არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 39

ისრაელის პირველი მეფე

ისრაელის პირველი მეფე

იეჰოვამ ისრაელებს მსაჯულები დაუყენა წინამძღოლებად, მაგრამ გავიდა დრო და მათ მეფე მოინდომეს. მივიდნენ სამუელთან და უთხრეს: ჩვენ გარშემო ყველა ერს მეფე ჰყავს, ჩვენც გვინდა მეფე. სამუელი მიხვდა, რომ მათი მოთხოვნა არასწორი იყო და იეჰოვას მიმართა ლოცვით. იეჰოვამ მიუგო: ხალხმა შენ კი არ უარგყო, მე უარმყო. უთხარი მათ, რომ ეყოლებათ მეფე, მაგრამ ის ძალიან ბევრ რამეს მოსთხოვს მათ. სამუელმა გადასცა ხალხს იეჰოვას სიტყვები, მაგრამ ისინი მაინც თავისას გაიძახოდნენ: არ გვაინტერესებს, ჩვენ მეფე გვინდა!

იეჰოვამ უთხრა სამუელს, რომ ისრაელის პირველი მეფე საული გახდებოდა. როცა საული რამაში ესტუმრა სამუელს, მან მეფედ სცხო იგი და ნიშნად თავზე ზეთი დაასხა.

მოგვიანებით სამუელმა შეკრიბა ისრაელები, რათა მათთვის მეფე წარედგინა; მაგრამ ამ დროს საული ვერსად იპოვეს. იცი რატომ? ის ბარგს იყო ამოფარებული. ბოლოს, როცა იპოვეს, გამოიყვანეს და ხალხის შუაში ჩააყენეს. ის ერთი თავით მაღალი იყო ყველაზე და კარგი გარეგნობით გამოირჩეოდა. სამუელმა ხალხს მიმართა: ნახეთ, ვინ ამოირჩია იეჰოვამ?! ხალხმა შესძახა: იცოცხლოს მეფემ!

თავიდან საული ყველაფერს უჯერებდა სამუელს და იეჰოვასაც ემორჩილებოდა, მაგრამ შემდეგ შეიცვალა. მაგალითად, ერთხელ სამუელმა მას უთხრა, რომ მის მისვლამდე მსხვერპლი არ შეეწირა. სამუელს დააგვიანდა, მეფე კი მას აღარ დაელოდა და შესწირა მსხვერპლი. როგორი იყო ამაზე სამუელის რეაქცია? მან მეფეს უთხრა: ძალიან ცუდად მოიქეცი, რომ არ დაემორჩილე იეჰოვას! ისწავლა საულმა რამე ამ შემთხვევიდან?

მოგვიანებით, როცა საულმა ამალეკელების წინააღმდეგ გაილაშქრა, სამუელმა გააფრთხილა, რომ ცოცხალი არავინ დაეტოვებინა. მაგრამ საულმა დაინდო და არ მოკლა ამალეკის მეფე აგაგი. იეჰოვამ უთხრა სამუელს: საული განმიდგა, აღარ ასრულებს ჩემს სიტყვებს. სამუელი ძალიან დამწუხრდა, მივიდა საულთან და უთხრა: რაკი აღარ ემორჩილები იეჰოვას, ის სხვა მეფეს აირჩევს შენ მაგივრად. გამობრუნდა თუ არა სამუელი, სტაცა მას საულმა ხელი მოსასხამზე და გაიგლიჯა მოსასხამი. მიუბრუნდა სამუელი საულს და უთხრა: იეჰოვამ გამოგგლიჯა სამეფო და გადაწყვიტა, ის გაამეფოს, ვინც მისი მორჩილი იქნება.

„მოსმენა მსხვერპლზე უკეთესია“ (1 სამუელი 15:22)