არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 28

ბალაამის ვირი ალაპარაკდა

ბალაამის ვირი ალაპარაკდა

ისრაელებმა უდაბნოში დაახლოებით 40 წელი გაატარეს. ამ ხნის მანძილზე მათ ბევრი ქალაქი დაიპყრეს. ამჯერად ისინი მოაბის ველზე მდინარე იორდანის აღმოსავლეთით დაბანაკდნენ. ისრაელები აღთქმულ მიწასთან უკვე ძალიან ახლოს იყვნენ. მოაბის მეფე ბალაკი ძალიან შეშინებული იყო, რადგან ხვდებოდა, რომ ისრაელები მის ქვეყანასაც დაიპყრობდნენ. ამიტომ თავისთან დაიბარა ერთი კაცი, რომელსაც ბალაამი ერქვა, რათა მას ისრაელები დაეწყევლა.

იეჰოვამ გააფრთხილა ბალაამი: არ დაწყევლო ისრაელები! ამიტომ ბალაამი აღარ მივიდა მეფესთან. მეფე ბალაკმა მას მეორედ მოუხმო და შეუთვალა, თუ მოხვალ, რასაც მეტყვი, ყველაფერს მოგცემო. ბალაამი არც ამჯერად მივიდა მეფესთან. შემდეგ მას ღმერთი გამოეცხადა და უთხრა: წადი, ოღონდ რასაც მე გეტყვი, მხოლოდ ის თქვი.

ბალაამი დაჯდა თავის ვირზე და მოაბისკენ გაემართა. სინამდვილეში, ის იქ ისრაელების დასაწყევლად მიდიოდა, არადა იეჰოვას გაფრთხილებული ჰყავდა, ასე არ მოქცეულიყო. გზაზე სამჯერ გადაუდგა იეჰოვას ანგელოზი, მაგრამ ბალაამი ვერ ხედავდა მას; ანგელოზს მხოლოდ მისი ვირი ხედავდა. პირველად ვირმა გზიდან მინდვრისკენ გადაუხვია, შემდეგ ქვის კედელს მიეკრა და ბალაამს ფეხი კედელზე მიუჭყლიტა. ბოლოს კი შუა გზაზე ჩაიკეცა. ყოველ ჯერზე ბალაამი ჯოხით სცემდა ვირს.

ამის შემდეგ იეჰოვამ ვირი აალაპარაკა. მან ჰკითხა ბალაამს: რატომ მცემ? ბალაამმა მიუგო: რას მასულელებ? მახვილი რომ მქონდეს, მოგკლავდი. ვირმა უთხრა: ამდენი წელია ერთგულად გემსახურები. ოდესმე მოვქცეულვარ ასე?

იეჰოვამ თვალი აუხილა ბალაამს და მანაც დაინახა ანგელოზი, რომელმაც უთხრა: ხომ გაგაფრთხილა იეჰოვამ, არ დაგეწყევლა ისრაელი? ბალაამმა უპასუხა: არასწორად მოვიქეცი. ახლავე უკან გავბრუნდები. ანგელოზმა კი უთხრა: შეგიძლია წახვიდე მოაბში, მაგრამ მხოლოდ ის უნდა თქვა, რასაც იეჰოვა გეტყვის.

ისწავლა ბალაამმა ჭკუა? არა. ამის მერე მან სამჯერ სცადა ისრაელების დაწყევლა, მაგრამ ყოველ ჯერზე იეჰოვა წყევლის ნაცვლად აკურთხებინებდა მათ. საბოლოოდ, ისრაელები თავს დაესხნენ მოაბელებს და ბალაამიც მოკლეს. განა არ ჯობდა, რომ ბალაამს იეჰოვასთვის დაეგდო ყური?!

„თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან, რადგან ადამიანს უხვადაც რომ ჰქონდეს ყველაფერი, მისი სიცოცხლე მის ქონებაზე არ არის დამოკიდებული“ (ლუკა 12:15)