არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 40

დავითი და გოლიათი

დავითი და გოლიათი

ერთხელ იეჰოვამ სამუელს უთხრა: წადი იესეს სახლში! მისი ერთ-ერთი ვაჟი გახდება ისრაელის შემდეგი მეფე. სამუელიც წავიდა იესესთან. როცა მისი უფროსი ვაჟი დაინახა, იფიქრა, რომ ის იქნებოდა იეჰოვას არჩეული მეფე. მაგრამ იეჰოვამ უთხრა, რომ ცდებოდა: მე ადამიანის გულს ვხედავ და არა მარტო მის გარეგნობას.

იესემ კიდევ ექვსი ვაჟი წარუდგინა სამუელს. მაგრამ სამუელმა თქვა: არც ესენი აურჩევია იეჰოვას. გყავს კიდევ სხვა ვაჟი? მყავს, ყველაზე უმცროსი, დავითი, — მიუგო იესემ, — მაგრამ სახლში არ არის, ცხვარს მწყემსავს მინდორში. როცა დავითი მოვიდა სახლში, იეჰოვამ უთხრა სამუელს: ეს არის ის, ვინც ავირჩიე! სამუელმა დავითს თავზე ზეთი დაასხა, რითაც იგი ისრაელის მომავალ მეფედ აირჩია.

გავიდა დრო. ისრაელები და ფილისტიმელები ერთმანეთთან საბრძოლველად ემზადებოდნენ. ფილისტიმელებს ჰყავდათ ერთი ბუმბერაზი მეომარი, სახელად გოლიათი. ყოველდღე გამოდიოდა გოლიათი, დასცინოდა ისრაელებს და გაჰყვიროდა: გამოიყვანეთ ვინმე, რომ შემებრძოლოს. თუ დამამარცხებს, თქვენი მონები გავხდებით. თუ მე დავამარცხებ, თქვენ გახდებით ჩვენი მონები.

იმ დღეებში დავითი ისრაელთა ბანაკში მივიდა და თავის ძმებს, რომლებიც ისრაელთა ჯარში იბრძოდნენ, საჭმელი მიუტანა. მან გაიგონა გოლიათის სიტყვები და თქვა: მე შევებრძოლები გოლიათს. მეფე საულმა უთხრა დავითს: შენ როგორ შეებრძოლები, ჯერ პატარა ბიჭი ხარ? დავითმა უპასუხა: იეჰოვა დამეხმარება.

საულს უნდოდა, რომ დავითი თავისი ჯავშნით შეემოსა, მაგრამ დავითმა უთხრა: ვერ ვიბრძოლებ ამ ჯავშნით. მან აიღო თავისი შურდული და მდინარეზე ჩავიდა. აარჩია 5 პრიალა ქვა, ჩანთაში ჩაიდო და გოლიათისკენ გაიქცა. გოლიათმა დაუყვირა: მოდი აქ, პატარა ბიჭო! ცის ფრინველებს და გარეულ მხეცებს მივუგდებ შენს თავს საჭმელად. დავითს საერთოდ არ შეშინებია. მან გასძახა გოლიათს: შენ მახვილით და შუბით გამოდიხარ, მე კი — იეჰოვას სახელით. შენ ჩვენ კი არ გვებრძვი, ღმერთს ებრძვი. ყველა დაინახავს, რომ იეჰოვა მახვილსა და შუბზე ძლიერია. ღმერთი ხელში ჩაგვიგდებს თქვენს თავს.

დავითმა ჩადო ქვა შურდულში და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მოიქნია. იეჰოვას დახმარებით მისი ნასროლი ქვა პირდაპირ შუბლში ჩაეჭედა გოლიათს და მიწაზე დაენარცხა მკვდარი. ფილისტიმელებმა გაქცევით უშველეს თავს. შენც ენდობი იეჰოვას დავითივით?

„ეს ადამიანებისთვის არის შეუძლებელი და არა ღვთისთვის. ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“ (მარკოზი 10:27)