არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 23

იეჰოვასთვის მიცემული პირობა

იეჰოვასთვის მიცემული პირობა

ეგვიპტის დატოვებიდან ორი თვის შემდეგ ისრაელები სინას მთას მიადგნენ და იქვე დაბანაკდნენ. იეჰოვამ მოსე მთაზე აიყვანა და უთხრა: მე ვიხსენი ისრაელები. თუ დამემორჩილებიან და ჩემს კანონებს შეასრულებენ, ყველასგან გამორჩეულ ხალხად ვაქცევ. მოსე ჩამოვიდა მთიდან და ისრაელებს იეჰოვას ნათქვამი გადასცა. მათ თქვეს: ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც იეჰოვა გვეტყვის.

მოსე ისევ ავიდა მთაზე. იქ იეჰოვამ უთხრა მას: წადი და გადაეცი ხალხს, რომ სამ დღეში დაგელაპარაკებით. გააფრთხილე ისინი, არც კი სცადონ მთაზე ამოსვლა. მოსე ჩავიდა და უთხრა ისრაელებს, მომზადებულიყვნენ ღვთის სიტყვების მოსასმენად.

სამი დღე რომ გავიდა, ისრაელებმა მთაზე ელვა და შავი ღრუბელი დაინახეს. მათ აგრეთვე შემოესმათ ძლიერი ჭექა-ქუხილისა და საყვირის ხმა. შემდეგ იეჰოვა მთაზე ჩამოვიდა ცეცხლში. ამის დანახვაზე ისრაელებს ისე შეეშინდათ, რომ კანკალი დაიწყეს. მთას კვამლი ასდიოდა და ზანზარებდა. საყვირის ხმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ამ დროს ღვთის ხმა გაისმა: მე ვარ იეჰოვა. არ სცეთ თაყვანი სხვა ღმერთებს!

მოსე კვლავ ავიდა მთაზე. იქ იეჰოვამ უთხრა მას, როგორ უნდა ეცათ ისრაელებს მისთვის თაყვანი და როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. მოსემ ეს კანონები ჩაიწერა და ხალხს წაუკითხა. ისრაელებმა პირობა დადეს: ყველაფერს გავაკეთებთ, რასაც იეჰოვა გვეტყვის. დიახ, მათ პირობა მისცეს ღმერთს, მაგრამ საინტერესოა შეასრულებდნენ კი მას?

„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ (მათე 22:37)