არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 50

იეჰოვა იცავს იეჰოშაფატს

იეჰოვა იცავს იეჰოშაფატს

იუდას მეფე იეჰოშაფატმა გაანადგურა ბაალის სამსხვერპლოები და კერპები. მას სურდა, რომ ხალხს სცოდნოდა იეჰოვას კანონები. ამიტომ მეფემ მთელ იუდაში მთავრები და ლევიანები დაგზავნა, რომ მათ ხალხისთვის იეჰოვას კანონები ესწავლებინათ.

იუდას გარშემო მცხოვრებმა ერებმა იცოდნენ, რომ იეჰოვა ეხმარებოდა თავის ხალხს, ამიტომ ისინი ვერ ბედავდნენ იუდაზე თავდასხმას. მათ საჩუქრებიც კი მიჰქონდათ მეფე იეჰოშაფატთან. თუმცა გავიდა დრო და იუდას წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდნენ მოაბელები, ამონელები და სეირის მკვიდრნი. იეჰოშაფატმა იცოდა, რომ დასახმარებლად იეჰოვასთვის უნდა მიემართა. მან იერუსალიმში შეკრიბა კაცები, ქალები, ბავშვები და მათ წინაშე ილოცა: იეჰოვა, შენ გარეშე ვერაფერს გავხდებით. მტერი დაგვამარცხებს. გთხოვ, გვითხარი, როგორ მოვიქცეთ.

იეჰოვამ უპასუხა მის ლოცვას: ნუ გეშინიათ, მე დაგეხმარებით! დადექით, იდექით და იხილეთ, როგორ გიხსნით! გაინტერესებს, როგორ იხსნა იეჰოვამ თავისი ხალხი?

დილით იეჰოშაფატმა შეკრიბა მომღერლები და დაავალა, რომ მეომრებს წინ გაძღოლოდნენ. მთელი ჯარი იერუსალიმიდან ბრძოლის ადგილისკენ, თეკოასკენ დაიძრა.

გახარებული მომღერლები ხმამაღალი სიმღერით განადიდებდნენ იეჰოვას, იეჰოვა კი იბრძოდა თავისი ხალხისთვის. მან ისეთი არეულობა ჩამოაგდო ამონელთა და მოაბელთა ბანაკებში, რომ ისინი ერთმანეთს დაერივნენ. ერთი მათგანიც კი არ გადარჩენილა. ღმერთმა დაიცვა იუდა, მათი მებრძოლები და მღვდლები. მეზობელმა ერებმა გაიგეს, რაც იეჰოვამ მოიმოქმედა და მიხვდნენ, რომ ის კვლავინდებურად იცავდა თავის ხალხს. როგორ იცავს იეჰოვა თავის ხალხს? მრავალი გზით. მას ამ საქმეში არ სჭირდება ადამიანის დახმარება.

„ამჯერად თქვენ არ მოგიწევთ ბრძოლა. დადექით, იდექით და იხილეთ, როგორ გიხსნით იეჰოვა!“ (2 მატიანე 20:17)