არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 32

ახალი წინამძღოლი და ორი მამაცი ქალი

ახალი წინამძღოლი და ორი მამაცი ქალი

იესო ნავეს ძე მრავალი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ღვთის ხალხს. ბოლოს ის 110 წლის ასაკში მოკვდა. სანამ ცოცხალი იყო, ისრაელები ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას. მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ მათ ქანაანელებს მიჰბაძეს და კერპების თაყვანისცემა დაიწყეს. ამაზე იეჰოვა ძალიან გაბრაზდა და გადაწყვიტა, ისრაელები ქანაანის მეფის, იაბინის, ხელში ჩაეგდო. იაბინი ძალიან ჩაგრავდა მათ. გავიდა დრო და ისრაელებმა ხვეწნა დაუწყეს იეჰოვას, ეხსნა ისინი მჩაგვრელთა ხელიდან. იეჰოვამ მათ ახალი წინამძღოლი, ბარაკი, მოუვლინა სახსნელად. ის უნდა დახმარებოდა ისრაელებს ღმერთთან დაბრუნებაში.

იეჰოვამ წინასწარმეტყველი ქალი, სახელად დებორა, ბარაკთან გაგზავნა მნიშვნელოვანი ამბის სათქმელად: შეკრიბე 10 000 კაცი და კიშონის ხევთან დახვდი იაბინის ჯარს. იქ დაამარცხებ მათი ჯარის მეთაურ სისერას. ბარაკმა დებორას უთხრა: წავალ, თუ შენც გამომყვები. დებორამ მიუგო: წამოგყვები, ოღონდ იცოდე, რომ სისერას შენ არ მოკლავ. იეჰოვამ თქვა, რომ ის ქალის ხელით მოკვდება.

წაჰყვა დებორა ბარაკსა და მის ჯარს თაბორის მთაზე, რათა საბრძოლველად მომზადებულიყვნენ. როგორც კი სისერამ ეს ამბავი შეიტყო, საბრძოლო ეტლებითა და ჯარით მთის ძირში, ველზე დაბანაკდა. დებორამ უთხრა ბარაკს: დღეს იეჰოვა დიდ გამარჯვებას მოგაპოვებინებს. ბარაკი ათი ათასკაციანი ჯარით მთიდან დაეშვა, რომ შებრძოლებოდა სისერას ძლევამოსილ არმიას.

იეჰოვამ კიშონის ხევი წყლით აავსო. სისერას საომარი ეტლები ტალახში ჩაეფლო. თავად სისერა გადმოვიდა ეტლიდან და გაიქცა. ბარაკმა და მისმა ჯარისკაცებმა დაამარცხეს მტრის ჯარი. სისერამ თავი შეაფარა ერთი ქალის, იაელის, კარავს. ქალმა დაღლილ სტუმარს რძე დაალევინა, დააწვინა და საბანი დააფარა. სისერას ღრმად ჩაეძინა. იაელი ჩუმად მიეპარა მას, თავში კარვის პალო ჩაარჭო და მოკლა.

ცოტა ხანში იაელის კარავს ბარაკი მიადგა, რომელიც სისერას ეძებდა. იაელი გამოვიდა კარვიდან და ბარაკს უთხრა: შემოდი კარავში და გაჩვენებ იმ კაცს, ვისაც შენ ეძებ. ისიც შევიდა და დაინახა მკვდარი სისერა. ბარაკმა და დებორამ განადიდეს იეჰოვა სიმღერით, ვინაიდან მან ისრაელებს დიდი გამარჯვება მოაპოვებინა. მომდევნო 40 წლის მანძილზე ისრაელში მშვიდობა იყო.

„ქალთა დიდი ლაშქარი აუწყებს სასიხარულო ცნობას“ (ფსალმუნი 68:11)