არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 51

მეომარი და პატარა გოგონა

მეომარი და პატარა გოგონა

სირიაში, თავისი ქვეყნიდან ძალიან შორს, ცხოვრობდა ერთი პატარა ისრაელი გოგონა. სირიელმა მეომრებმა ის ოჯახს მოსწყვიტეს და თავიანთ ქვეყანაში წაიყვანეს. იქ გოგონა მოსამსახურედ დაიყენა სირიელთა ჯარის მხედართმთავრის, ნაამანის, ცოლმა. პატარა გოგონა იეჰოვას სცემდა თაყვანს, მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ყველა ცრუ ღმერთებს ეთაყვანებოდა.

ნაამანს კანის საშინელი დაავადება ჰქონდა და ტკივილებით იტანჯებოდა. გოგონას ეცოდებოდა ის და მთელი გულით უნდოდა მისი დახმარება. მან ნაამანის ცოლს უთხრა: ვიცი, ვისაც შეუძლია თქვენი ქმრის განკურნება. ისრაელში არის იეჰოვას ერთი წინასწარმეტყველი, რომელსაც ელისე ჰქვია. ის აუცილებლად გამოაჯანმრთელებს თქვენს ქმარს.

ცოლმა ყველაფერი უამბო ნაამანს. ისიც წავიდა ისრაელში ელისესთან, რადგან ძალიან უნდოდა გამოჯანმრთელება. ნაამანი ელოდა, რომ ელისე მას დიდი პატივით დახვდებოდა. მაგრამ ელისე პირადად არ შეხვედრია მას, მხოლოდ თავისი მსახური გაუგზავნა, რომელმაც გადასცა ნაამანს: წადი, შვიდჯერ დაიბანე მდინარე იორდანეში და განიკურნები.

ნაამანი იმედგაცრუებული დარჩა. მან თქვა: მეგონა, მოვიდოდა ეს წინასწარმეტყველი, თავის ღმერთს მოუხმობდა, ხელს მომატარებდა და განმკურნავდა. ის კი მეუბნება, წადი და ისრაელის მდინარეში იბანავეო. განა სირიაში უკეთესი მდინარეები არა გვაქვს?! რატომ უნდა ვიბანაო იორდანეში? ის გაბრაზებული წამოვიდა ელისესგან.

ნაამანს თავისმა მსახურებმა სთხოვეს, დაფიქრებულიყო ელისეს სიტყვებზე. მათ უთხრეს თავიანთ ბატონს: განა ყველაფერს არ გააკეთებდი, რომ განკურნებულიყავი?! რატომ ამბობ უარს, ეს წინასწარმეტყველი ხომ რთულს არაფერს გეუბნება? ნაამანმა მოუსმინა თავის მსახურებს. წავიდა, მდინარე იორდანეში შვიდჯერ ჩაყვინთა და წყლიდან სრულიად ჯანმრთელი ამოვიდა. ის იმდენად მადლიერი და გახარებული იყო, რომ ელისესთან დაბრუნდა მადლობის სათქმელად. მან უთხრა წინასწარმეტყველს: „ახლა უკვე ვიცი, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი“. შენი აზრით, რას იგრძნობდა პატარა ისრაელი გოგონა, როცა ნაამანი სახლში სრულიად განკურნებული დაბრუნდებოდა?

„ჩვილები და ძუძუთა ბავშვები აალაპარაკე შენ საქებრად“ (მათე 21:16)