არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 26

თორმეტი მზვერავი

თორმეტი მზვერავი

ისრაელებმა სინას მთა უკან მოიტოვეს და ფარანის უდაბნოს გავლით მიადგნენ ადგილს, რომელსაც კადეში ერქვა. იქ იეჰოვამ მოსეს უთხრა: ამოარჩიე 12 კაცი, თითო კაცი თითო ტომიდან, რომ წავიდნენ და დაზვერონ ქანაანის მიწა, რომელიც ისრაელებს უნდა მივცე. მოსემაც ამოარჩია 12 კაცი და დაავალა: წადით ქანაანში და ნახეთ, ნაყოფიერია თუ არა იქაური მიწა. ნახეთ იქაური ხალხი ძლიერები არიან თუ სუსტები, კარვებში ცხოვრობენ თუ ქალაქებში. 12 მზვერავი მაშინვე ქანაანისკენ გაემართა. მათ შორის იყვნენ იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე.

მზვერავები 40 დღის შემდეგ დაბრუნდნენ უკან და თან ჩამოიტანეს იქაური ხილი: ლეღვი, ბროწეული და ყურძენი. აი, რა უთხრეს მათ ხალხს: მიწა ძალიან კარგია, მაგრამ იქ ძლიერი ხალხი ცხოვრობს. ქალაქებს მაღალი კედლები აქვს შემოვლებული. ქალებ იეფუნეს ძემ კი ასეთი სიტყვებით მიმართა ხალხს: ახლავე წავიდეთ და შევებრძოლოთ! აუცილებლად დავამარცხებთ! იცი, რატომ თქვა მან ეს? იმიტომ, რომ ის და იესო ნავეს ძე იეჰოვაზე იყვნენ მინდობილები. მაგრამ დანარჩენი 10 მზვერავი სხვა რამეს ამბობდა: იქ ვეებერთელა ხალხი ცხოვრობს, გოლიათებს ჰგვანან. მათთან შედარებით ჩვენი თავი კალიები გვეგონა.

მთელი ხალხი შიშმა მოიცვა; წუწუნებდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: მოდი სხვა წინამძღოლი ავირჩიოთ და დავბრუნდეთ ეგვიპტეში. რა გვინდა იმ ქვეყანაში, თუ ყველანი დავიხოცებით? იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე კი ეუბნებოდნენ მათ: ხალხო, ნუ ეურჩებით იეჰოვას! ნუ გეშინიათ, ღმერთი აუცილებლად დაგვიცავს! მაგრამ ისრაელებმა არ მოუსმინეს ამ ორ მზვერავს და მათი მოკვლაც კი დააპირეს.

როგორ მოიქცა იეჰოვა? მან მოსეს უთხრა: რამდენი რამ გავუკეთე ამ ხალხს, მაგრამ მაინც არ მემორჩილებიან. ამის გამო 40 წელი დარჩებიან უდაბნოში და უდაბნოშივე დაიხოცებიან. მხოლოდ მათი შვილები, იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე შევლენ აღთქმულ მიწაზე.

„რამ შეგაშინათ, მცირე რწმენისანო?“ (მათე 8:26)