არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 25

თაყვანისმცემლობის კარავი

თაყვანისმცემლობის კარავი

სინას მთაზე ღმერთმა მოსეს დაავალა, აეგო განსაკუთრებული კარავი, სადაც ისრაელები იეჰოვას სცემდნენ თაყვანს. კარავი ადვილი სატარებელი უნდა ყოფილიყო, რომ ყველგან თან ეტარებინათ, სადაც წავიდოდნენ.

იეჰოვამ მოსეს უთხრა: დაავალე ხალხს, კარვის ასაგებად მოიტანონ ყველაფერი, რის მოტანაც შეუძლიათ. ისრაელებმაც მიიტანეს ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, ძვირფასი ქვები და სამკაულები. აგრეთვე, შალისა და სელის ქსოვილები, ცხოველის ტყავები და სხვა ბევრი რამ. ხალხმა იმდენი რამ მიიტანა, რომ მოსემ სთხოვა მათ: საკმარისია, მეტი აღარ მოიტანოთ.

ბევრმა კაცმა და ქალმა მიიღო მონაწილეობა კარვის აგებაში. იეჰოვამ მათ საჭირო სიბრძნე მისცა. ზოგი ძაფს ართავდა, ზოგი ქსოვდა, ზოგი ქარგავდა, ზოგი კი ოქროზე, ხის ნაკეთობებზე და ქვების ჩასმაზე მუშაობდა.

ხალხმა ზუსტად ისე ააგო კარავი, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი. ლამაზი ფარდით კარავი ორ ნაწილად გაყვეს. ერთ ნაწილს ერქვა წმინდა, მეორეს — წმინდათაწმინდა. წმინდათაწმინდაში ინახებოდა შეთანხმების კიდობანი, რომელიც დამზადებული იყო აკაციის ხისგან და ოქროსგან. წმინდაში იდგა ოქროს სალამპრე, მაგიდა და სამსხვერპლო საკმევლის დასაწვავად. ეზოში იყო სპილენძის აუზი და დიდი სამსხვერპლო. შეთანხმების კიდობანი ისრაელებს შეახსენებდა, რომ იეჰოვას უნდა დამორჩილებოდნენ, როგორც დაჰპირდნენ კიდეც. იცი, რა არის შეთანხმება? ეს არის განსაკუთრებული პირობის დადება.

იეჰოვამ აარონი და მისი ვაჟები აირჩია, რომ კარავში მღვდლებად ემსახურათ. მათ უნდა ეზრუნათ კარავზე და იეჰოვასთვის შესაწირავი შეეწირათ. წმინდათაწმინდაში შესვლა მხოლოდ აარონს შეეძლო, რომელიც მღვდელმთავარი იყო. ის იქ წელიწადში ერთხელ შედიოდა, რათა მსხვერპლი შეეწირა თავისი ცოდვებისთვის, თავისი ოჯახის ცოდვებისთვის და მთელი ისრაელის ცოდვებისთვის.

ისრაელებმა კარვის აგება ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ერთ წელიწადში დაასრულეს. ახლა მათ უკვე ჰქონდათ ადგილი, სადაც იეჰოვას სცემდნენ თაყვანს.

ღმერთმა კარავი თავისი დიდებით აავსო და მასზე ღრუბელი დაავანა. თუ ღრუბელი კარვის თავზე იდგა, ისრაელები ადგილზე რჩებოდნენ, მაგრამ თუ ღრუბელი კარვიდან ზემოთ აიწეოდა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ უნდა აეშალათ იეჰოვას კარავი და ღრუბელს გაჰყოლოდნენ.

«გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება“» (გამოცხადება 21:3)