არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 57

იეჰოვა იერემიას საქადაგებლად გზავნის

იეჰოვა იერემიას საქადაგებლად გზავნის

იეჰოვამ იერემია აირჩია წინასწარმეტყველად, რათა იუდაში წასულიყო და ექადაგა. მას უნდა გაეფრთხილებინა ხალხი, მიეტოვებინათ ცუდი საქმეები. იერემიამ ღმერთს უთხრა: იეჰოვა, მე ხომ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ. არ ვიცი, ხალხს როგორ ველაპარაკო. იეჰოვამ მიუგო: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები! მე გეტყვი, რაც უნდა ილაპარაკო.

იეჰოვამ დაავალა იერემიას, შეეკრიბა უხუცესები, მათ თვალწინ დაემსხვრია თიხის დოქი და ეთქვა, რომ იერუსალიმიც ასე დაიმსხვრეოდა. იერემიამაც შეასრულა ღვთის დავალება. ამან უხუცესები ძალიან გააბრაზა. ერთმა მღვდელმა, რომელსაც ფაშხური ერქვა, იერემიას გაარტყა და ხელებზე და ფეხებზე ხის ბორკილები დაადო. იერემია მთელი ღამე ერთ ადგილზე იყო გაშეშებული და ვერ ინძრეოდა. მეორე დღეს ფაშხურმა გაათავისუფლა ის. იერემიამ თქვა: მორჩა, მეტი აღარ შემიძლია, ქადაგება უნდა შევწყვიტო. მაგრამ, მართლა შეწყვიტა მან ქადაგება? არა. როცა იერემია უფრო მეტად დაფიქრდა ღვთის დავალებაზე, თქვა: იეჰოვას ცნობა ჩემს გულში ცეცხლივით არის. არ შემიძლია, რომ არ ვიქადაგო. ამიტომ მან განაგრძო ქადაგება და ხალხის გაფრთხილება.

გავიდა დრო და იუდაში ახალი მეფე გამეფდა. მღვდლებსა და ცრუწინასწარმეტყველებს არ სიამოვნებდათ ის, რასაც იერემია ქადაგებდა, ამიტომ მთავრებს უთხრეს: ეს კაცი სიკვდილის ღირსია. იერემიამ კი თქვა: თუ მომკლავთ, იცოდეთ, რომ უდანაშაულო კაცის ცოდვას დაიდებთ. მე ჩემს სიტყვებს კი არა, იეჰოვას სიტყვებს ვლაპარაკობ. ამის მოსმენაზე მთავრებმა თქვეს: არა, ეს კაცი ნამდვილად არ იმსახურებს სიკვდილს.

იერემიამ კვლავ განაგრძო ქადაგება, რამაც უკვე მთავრებიც გააღიზიანა. ისინი მეფესთან მივიდნენ და სთხოვეს, იერემია სიკვდილით დაესაჯა. მეფემ მათ უთხრა: წადით და რაც გინდათ, ის უყავით მაგ კაცს. მთავრებმაც შეიპყრეს იერემია და ღრმა, ტალახიან ჭაში ჩააგდეს, რომ მომკვდარიყო. ის ნელ-ნელა ეფლობოდა ტალახში.

ებედ-მელექმა, რომელიც მეფის სასახლეში მსახურობდა, მეფეს უთხრა: მთავრებმა იერემია ჭაში ჩააგდეს, მეფეო. თუ იქიდან არ ამოვიყვანთ, მოკვდება. მეფემ უბრძანა ებედ-მელექს, წაეყვანა 30 კაცი და იერემია ჭიდან ამოეყვანა. როგორც ხედავ, იერემიას ვერაფერმა შეუშალა ხელი ქადაგებაში. გინდა, რომ მიჰბაძო მას?

„ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო, ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება“ (მათე 10:22)