არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 45

სამეფო გაიყო

სამეფო გაიყო

ისრაელში მშვიდობა იყო მანამ, სანამ სოლომონი იეჰოვას სცემდა თაყვანს. მაგრამ მან ცოლად მოიყვანა ბევრი უცხოელი ქალი, რომლებიც კერპებს ეთაყვანებოდნენ. ნელ-ნელა სოლომონი შეიცვალა და მანაც კერპების თაყვანისცემა დაიწყო. იეჰოვა ძალიან გაბრაზდა სოლომონზე და უთხრა: წაგართმევ სამეფოს და ორად გავყოფ! დიდ ნაწილს შენს მსახურს მივცემ, შენს შთამომავლებს კი მხოლოდ მცირე ნაწილს დავუტოვებ!

ღმერთმა სხვა შემთხვევაშიც გაამჟღავნა, რომ ასე ჰქონდა გადაწყვეტილი. ერთხელ სოლომონის ერთ-ერთი მსახური, იერობოამი, გზაში წინასწარმეტყველ ახიას შეხვდა. ახიამ თავისი მოსასხამი 12 ნაწილად დახია და იერობოამს უთხრა: იეჰოვა წაართმევს სოლომონს ისრაელის სამეფოს და ორ ნაწილად გაყოფს. აიღე 10 ნაგლეჯი, რადგან შენ გახდები 10 ტომის მეფე. ეს ამბავი გაიგო მეფე სოლომონმა და გადაწყვიტა, მოეკლა იერობოამი. ამიტომ ის ეგვიპტეში გაიქცა. გავიდა დრო და მოკვდა სოლომონი. მის შემდეგ მისი ვაჟი რობოამი გამეფდა. ეგვიპტეში გაქცეული იერობოამი ისრაელში დაბრუნდა, რადგან იფიქრა, რომ საფრთხე აღარ ელოდა.

ისრაელის უხუცესებმა რობოამს უთხრეს: თუ ხალხს კარგად მოექცევი, ისინი შენი ერთგულები იქნებიან. ახალგაზრდა მეგობრებმა კი მას ასეთი რამ ურჩიეს: ხალხს მკაცრად უნდა მოექცე. უფრო დაუმძიმე სამუშაო. რობოამმა ახალგაზრდების რჩევა გაითვალისწინა და ხალხს სასტიკად ექცეოდა. ამის გამო ისრაელის ათი ტომი განუდგა მას. მათ თავიანთ მეფედ იერობოამი აირჩიეს. ათტომიანი სამეფო ისრაელის სამეფოს სახელით გახდა ცნობილი. დანარჩენ 2 ტომს, რომელიც რობოამის ერთგული დარჩა, იუდას სამეფო ეწოდა. ასე გაიყო ისრაელის 12 ტომი ორ ნაწილად.

იერობოამს არ სურდა, რომ მის ხალხს თაყვანსაცემად იერუსალიმში ევლო, ვინაიდან იერუსალიმი რობოამის სამეფოში მდებარეობდა. იცი, რატომ არ უნდოდა ეს? ეშინოდა, რომ ხალხი ზურგს შეაქცევდა მას და ისევ რობოამს დაუბრუნდებოდა. ამიტომ მან ორი ოქროს ხბო გააკეთა და ხალხს უთხრა: იერუსალიმი ძალიან შორს არის. აქ ეცით ღმერთს თაყვანი. ხალხმაც ოქროს ხბოებს დაუწყო თაყვანისცემა. მათ ისევ დაივიწყეს იეჰოვა.

„ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან. რა კავშირი აქვს სიმართლეს უკანონობასთან? . . . ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?“ (2 კორინთელები 6:14, 15)