არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 62

სამეფო, რომელიც დიდ ხეს ჰგავს

სამეფო, რომელიც დიდ ხეს ჰგავს

ერთხელ ღამით ნაბუქოდონოსორმა საშიში სიზმარი ნახა. მან დაიბარა ბრძენკაცები, რომ მისთვის სიზმარი აეხსნათ, მაგრამ ეს ვერავინ შეძლო. ბოლოს მეფემ დანიელს მოუხმო.

ნაბუქოდონოსორმა დანიელს უთხრა: ხე დამესიზმრა. ის იმსიმაღლე გაიზარდა, რომ ცას მისწვდა და დედამიწის ყველა კუთხიდან ჩანდა. ხეს ლამაზი ფოთლები ჰქონდა და ბევრი ნაყოფი ესხა. მის ჩრდილში ცხოველები ისვენებდნენ, მის ტოტებში კი ჩიტები ბუდეებს იკეთებდნენ. შემდეგ ციდან ანგელოზი ჩამოვიდა და დაიძახა: მოჭერით ეს ხე და აკაფეთ მისი ტოტები! მისი მთავარი ფესვი მიწაში დატოვეთ და რკინისა და სპილენძის ბორკილები დაადეთ! ადამიანის გული, რომელიც იმ ხეს აქვს, მხეცის გულით შეიცვლება სანამ შვიდი დრო არ გაივლის. ყველა ხალხი გაიგებს, რომ ღმერთი მმართველობს და სამეფოს იმას აძლევს, ვისაც მოისურვებს.

იეჰოვამ აუხსნა დანიელს სიზმრის მნიშვნელობა, რამაც თავად დანიელი ძალიან შეაშინა. მან ნაბუქოდონოსორს უთხრა: ო, მეფეო, ნეტა შენს მტრებს ეხებოდეს ეს სიზმარი, მაგრამ ის შენ გეხება. დიდი ხე, რომელიც მოჭრეს, შენა ხარ. სამეფოს დაკარგავ და გარეული ცხოველივით ბალახს შეჭამ მინდორში. მაგრამ ისევ დაგიბრუნდება სამეფო, რადგან ანგელოზმა თქვა, რომ ხისთვის ძირკვი და ფესვები დაეტოვებინათ.

ერთი წლის შემდეგ ნაბუქოდონოსორი სასახლის ბანზე სეირნობდა და ბაბილონის სილამაზით ტრაბახობდა. ის ამბობდა: შეხედეთ, რა დიდებული ქალაქი ავაშენე! ნახეთ, რა ძლიერი ვარ! ლაპარაკი არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ზეციდან ხმა გაისმა: ნაბუქოდონოსორ, ახლავე დაკარგავ სამეფოს!

მოულოდნელად ნაბუქოდონოსორს გონება აერია და გარეულ ცხოველს დაემსგავსა. ამის გამო მას სასახლე დაატოვებინეს. ის მინდორში ცხოვრობდა გარეულ ცხოველებთან. მას თმები ისე გაეზარდა, რომ არწივის ბუმბულივით გაუხდა, ფრჩხილები კი — ფრინველის კლანჭებივით.

შვიდი წლის შემდეგ ნაბუქოდონოსორს ჭკუა დაუბრუნდა. იეჰოვამ მას ისევ დაუბრუნა სამეფო. ნაბუქოდონოსორმა თქვა: ვაქებ და ვადიდებ იეჰოვას, ზეციერ მეფეს! ახლა ვიცი, რომ იეჰოვაა მმართველი და მის ხელშია ყველაფერი. ის ამდაბლებს ამაყ ადამიანებს და იმას აძლევს სამეფოს, ვისაც მოისურვებს.

„სიამაყე წინ უძღვის დაცემას, ამპარტავნობის სული — წაბორძიკებას“ (იგავები 16:18)