და ეგვიპტელებს შორის. ეგვიპტელთა მხარეს ბნელოდა, ისრაელთა მხარე კი განათებული იყო.

იეჰოვამ უთხრა მოსეს: გაიწოდე ზღვისკენ ხელი! მოსემაც გაიწოდა ხელი, ამოვარდა ძლიერი ქარი და მთელი ღამე ქროდა. ზღვა შუაზე გაიყო და გასასვლელი გამოჩნდა. წყალი კედელივით აღიმართა აქეთ-იქით. მილიონობით ებრაელმა ზღვის ფსკერზე მშრალად გაიარა და ასე გადავიდნენ მეორე მხარეს.

ფარაონის ჯარი შეჰყვა ისრაელებს ზღვაში. იეჰოვამ თავგზა აუბნია ჯარისკაცებს. მათ ეტლებს ბორბლები დააძრო. შეშინებულმა მეომრებმა ყვირილი მორთეს: გავიქცეთ აქედან! იეჰოვა გვებრძვის ისრაელების გამო.

იეჰოვამ უთხრა მოსეს: გაიწოდე ხელი ზღვისკენ! როგორც კი გაიწოდა მოსემ ხელი, მაშინვე ჩამოიქცა წყალი და ეგვიპტელები ქვეშ მოიყოლა. ფარაონი და მისი ჯარი ზღვაში დაიხოცნენ. არც ერთი მათგანი არ გადარჩენილა.

ზღვის მეორე მხარეს კი მილიონობით გადარჩენილი ებრაელი იდგა და იეჰოვას ასე უმღეროდა: „ვუმღერებ იეჰოვას, რადგან დიდად განდიდდა. ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი“. ყველა მღეროდა; ქალები ცეკვავდნენ და დაირებზე უკრავდნენ. ხალხი ძალიან გახარებული იყო. ახლა უკვე ნამდვილად თავისუფლები იყვნენ!

«ეს გვამხნევებს და შეგვიძლია ვთქვათ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?“» (ებრაელები 13:6)