არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 42

მამაცი და ერთგული იონათანი

მამაცი და ერთგული იონათანი

მეფე საულის უფროსი ვაჟი, იონათანი, მამაცი მებრძოლი იყო. დავითმა მასზე თქვა, რომ ის არწივზე სწრაფი და ლომზე ძლიერი იყო. ერთხელ იონათანმა მთაზე ფილისტიმელები შენიშნა და თავის საჭურველთმტვირთველს უთხრა: თუ იეჰოვა ნიშანს მოგვცემს, ავიდეთ და შევებრძოლოთ მათ. მოდი დავენახვოთ და თუ დაგვიძახეს, ამოდითო, ესე იგი, იეჰოვა გაგვამარჯვებინებს. მართლაც, ფილისტიმელებმა გადმოსძახეს, ამოდით და შევებრძოლოთო ერთმანეთს. ორივენი ავიდნენ მთაზე და 20 ფილისტიმელი მოკლეს.

იონათანი საულის უფროსი ვაჟი იყო, ამიტომ წესით მის შემდეგ ის უნდა გამეფებულიყო, იეჰოვამ კი მეფედ დავითი აირჩია. იონათანმა ეს იცოდა, მაგრამ არ შურდა მისი. უფრო მეტიც, ის და დავითი კარგი მეგობრები გახდნენ. მათ დაიფიცეს, რომ დაიცავდნენ ერთმანეთს. იონათანმა დავითს მეგობრობის ნიშნად თავისი მოსასხამი, მახვილი, მშვილდი და სარტყელი აჩუქა.

ერთხელ, როცა დავითი საულს გაურბოდა, იონათანი შეხვდა მას და უთხრა: ნუ გეშინია, გამაგრდი! იეჰოვამ შენ აგირჩია მეფედ, მამაჩემმაც კი იცის ეს. გინდა, შენც გყავდეს იონათანისნაირი მეგობარი?

იონათანმა მეგობრის გადასარჩენად არაერთხელ ჩაიგდო სიცოცხლე საფრთხეში. მან იცოდა, რომ მამამისს დავითის მოკვლა უნდოდა, ამიტომ ერთხელ უთხრა მას: ნუ შესცოდავ ღმერთს, ნუ მოკლავ დავითს. მას არაფერი დაუშავებია. ამის მოსმენაზე საული ძალიან გაბრაზდა. წლების შემდეგ საული და იონათანი ერთად დაიხოცნენ ბრძოლაში.

იონათანის სიკვდილის შემდეგ დავითმა გადაწყვიტა, მოეძებნა მისი ვაჟი, მეფიბოშეთი. როცა იპოვა, უთხრა: მამაშენი ჩემი კარგი მეგობარი იყო, ამიტომ მთელი შენი სიცოცხლის მანძილზე მე ვიზრუნებ შენზე. ჩემს სასახლეში იცხოვრებ და ჩემი სუფრიდან შეჭამ პურს. დიახ, დავითს არასოდეს დავიწყებია თავისი მეგობარი იონათანი.

„გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ. იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს მეგობრებისთვის“ (იოანე 15:12, 13)