არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 29

იეჰოვა ირჩევს იესო ნავეს ძეს

იეჰოვა ირჩევს იესო ნავეს ძეს

მოსეს სიკვდილის დრო მოახლოვდა. ის მრავალი წლის მანძილზე იყო ისრაელი ერის წინამძღოლი. იეჰოვამ უთხრა მოსეს: შენ ვერ შეიყვან ისრაელებს აღთქმულ მიწაზე, მაგრამ იმ მიწას შორიდან დაგანახვებ. მოსემ სთხოვა იეჰოვას, რომ მის ნაცვლად ახალი წინამძღოლი დაენიშნა. იეჰოვამ უთხრა მას: იესო ნავეს ძეს უთხარი, რომ ის ავირჩიე ჩემი ხალხის წინამძღოლად.

მოსემ უთხრა ისრაელებს: მე მალე მოვკვდები. იეჰოვამ მითხრა, რომ აღთქმულ მიწაზე იესო ნავეს ძე შეგიყვანთ. შემდეგ იესო ნავეს ძეს მიმართა: ნურაფრის ნუ შეგეშინდება. იეჰოვა დაგეხმარება. ამის შემდეგ მოსე ნებოს მთაზე ავიდა, საიდანაც იეჰოვამ აჩვენა მიწა, რომლის მიცემასაც შეჰპირდა აბრაამს, ისაკსა და იაკობს. მოსე 120 წლის ასაკში მოკვდა.

იეჰოვამ იესო ნავეს ძეს უთხრა: გადადი მდინარე იორდანეზე და შედი ქანაანში. შენც ისე დაგეხმარები, როგორც მოსეს ვეხმარებოდი. ყოველდღე იკითხე ჩემი კანონი. გამაგრდი, ნურაფრის ნუ შეგეშინდება! წადი და ყველაფერი გააკეთე, რაც გიბრძანე!

იესო ნავეს ძემ ქალაქ იერიხონში ორი მზვერავი გაგზავნა. მომდევნო მოთხრობიდან ამის შესახებ უფრო მეტს გავიგებთ. როდესაც მზვერავები უკან დაბრუნდნენ, თქვეს: სწორედ ახლაა ქანაანში შესვლის დრო. მეორე დღეს იესო ნავეს ძემ ხალხს უთხრა, კარვები აეშალათ. შემდეგ წინ მღვდლები გაუშვა, რომლებსაც შეთანხმების კიდობანი მიჰქონდათ. ისინი მდინარე იორდანეს მიადგნენ. მდინარე ადიდებული იყო, მაგრამ როგორც კი მღვდლებმა წყალში ფეხი ჩადგეს, წყალი დაშრა. მღვდლები შუა იორდანის ფსკერზე იდგნენ მანამ, სანამ მთელი ერი მეორე ნაპირზე არ გადავიდა. როგორ ფიქრობ, ეს სასწაული ისრაელებს წითელ ზღვასთან მომხდარ ამბავს ხომ არ გაახსენებდა?

მრავალი წლის შემდეგ ისრაელები, როგორც იქნა, აღთქმულ მიწაზე შევიდნენ. მათ იქ შეეძლოთ აეშენებინათ სახლები და ქალაქები, გაეშენებინათ ვენახები და ხეხილი, მოეყვანათ მოსავალი. იმ მიწაზე იმდენი კარგი საჭმელი და სასმელი იყო, რომ მას რძისა და თაფლის ქვეყანას ეძახდნენ.

„იეჰოვა წაგიძღვება მუდამ და დააკმაყოფილებს შენს სულს გადამწვარ მიწაზე“ (ესაია 58:11)