არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 33

რუთი და ნაომი

რუთი და ნაომი

ისრაელში შიმშილობა ჩამოვარდა. ერთი ებრაელი ქალი, ნაომი ქმართან და ორ ვაჟთან ერთად მოაბში გადავიდა საცხოვრებლად. მოგვიანებით, ნაომის ქმარი მოუკვდა. მისი ვაჟები მოაბელ ქალებზე დაქორწინდნენ. ერთ ქალს ერქვა რუთი, მეორეს — ორფა. სამწუხაროდ, გარკვეული ხნის შემდეგ ნაომის ვაჟებიც დაიხოცნენ.

როდესაც ნაომიმ შეიტყო, რომ ისრაელში შიმშილობა დასრულდა, გადაწყვიტა, სამშობლოში დაბრუნებულიყო. რუთი და ორფაც თან გაჰყვნენ დედამთილს; გზაში ნაომიმ უთხრა მათ: თქვენ ჩემი ბიჭებისთვის კარგი ცოლები იყავით, ჩემთვის კი — კარგი რძლები. მინდა, რომ ისევ გათხოვდეთ. წადით, უკან გაბრუნდით მოაბში. რძლებმა მიუგეს: ჩვენ ძალიან გვიყვარხარ, ვერ მიგატოვებთ. ნაომი ეხვეწებოდა მათ, უკან გაბრუნებულიყვნენ. ბოლოს ორფა დაბრუნდა უკან, მაგრამ რუთი არ ტოვებდა დედამთილს. ნაომიმ მას უთხრა: ხედავ, ორფა დაბრუნდა თავის ხალხთან და თავის ღმერთებთან?! ძალიან გთხოვ, შენც წადი და დაბრუნდი დედაშენის სახლში. რუთმა გადაჭრით უპასუხა: „არა, ვერ მიგატოვებ. შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი ჩემი ღმერთი“. შენი აზრით, რას იგრძნობდა ნაომი, როცა რუთი ამ სიტყვებს ეტყოდა?

რუთი და ნაომი ისრაელში იმ დროს ჩავიდნენ, როცა მკა იყო გაჩაღებული. ერთხელ რუთი დაცვენილი თავთავების ასაკრეფად ერთი კაცის, ბოაზის, ყანაში წავიდა. ბოაზი რახაბის შვილი იყო. მან გაიგო, რომ რუთი მოაბელი იყო, და რომ დედამთილს გამოჰყვა ისრაელში. ბოაზმა თავის მუშებს უთხრა, რომ უფრო მეტი თავთავი დაეტოვებინათ მინდორში რუთისთვის.

იმ საღამოს ნაომიმ რუთს ჰკითხა: ვის მინდორში მუშაობდი დღეს? რუთმა უპასუხა: ბოაზის მინდორში. ნაომიმ უთხრა: ბოაზი ჩემი ქმრის ნათესავია. იმუშავე მის ყანაში სხვა ქალებთან ერთად. იქ არავინ შეგაწუხებს.

რუთი მკის დასრულებამდე ბოაზის მინდორში მუშაობდა. ბოაზი ხედავდა, რომ რუთი გამრჯე ქალი იყო და ბევრი სხვა კარგი თვისებაც ჰქონდა. იმდროინდელი წესის თანახმად, თუ ებრაელი კაცი ისე მოკვდებოდა, რომ ვაჟი არ დარჩებოდა, მისი ცოლი ქმრის რომელიმე ნათესავს უნდა შეერთო ცოლად. ამიტომ რუთი ბოაზმა შეირთო. მათ შეეძინათ შვილი, რომელსაც ობედი დაარქვეს. ობედი მოგვიანებით მეფე დავითის პაპა გახდა. გახარებული მეგობრები ნაომის ეუბნებოდნენ: დიდება იეჰოვას! მან ჯერ რუთი გაჩუქა, რომელიც თავს გევლება, ახლა კი შვილიშვილითაც გაკურთხა.

„ზოგი მეგობარი ძმაზე ახლობელია“ (იგავები 18:24)