არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 34

გედეონი ამარცხებს მიდიანელებს

გედეონი ამარცხებს მიდიანელებს

დროთა განმავლობაში ისრაელებმა ისევ აქციეს ზურგი იეჰოვას და ცრუ ღმერთებს დაუწყეს თაყვანისცემა. შვიდი წლის მანძილზე მიდიანელები ისრაელებს ყანებს უნადგურებდნენ და მათ შინაურ ცხოველებს იტაცებდნენ. მათი შიშით ისრაელები გამოქვაბულებსა და მთებში იმალებოდნენ. გამწარებული ხალხი იეჰოვას შველას სთხოვდა. ღმერთმა შეისმინა მათი ლოცვა. მან ანგელოზი გაგზავნა ერთ ახალგაზრდა კაცთან, რომელსაც გედეონი ერქვა. ანგელოზმა უთხრა მას: იეჰოვამ ამოგირჩია, რომ იხსნა ისრაელი. გედეონმა ჰკითხა ანგელოზს: მე როგორ უნდა ვიხსნა, მე ხომ არაფერს წარმოვადგენ?

როგორ უნდა მიმხვდარიყო გედეონი, რომ იეჰოვამ აირჩია ის? მან მიწაზე მატყლი დააფინა და იეჰოვას უთხრა: თუ დილით მატყლი ნამისგან დასველებული იქნება, მიწა კი მშრალი, მივხვდები, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს. მართლაც, დილით მატყლი ნამით იყო გაჟღენთილი, მიწა კი — მშრალი. გედეონმა ისევ სთხოვა ღმერთს, რომ ამჯერად მატყლი დარჩენილიყო მშრალი, მიწა კი დასველებულიყო. როცა მან ეს სასწაულიც იხილა, დარწმუნდა, რომ იეჰოვამ ნამდვილად ის აირჩია. მან შეკრიბა ჯარი და მოემზადა მიდიანელებთან საბრძოლველად.

იეჰოვამ გედეონს უთხრა: მტერს დაგამარცხებინებთ. მაგრამ ძალიან ბევრი მებრძოლი გყავს და შეიძლება იფიქროთ, რომ საკუთარი ძალით გაიმარჯვეთ. უთხარი შენს მებრძოლებს, ვისაც ეშინია, სახლში წავიდეს. 22 ათასი კაცი წავიდა სახლში, მხოლოდ 10 ათასი დარჩა გედეონთან. იეჰოვამ ისევ უთხრა გედეონს: მაინც ბევრნი ხართ. მდინარეზე ჩაიყვანე და უთხარი, წყალი დალიონ. მარტო ისინი წამოიყვანე, რომლებიც დალევის დროს ყურადღებით იქნებიან და არემარეს დააკვირდებიან. მხოლოდ 300-მა კაცმა არ მოადუნა ყურადღება წყლის დალევისას. იეჰოვა დაჰპირდა გედეონს, რომ ამ 300 კაცით დაამარცხებდა მიდიანელთა 135-ათასიან არმიას.

იმ ღამით იეჰოვამ უთხრა გედეონს: დადგა დრო, იერიშზე გადახვიდე! გედეონმა თავის მებრძოლებს საყვირები და დიდი დოქები დაურიგა. დოქებში ჩირაღდნები იყო ჩალაგებული. მან უთხრა მათ: მიყურეთ და რასაც მე გავაკეთებ, თქვენც ის გააკეთეთ. გედეონმა ჩაჰბერა საყვირს, დაამსხვრია დოქი, ანთებული ჩირაღდნის ქნევა დაიწყო და დაიყვირა: იეჰოვას მახვილი და გედეონის მახვილი! სამასივე მებრძოლმა იგივე გააკეთა. შეშინებული მიდიანელები აქეთ-იქით გარბოდნენ. ისეთი ქაოსი ატყდა, რომ მიდიანელებმა ერთმანეთის ხოცვა დაიწყეს. იეჰოვამ კიდევ ერთხელ გაამარჯვებინა ისრაელს მტერზე.

„რათა ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება, ღვთისგან იყოს და არა ჩვენგან“ (2 კორინთელები 4:7)