არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 53

გაბედული იეჰოიადა

გაბედული იეჰოიადა

იზებელს ჰყავდა ქალიშვილი, სახელად ათალია, რომელიც დედამისივით ბოროტი იყო. ათალია იუდას მეფეზე იყო დაქორწინებული. ქმრის სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟი გამეფდა, მაგრამ მალე ისიც მოკვდა. ამის შემდეგ ათალიამ თავი დედოფლად გამოაცხადა და გაანადგურა სამეფო შთამომავლობა, აგრეთვე ყველა, ვინც მას შეიძლებოდა მეფობაში შესცილებოდა, საკუთარი შვილიშვილებიც კი. ყველას ეშინოდა მისი.

მღვდელმთავარმა იეჰოიადამ და მისმა ცოლმა იეჰოშებამ იცოდნენ, რომ, რასაც ათალია აკეთებდა, დიდი ბოროტება იყო. მათ საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს, როცა ათალიას ერთ-ერთი შვილიშვილი, პატარა იეჰოაში, გადამალეს. შემდეგ კი ისინი ბავშვს ტაძარში ზრდიდნენ.

როცა იეჰოაშს შვიდი წელი შეუსრულდა, იეჰოიადამ შეკრიბა ყველა თავკაცი და ლევიანი და უთხრა: დადექით ტაძრის ყველა კართან და არავინ შემოუშვათ შიგნით. შემდეგ იეჰოიადამ იეჰოაში იუდას მეფედ სცხო და თავზე გვირგვინი დაადგა. გახარებული იუდეველები გაჰყვიროდნენ: „იცოცხლოს მეფემ!“

დედოფალ ათალიას ხმაური შემოესმა და სასწრაფოდ ტაძრისკენ გაიქცა. ახალი მეფე რომ დაინახა, დაიყვირა: „შეთქმულებაა! შეთქმულება!“ თავკაცებმა ხელი სტაცეს ბოროტ დედოფალს, ცოტა მოშორებით გაიყვანეს და მოკლეს. მაგრამ, რის თქმა შეიძლება თავად ერზე, რომელიც ამ ბოროტი ქალის ზეგავლენაში იყო მოქცეული?

მღვდელ იეჰოიადას დახმარებით მათ შეთანხმება დაუდეს იეჰოვას, რომ მხოლოდ მას სცემდნენ თაყვანს. იეჰოიადამ დაანგრია ბაალის ტაძარი და დაამსხვრია კერპები. ტაძარში მსახურების შესასრულებლად მან მღვდლები და ლევიანები დანიშნა, რათა ხალხს კვლავ იქ ეცა იეჰოვასთვის თაყვანი. მან ტაძართან დააყენა მცველები, რომ არც ერთი გაუწმინდურებული არ შესულიყო შიგნით. შემდეგ იეჰოიადამ და მთავრებმა იეჰოაში სასახლეში გადაიყვანეს და სამეფო ტახტზე დასვეს. იუდეველებმა ძალიან გაიხარეს, რადგან უკვე შეეძლოთ იეჰოვასთვის ეცათ თაყვანი. როგორც იქნა, მათ თავი დააღწიეს ბოროტ დედოფალს და გათავისუფლდნენ ბაალის თაყვანისმცემლობისგან. ხედავ, იეჰოიადას გაბედულებამ რამდენ ადამიანს მოუტანა სიკეთე?!

„ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია. იმისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც“ (მათე 10:28)